“მე არ მინახავს კაცი, რომელიც ქალს ასე ექცევა”, – ავტოავარიაში დაღუპული ნიკა გუჯეჯიანის შეყვარებულის ემოციური პოსტი

1864
SHARE

15 მარტს, გომბორზე, ავტოავარიის შედეგად საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი, ნიკა გუჯეჯიანი გარდაიცვალა. გუჯეჯიანის შეყვარებულმა, ანანო ბაკურაძემ, გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.
” არ ვიცი, ამის ძალას ახლა სად ვპოულობ, მაგრამ ფაქტია, რომ გწერთ ყველა გოგოს, რომელსაც გეშინიათ და ყველა ბიჭს, რომელიც კაცი უნდა იყოთ და მაინც უფრო გოგოებს, ჩემო საყვარლებო. მეც და ნიკაც უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძოდით, ყოველ წუთსს და ყველანაირი გადამეტების გარეშე. ერთად ყველაფერი შეგვეძლო. 27 წლის გავხდებოდით ორივე მალე და იმდენი, რამდენიც ამ პატარა ასაკში ჩვენ ორმა მოვასწარით, ძალიან ცოტა ვიცი, ან არც ვიცი; ნიკამ კიდევ უფრო ბევრი, ვიდრე – მე. მე და ნიკუშამ ერთმანეთი საქმეზე გავიცანით და ძალიან ბევრი თვის მანძილზე ვმუშაობდით ერთად და დავმეგობრდით. მერე ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ათუკას რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და არის, და თან 4 წელი ჩემი მეუღლე იყო, გავშორდი. გავშორდით არა იმიტომ, რომ მიღალატა; არა იმიტომ რომ ვუღალატე; არა იმიტომ რომ მცემდა – არა, არა და არა. გავშორდით იმიტომ ,რომ ერთად ცხოვრება აღარ გამოგვდიოდა. დამშეული საზოგადოება მიზეზებს მთხოვდა. რატომ, რა მოხდა? ასეთი ბიჭი და ასეთი გოგო? რა მოგივიდათ, კი მაგრამ, ყველაფერი გქონდათ. შერიგდით. შეურიგდი.
შერიგებას არც არავინ მთხოვდა. ათუკამაც იცოდა, სადღაც რომ ასე იყო სწორი. ამ საზოგადოებას ბიჭი ეცოდებოდა. მე არ მჭირდება, არც ახლა, არავის შეცოდება. მე ეგ არ ვარ. მაგრამ მე მწირავდნენ, იმას იბრალებდნენ. არადა, ვინ იცის სინამდვილე? “არადა, ვის აქვს ნება, იცქიროს უცხო ფარდების იქით?” არ დამავიწყდება – ადამიანი, რომელიც ჩემი ძალიან ახლობელი, ჩემი გულშემატკივარი მეგონა მოვიდა და პირველი მკითხა – ჰა, ახლა ვინ გყავს, თქვიო. ძალიან ბოროტულად.
მოკლედ, სულ რამდენიმემ შეინარჩუნა თავი. და მადლობა ცხოვრებას ახალი გაკვეთილისთვის. საზოგადოებას მიზეზები სჭირდება. მერე შეგიცოდებენ, მერე მოგეფებიან. ეჭვებში თუ დატოვე პირდაპირი მნიშვნელობით-დაგენძრა. მოკლედ, საშინელი ტკივილები, გულისტკენები, იმედგაცრუებები გამოვიარე. როცა ათუკამ დამირეკა, ხელი გავაწეროთო, წავედით და გავაწერეთ, უსიტყვოდ. ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. თუმცა, მგონია, რომ შევინარჩუნეთ კულტურული ურთიერთობა და, რაც დრო გადის, უფრო ლოიალურები ვხდებით ერთმანეთისთვის.
