მასობრივი ჭამა – სამყაროში ყველაზე საზარელი პროცესი!

152
SHARE

არ მითხრათ ახლა, ქორწილში ან გასვენებაში (სხვაგვარად – ქელეხში) არასდროს ვყოფილვართო. მაინც არ დავიჯერებ! ჰოდა, თუ ყოფილხართ, შეიძლება არც დააკვირდით, ან შეიძლება დააკვირდით და ზუსტად ჩემნაირი დასვნა გამოიტანეთ – მასობრივი ჭამა სამყაროში ყველაზე საზარელი პროცესია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!
რა უნდა იყოს იმაზე უარესი, როცა გამოწკეპილი კაბის გამო მთელი დღე ნაშიმშილები საზოგადოება სუფრას დაეძგერება? იმერეთში იტყვიან ხოლმე, პირველი შეტევაა ძნელი მოსაგერიებელი და მერე მიდის სუფრა რიხინ-რიხინითო. ჰო და ამ შეტევის დროს ყველას ავიწყდება მოტკეცილი კაბა და ღიპზე სიმწრით შეკრული პერანგის ღილები – ისინი გამალებით ცდილობენ გვერდით მჯდომს გოჭის ხორცის საუკეთესო ნაჭერი თვალწინ ააცალონ და გამარჯვებული სახით დაიწყონ ძიძგნა. ოოხ, რა დამავიწყებს ხალხის თვალებს, როცა გააფთრებით დაეძებენ ხაჭაპურს, აი, ამ ცნობილი პირველი შეტევის შემდეგ, ჩამატებამდე. ხანდახან ნამცხვარი ისე კარგად გამოიყურება, ,,ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილიც” უნდა „დაიკიდო“ და სანამ სალათის ყველა სახეობას ჩანთქავ, კაი ამოსულ, კრემიან ნამცხვარს მიირთმევ. მერე სალათებს გაჰკრავ კბილს და მწვადის შემოსვლამდე ყბა რომ არ გააჩერო, აი, ისე, ზრდილობისთვის, სუფრაზე რომ საჭიროა, თითო-ოროლა ფხალეულის თეფში რომ დევს სადღაც – სადღაც, მაგასაც გასინჯავ, ისე, ზრდილობისთვის…
ჭამენ, ჭამენ, ჭამენ, ჭამენ და კარგად შეხურებულები ქორწილის შემთხვევაში მოსანელებლად საცეკვაოდ, უფრო სწორად, საროკვაოდ გადადიან, გასვენებაში კი კაი გამაძღარები მიიძურწებიან სახლში და, შენც არ მომიკვდე, ვიღას ახსოვს მკვდარი?!
ერთი სიტყვით, ელიტური საზოგადოებისთვის, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ყოვლად წარმოუდგენელი, ამაზრზენი და ძაან გოიმობაა, თუმცა უკვე რამდენჯერ ეს ,,ელიტაც” მსგავს საქციელში გამოვიჭირე. მოქმედება უბრალოდ შვედური მაგიდის ირგვლივ ვითარდება – იქაც ყველა ცდილობს თვალდადგმული საკვების აღება არავინ დაასწროს. ერთი სიტყვით, საქართველო საქართველოა, და ვერაფერი შეცვლის. მნიშვნელობა არ აქვს, ხუთივე თითს ჩააწობ ჩაშუშულს თუ ჩხირებით მიირთმევ შვედურ სუფრაზე…
ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს რომელიღაც პოპულარული გასართობი გვერდის ადმინმა ფეისბუქზე დადო სურათი მრავლისმეტყველი სათაურით – უფ, რა ჯობია ქართულ სუფრას?  მე კიდევ კითხვას ასეთ სახეს მივცემდი – რა შეიძლება იყოს უკვე გადაგვარებულ ქართულ სუფრაზე უარესი? სადაც მხოლოდ საჭმლის მუჭებით სატენად და ღვინით გასათხლეშად მიდიან?!
ჰო, მართლა, საჭმლისთვის ნეკა თითის მოზრდილი ფრჩხილით მარილის მოყრა სულ დამავიწყდა… არადა. მაგ კაცს ეგ სახელდახელოდ გაზრდილი ფრჩხილი ცოტა ხნის წინ ცხვირში ედო…

წყარო:https://maikochanturidze.wordpress.com

FB კომენტარები

კომენტარი