მეუღლე ნარკოდამოკიდებული იყო, შვილი კი ვერ იგებდა რატომ ჰყავდა „ავი“ დედა – ჟურნალისტის ემოციური პოსტი

1413
SHARE

ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნარკოპოლიტიკის თემას, ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
„25 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. გვიყვარდა ერთმანეთი. კარგ და ლამაზ ოჯახზე ვოცნებობდი როგორც ყველა ქალი… ის დღეც დადგა, როცა გავიგე, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ნარკოდამოკიდებული იყო… ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება იმ დღიდან სამუდამოდ შეიცვალა… ბევრი ვიომე. ჩხუბი, სკანდალი და უბედურება იყო წლების განმავლობში ჩემი ოჯახის ყოველდღიურობა… ჩემი შვილი, რომელიც თავიდან ვერ იგებდა რატომ ყავდა ასეთი “ავი“ დედა, თანდათან ჩაიკეტა. ბოლოს გავარკვიე, რომ ვიღაცამ უთხრა, რომ მამამისი ნარკომანია… ჩემს დარდებზე და ფიქრებზე, უძილო ღამეებზე , ტკივილზე, რომელიც სულ თან გაქვს და ვერც ამხელ, ღირს კი საუბარი? ალბათ არც ჩემი შვილის განცდებზე, რომელმაც მხოლოდ ერთხელ, მაგრამ იმის იქეთ რომ ტკივილი არ არსებობს, ისეთი განცდით მითხრა, ხომ შეიძლებოდა მასაც ყოლოდა მისი მეგობრებივით კარგი მამა… ჩემი 15 წელი გაილია ასე… წარმატებული ქალის იმიჯით, გულში ქარ-ცეცხლით…ბოლოს გაწყდა, დაინგრა ყველაფერი… ვერ გავუძელი… არადა არ იყო ურიგო ბიჭი… არც შეგნებით, არც განათლებით… უბრალოდ, იმ დაკარგული თაობის წევრი აღმოჩნდა, ზოგი რომ მკვდარია და ზოგიც ცოცხალ-მკვდარი… ახლა გამოდით რომელიმე და მითხარით, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ. გინდათ თქვენი ქმარი, შვილი, ძმა, და ასეთი ბედით? არ გინდათ, ვიცი… ნუ გგონიათ, რომ ეს თქვენს ოჯახში არ მოხდება… ჩემს თაობას დაკარგული თაობა დავარქვი… კიდევ ერთი თაობის დაკარგვას ვერ გადავიტანთ… გადავშენდებით…“,- წერს ხათუნა პაიჭაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

Comments

comments