ხელის გაწერის დღეს დამირეკა ნიკუშამ. მთხოვა – სადღაც წამყევიო, არც ის ვიცოდი, საიდან იცოდა, რომ ხელი გავაწერეთ და საბოლოო წერტილი დავსვით. წავედით, ვიარეთ, ვიარეთ და ლისზე ძალიან შორს ტრიალ მინდორზე მანქანა გააჩერა. შენ მანქანაში იჯექიო – მითხრა. მე ხმას არ ვიღებ. დიდი ყუთი გადაათრია და ცოტა ხანში ვხედავ, მორბის გიჟივით მანქანისკენ. რამდენიმე წამში, ფეიერვერკი გავარდა ამ ყუთიდან. ასე ამიხსნა, რომ უშანსობიდან შანსი მიეცა და სიტყვებით ვერ გამოხატა, როგორ გაეხარდა, რომ თავისუფალი ვიყავი. ყოველდღე მიგზავნიდა ყვავილებს ბარათებით. ყოველდღე. ხან რას აწერდა, ხან რას. ნიკუშა ვარსკვლავია. ვეუბნებოდი, რომ არ მჯერა, რომ არსებობს. მე არ მინახავს კაცი, რომელიც ქალს ასე ექცევა. კაცი, რომელიც ცოტა ფემინისტიცაა, გინახავთ? მზრუნველი, დაუზარელი, ნათელი, ყველაზე გონიერი და ჭკვიანი ვინც კი ვინმე მინახავს, თავისი გუნდის ლიდერი და არა უფროსი, მასწავლებელი, ღიმილიანი. არ ვიცი, კიდევ რა აღარ, ეს ყველაფერი ყველანაირი ობიექტურობის დაცვით. სადმე რომ მივდიოდი და მანქანას ვაჩერებდი, რომ გამოვდიოდი, მხვდებოდა ბარათები ხან გულებით ხან წარწერებით. სიყვარული იყო. ეს ბიჭი იყო სიყვარული. ხოდა, ის მინდა გითხრათ, რომ მიფრთხილდებოდა, შეძლებისდაგვარად მალავდა ამ ურთიერთობას იმიტომ რომ მე არ მტკენოდა გული და სადღაც კაფეში ვიღაც ქათმებს არ ეჭორავათ ჩემზე “უიიი, მაგიტო გაშორდა, ამ ბიჭთან დადიოდაო”; “ვაიმე გაიგეეე რა ყოფილა თურმე მიზეზი?” უფრო სწორად არაფერსაც არ ვმალავდით უბრალოდ არაფერსაც არ ვამბობდით. მე არავის ვუსურვებ ამ ტკივილს არც იმას რაც გაშორებისას გამოვიარე და იმას მითუმეტეს რასაც ეხლა ვგრძნობ. ნიკამ მასწავლა ახლიდან ცხოვრება. ნიკამ მასწავლა რომ უნდა იცხოვრო ამ წამს იმიტომ რომ რაც გვაქვს მხოლოდ ესააა, ამ წუთას. თავიდან მეძახდა, განუსაზღვრელი მომავალი ხარო. მერე მეც ვისწავლე now ცხოვრება, მასთან ერთად. საპირფარეშოში რომ შევდიოდი კართან მელოდებოდა. სადმე რომ წავიდოდი ვერ ძლებდა და მეორე დღეს მოფრინავდა. არ ვიცი ვინ იმსახურებს და ვინ არ იმსახურებს ამ ისტორიიის გაზიარებას მაგრამ მინდა გოგოებს ვუთხრა: ჩვენ ვცხოვრობთ პატრიარქალურ ქვეყანაში, უსაზიზღრეს საზოგადოებაში, კლიშეებითა და ჭორებით გამოკვებილ ადამიანებს შორის. ნუ შეგეშინდებათ იყოთ ის ვინც ხართ, გიყვარდეთ ის ვინც შეგიყვარდებათ და სადაც კომფორტულად არ ხართ ადგეთ და წამოხვიდეთ. ცხოვრება ყოფილა ერთი წამი, ზუსტად ერთი წამი. გთხოვთ ყველას, ვისაც გეშინიათ და ცუდად ხართ ნუ გეშინიათ. იცხოვრეთ. ბოროტი ადამიანის როგორ შეიძლება კეთილ ადამიანს ეშინოდეს? ნიკუშამ მითხრა, თვითმფრინავში რომ ვსხდებოდით – ახლა ეს ფოტო რომ დავდო, სხვა რეალობაში დავბრუნდებითო. ჩემი ოცნებაა, რომ ყველამ იცოდეს, როგორ მიყვარხარო. არ დადო, ისევ ჩემ გამო. და მადლობა ნი ყველაფრისთვის, შენ მასწავლე სიყვარული. შენ არსად არ წასულხარ, ჩემთან ხარ. მალე გნახავ, მადლობა, რომ გამიადვილე სიკვდილი, რომლისაც ასე მეშინოდა.

FB კომენტარები

კომენტარი