“მეოთხედი საუკუნის შემდეგ მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის, სიყვარულისთვის”

199
SHARE

ირაკლი ალასანია და ნათია ფანჯიკიძე ქორწინების 25 წელს აღნიშნავენ. ამის შესახებ ნათიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა : “მარტოობისთვის მოვლენილნი, მარტოობისთვის მოვლენილთაგან, ვისაც უნდა ჩამოვეკიდოთ ჩვენი სულის სიმძიმის მსუბუქად და სიხარულით საზიდად და ვინც არ უნდა შეებას ჩვენი ლოდივით მძიმე სულის სათრევ უღელს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ ქველმოქმედებაა, რადგან ამქვეყნად არავინ არავის საკუთრება არაა და არავინ არავის საკუთრება არ შეიძლება იყოს.
მეცნიერებს რომ ორგანიზმის შემადგენლობის 70-90% წყალი ჰგონიათ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სინამდვილეში ცრემლია, კონდიციონერისგან გამოყოფილი წყალივით სულიდან ჩამოღვრილი. ხოდა, ქალებო, კაცებო, შეყვარებულებო, ვისაც ერთი დღეც კი უჩუქნია თქვენთვის, ერთი ღიმილი, ერთი კოცნა, ერთი აღტაცებული მზერა, მხოლოდ მადლიერების გრძნობა გქონდეთ მის მიმართ რაიმე სულელური საყვედურის ნაცვლად. მადლიერება ყოველი წუთის და მით უმეტეს წლის მიმართ. მადლიერება იმისთვის, რაც თქვენ გაჩუქეს და არავითარი საყვედური იმისთვის, რაც თავისთვის დაიტოვეს.
მეოთხედი საუკუნის შემდეგ მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის, სიყვარულისთვის, ყველა სიხარულისთვის და ტკივილისთვის, ორი საოცარი შვილისთვის, მისი საუკეთესო წლების ჩემთვის ჩუქებისთვის, სილამაზისთვის, თავგადასავლებისთვის, საინტერესო დღეებისთვის, იმისთვის, რომ მე მე ვარ და არა რაღაც უფორმო, მკრთალი სულიერი კონტურების მქონე ნახევარფაბრიკატი,” – წერს ფანჯიკიძე.

FB კომენტარები

კომენტარი