„მე მზეობას ვაწვები, ვარსკვლავებთან არ მინდა“ – ვინ არის გიორგი გილიგაშვილის მუზა

118
SHARE

მისი მზე „იმედის“ ეკრანიდან ამობრწყინდა და, სავარაუდოდ, „იმედის“ ტელეეთერშივე გაუწევს კონკურენციას ვარსკვლავებს. რომ არ დაგაბნიოთ, მარტივად გეტყვით, გიორგი გილიგაშვილი, უკვე ცნობილი მეტსახელით „ჩემმა მზემ“, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იცეკვებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმმა“ სანდო წყაროსგან შეიტყო და ამ ამბის პირველ პირთან გადაამოწმა.

– გიორგი, გავიგეთ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდები მონაწილის სახით…

– ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი. თუმცა შემოთავაზება იყო. მე მზეობას ვაწვები, ვარსკვლავებთან არ მინდა (იცინის). მოკლედ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, ძალიან დაკავებული ვარ. ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლზე ვარ დამტკიცებული. ჩემს სიმღერაზე კლიპს ვიღებ. არ ვიცი, როგორ მოვახერხებ, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ეს იმდენად ახალი ამბავია, თქვენ საიდან იცით, გამიკვირდა კიდეც. გადაწყვეტილების მიღება ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად დამირეკეთ (იცინის).

– ცეკვის მხრივ, გამოცდილება გაქვთ?

– ბავშვობაში ხომ ყველა ვცეკვავდით. ფოტოებიც არის შემორჩენილი. მექართულე ვარ. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ 4 წლის ვიყავი, ჩემს დასთან ერთად ქართულს რომ ვცეკვავდი. თეთრი ჩოხა მაცვია, ძალიან სხვანაირი და სასაცილო ბავშვი ვარ ამ ფორმაში.

– რამდენი წელი ცეკვავდით?

– არ ვიცი ზუსტად, მაგრამ შინაგანად ქართული ყველაფერი მიყვარს.

– ფილმი ახსენეთ, რა ფილმზე საუბრობდით?

– „საქართველო“ ჰქვია ფილმს. ახლახან გამომიგზავნეს სცენარი და ვეცნობი. ნიკოლოზ ხომასურიძე გახლავთ რეჟისორი, საყვარელი, ეროვნული კაცი, „ექვთიმეს“ რეჟისორი. ასე რომ აზროვნებენ ქართველები, ეს მაიმედებს. ჩემი სულიერი ძმაა ნიკოლოზი. რაც გავიცანი, დრო არ დამჭირვებია მის შესაყვარებლად.

 ვინ იქნება თქვენი გმირი?

– მე ჩამომგავს. სცენარი ბოლომდე არაა დასრულებული, არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, გიამბოთ თუნდაც ჩემი გმირის შესახებ. ჯერ ბოლომდე არ ვარ გადავარდნილი, ახლა ვაპირებ, გადავვარდე იმ პოეზიაში, რასაც კინოხელოვნება ჰქვია. თან ჩემს კლიპს ვიღებ და ნიკოლოზი მეხმარება გადაღებაში. არა მხოლოდ ის, ჩემი ირაკლი მაქაცარია, დიდი ქართველი ძმა. ვფიქრობ, ეროვნულად მოაზროვნე ქართველები რომ გავერთიანდეთ, ჩვენი სახელმწიფო დედამიწისთვის სარგო იქნება.

– სიმღერაზეც მიამბეთ, რომელზეც კლიპს იღებთ…

– სამშობლოზეა ჩემი სიმღერა. მუსიკაც და ტექსტიც რამდენიმე წლის წინათ დავწერე. სიმღერა ჩავწერე რუსთაველის სტუდიაში თემურ სიხარულიძესთან, ჩემს უფროს მეგობართან. გუფი დამეხმარა, თავის ბიჭებთან – „გუფი ლენდთან“ ერთად.

– როგორი იქნება ვიდეორგოლი?

– მე მგავს, გადარეულია… არა აქვს სიყვარულს საზღვარი. რომ მეკითხებიან, შეყვარებული ხარო? დადებითი პასუხი მაქვს ყოველთვის. როცა სახელსა გვარს მეკითხებიან, ასე ვპასუხობ: სამშობლოზე ვარ შეყვარებული-მეთქი. ჩემსა და ჩემს სამშობლოს შორის სიყვარული ასე გამოვხატე, სიმღერა დავწერე, მერე ჩავწერე და ხმის იოგები დავტოვე ხმის ჩამწერ სტუდიაში (იცინის).

– ჟანრი?

– ჩემი ჟანრია. რომ ვეკითხები მუსიკოსებს, ეს რა ჟანრია-მეთქი, შენი ჟანრიაო, ასე მპასუხობენ. მე ჩემი ჟანრი მაქვს, „ჩემმა მზემური“.

– კლიპში რომელიმე ცნობილი სახე გამოჩნდება?

– კი, გიორგი ალექსანდრეს ძე გილიგაშვილი (იცინის).

– კიდევ?

– ერთი მშვენიერიც გამოჩნდება. ჩემი მუზაა, ახლა საქართველოში არაა, მილანის „მოდის კვირეულზეა“. მის ჩამოსვლას ველოდებით.

– ე.ი. წარმატებული ქართველი მოდელია?

– მოდელია, დელია (იცინის).

– ასეთი სიტყვაძუნწი არ მახსოვხართ, ადრე უფრო გახსნილი იყავით.

– შენდობა. სხვის საქმეს როცა ეხება, არ მინდა უნებლიეთ გავცე ვინმე.

– ბოლო კითხვას დავსვამ, ისევ „ცეკვავენ ვარსკვლავებთან“ დაკავშირებით… ხომ არ იცით უკვე, ვინ იქნება თქვენი მეწყვილე ამ პროექტში?

– არა, არა, ასე დაწვრილებით არ განგვიხილავს ეს საკითხი.

– გადაწყვეტილებაც არ მიგიღიათ ჯერ?

– კაცი სიტყვის მიცემისგან უღონო არს, ასე რომ, უფალმა იცოდეს ხვალინდელი დღისა. მე დღევანდელი დღის მადლი მახარებს.

– დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

– თავად გმადლობ. ვეცადე, გულწრფელი ვყოფილიყავი, სადამდეც შევძელი

წყარო:http://primetime.ge/news/

Comments

comments