“მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან”

664
SHARE

ზოგადად, შვილის გაზრდა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს ტყუპების, რომელთაც, როგორც ამბობენ, ერთმანეთის მიყოლებით ან ერთდროულად უჩნდებათ მოთხოვნები და სურვილები. მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილს, სრულიად გამოუცდელს, ასე ვთქვათ, “პირველ შვილად” ტყუპი ბიჭი მოევლინა. დღეს მისი შვილები 11 წლისანი არიან და არაჩვეულებრივად მღერიან. მაია დედის ამპლუაში ჩავწერეთ.
– დედა 23 წლის ასაკში გავხდი და რა თქმა უნდა, მაშინვე ვერ გავაცნობიერე, მეტიც, ალბათ დღემდე არ მაქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო დედა. ორსულობის პერიოდში რომ გავიგე, ტყუპს ველოდი, თავიდან შოკში ვიყავი, მაგრამ მათ დაბადებამდე გავითავისე ეს ყველაფერი. პირველ შვილებად, გამოუცდელს რომ ტყუპი გიჩნდება, რასაკვირველია, რთულია.

– ბავშვების გაზრდაში ვინ გეხმარებოდათ?
– დედა და და, ფაქტობრივად მათი გაზრდილები არიან. მოგეხსენებათ, ტყუპის გაზრდა ადვილი არაა, ამიტომ ჩემთან ერთად ბევრი ხალხი იყო ჩართული.

– ტყუპზე ამბობენ, ერთად შივდებათ, ერთად ეძინებათ, ერთად უნდებათ ყველაფერი და ეს კიდევ ართულებს მათ გაზრდასო. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– ჩემები არ არიან იდენტური ტყუპები, ამიტომ ერთდროულად არ უჩნდებათ რაღაცების კეთების სურვილი. თუმცა თუ ერთი ცუდად ხდებოდა, მეორე დღეს – მეორეც არ “ჩამორჩებოდა”, ანუ ერთი დღე ჰქონდათ შუალედი. ზოგადად, შვილის გაზრდა მარტივი არაა, მით უმეტეს ტყუპის, მაგრამ ეს სირთულე ბავშვებს არ უგრძნიათ, ნერვიულობა, შიშები, პასუხისმგებლობა – ეს გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ თან ახლავს შვილების გაზრდას. დღეს ჩემი შვილები 11 წლისები არიან დ ვერ ვიტყვი, რომ ახლა მომეხსნა თუნდაც შიშები, ახლა უფრო მეშინია და ალბათ დაუსრულებლად ასე იქნება.

– გარდატეხის ასაკში შედიან თქვენი შვილები, ამჩნევთ უკვე სირთულეებს?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მუსიკოსები არიან, განსხვავებული ხასიათები აქვთ ისედაც. რაც შეეხება გარდატეხის ასაკს, ვიცი, რომ ზედმეტად არ უნდა გავაღიზიანო, არ უნდა ვუყვირო, წინააღმდეგობაში არ უნდა შევიდე მათთან, ამას ჯობია მეგობრულად დაველაპარაკო და ასეც ვიქცევი.

– რა აკრძალვები და მოთხოვნები გაქვთ შვილებთან? თუ დგება მათი დასჯის საჭიროება და როგორია თქვენეული მეთოდი…
– გამორიცხულია, რომელიმე დავსაჯო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ, არ მიყვარს კუთხეში დადგომის მსგავსი პრინციპები და მიდგომები. ჯობია, თავისუფლად იყვნენ და მერე თვითონ უფრო კარგად მიხვდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ, თუნდაც ჩემთან მიმართებაში. რაღაცების ძალით გაკეთება, ეს უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან თუ არ უნდა, ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ.

– სწავლის თემა როგორ დგას ბიჭებთან?
– დათუნას, რომელიც უნიკლაური მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოვებული, ამას ვამბობ, როგორც მუსიკოსი და არა როგორც დედა, არ ესმის მათამატიკა, ნუ ვერ იგებს. დაბალი ნიშანი გამოჰყვა, მაგრამ ამაზეც არ მაქვს პრობლემა, იმიტომ, რომ მიმაჩნია, ბავშვს რისი მოთხოვნილებაც აქვს, ის უნდა აკეთოს, მე ვერ დავაძალებ ვერაფერს. (შეგიძლიათ მოუსმინოთ ლევან ლაზარიშვილისა და მაია კაჭკაჭიშვილის ტყუპი ბიჭის სიმღერას.)

– ამით ყველაფერი ნათქვამია… მშობლებს ჩვენი მზრუნველობის, შიშების, ნერვიულობის გამო, გვიჭირს, შვილებს მივცეთ დამოუკიდებლობა. თქვენ როგორ ხართ ამ საკითხში?
– აი, ამ საკითხში მოვიკოჭლებ, ძალიან მეშინია და  ვერ ვუშვებ ვერსად, თუ არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ვენდობი და ვანდობ ჩემს შვილებს. ბავშვებს ძალიან სწყინთ ჩემი ასეთი მიდგომა, შეიძლება მთელი ღამე იტირონ, რომ ვერ ვუშვებ სადღაც, მაგრამ რა ვქნა?!

– რა რჩევას მისცემთ მშობლებს თქვენი გამოცდილებიდან?
– არ ჩაერიონ შვილების ემოციებში, არ შეიძლება პირადი სივრცის დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, ამას ვინ აკეთებს, დედა თუ სხვა. დედა აჩენს შვილს, მაგრამ ის დამოუკიდებელი ინდივიდია. დედამ და მამამ ისე უნდა აკონტროლონ, რომ შვილებისთვის შეუმჩნეველი იყოს. რჩევები, მაგალითები, ისტორიები – კარგი საშუალებაა ბავშვთან სასაუბროდ, იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს და გაიაზროს, რა არის კარგი და რა – ცუდი. ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ დააძალებს, ბავშვმა ყველაფერი უნდა აკეთოს თავისი სურვილით. მაგალითად, დაჰყავთ ცეკვაზე და არ უნდა ბავშვს და იტანჯება. ეს არ შეიძლება, დიალოგი აუცილებელია, ბავშვს უნდა ჰკითხოთ, რა უნდა და მისი სურვილის მიხედვით იმოქმედოთ. მე მინდა, ჩემმა შვილმა ეს გააკეთოს – არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ჩემი ძირითადი მოთხოვნა შვილების მიმართ არის ის, რომ არ ინდა იყვნენ ბოღმიანები, სამაგიერო არ გადაუხადონ ვინმეს, იყვნენ კეთილები.

– ის ფაქტორი, რომ მამა შორსაა, ბავშვებზე მოქმედებს?
– მამა შორს არაა, თბილისშია და სულ ბავშვებთანაა. ყოველდღე ნახულობენ მამასაც და დედასაც. ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნით ბავშვები არ დაგვიზარალებია, მე და ლევანს ცოლ-ქმარი არ გვქვია, თორემ სხვა მხრივ, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ბავშვები საერთოდ ვერ გრძნობენ, თუ დედა და მამა დაშორებულები არიან. როცა ორ ადამიანს აღარ აქვს სექსუალური კავშირი, მათ აღარ ჰქვიათ ცოლ-ქმარი ან პარტიორები, თორემ მშობლებად რჩებიან თავისი მოვალეობებითა და პასუხისმგებლობებით. მთავარია ის, რომ ბავშვებს დედაც და მამაც ჰყავთ სახეზე, დანარჩენი ჩვენი პრობლემაა.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი