მასების ფსიქოლოგის პირადი ცხოვრება – ვინ არის ქეთი ქიტიაშვილის ”პეტრუჩიო”

363
SHARE

ქეთი ქიტიაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. ასევე თამაშობს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში ”საზღვრები”. მანამდე არაერთი წელი მუშაობდა ახმეტელის, პანტომიმისა და მიმოდრამის თეატრებში, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა მის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი, რაც სერიალში ”ჩემი ცოლის დაქალები” მასების ფსიქოლოგის – ლონდას როლზე დააკავეს. რას ფიქრობს ამ თემაზე, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ…

– პიანისტობა მინდოდა, მაგრამ ერთხელაც ბევრი მეცადინეობის შედეგად ხელის ტრავმა მივიღე. ექიმებმა მითხრეს, პროფესიულია, გამეორება ახასიათებსო და ამიტომ შევშინდი. ვერ შევძელი, ამ სფეროს ბოლომდე გავყოლოდი. სახელმწიფო გამოცდა რომ ჩავაბარე, მას შემდეგ ინსტრუმენტთან წლების განმავლობაში არ მივსულვარ და დღეს ზოგჯერ მხოლოდ ჩემთვის ვუკრავ. ხანდახან ვნანობ, ასე რომ მოხდა, რადგან მსახიობობა ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული პროფესიაა. უწინ მეგონა, რომ აუცილებელი იყო ნიჭი, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, ახლა კი მგონია, რომ მთავარი ბედ-იღბალია.

– თქვენი აზრით, გაგიმართლათ?
– კი, რადგან ძალიან საინტერესო ადამიანებთან მომიწია მუშაობამ და დღემდე ასეა. ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე. დიდი პრაქტიკა მაქვს ჩემს საქმეში და ბედნიერებაა, რომ რეალიზებული ვარ. ძალიან რთულია, ვინმე გამოყო, მაგრამ დაუვიწყარია ლილი იოსელიანთან გატარებული წლები, ეს ქალბატონი მართლაც განსაკუთრებული და იშვიათი შემთხვევა იყო. მიმოდრამის თეატრში ვმუშაობდი, როცა რეზო გაბრიაძემ თავის თეატრში მიმიწვია ერთ-ერთ სპექტაკლზე. თუმცა შემდეგ ის პროექტი აღარ განხორციელდა, თავად ეს ფაქტი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

– გული გტკივათ, რომ ფართო საზოგადოებამ ”ჩემი ცოლის დაქალებით” გაგიცნოთ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ერთად ბევრი ფაქტორია, ეს სასიამოვნოცაა და გულდასაწყვეტიც. ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მცნობენ, როცა მეუბნებიან, რომ მოსწონთ ჩემი პერსონაჟი, მაგრამ უფრო მესიამოვნებოდა, სპექტაკლებიდან მცნობდნენ, რადგან გაცილებით მეტი მაქვს თეატრში ნამუშევარი. ”ჩემი ცოლის დაქალებში” როცა მიმიწვიეს, ძალიან ვღელავდი. აქ თამაშის სულ სხვა სტილია საჭირო. სამწუხაროდ, ქართველ მსახიობებს არ გვაქვს ეს გამოცდილება. ნელ-ნელა ვსწავლობთ მუშაობას. მიჭირს ჩემი თავის ეკრანზე ნახვა. სერიალი რომ გადის, ჩემი შვილი მეძახის ხოლმე, ერთად ვუყუროთო, მაგრამ მირჩევნია, მარტო მყოფმა ჩავრთო და ისე ვუყურო თავს (იღიმის).

Rating

– სერიალში ფსიქოლოგს თამაშობთ, ეს სფერო მსახიობის პროფესიასთან ახლოსაა…
– დიახ, ასეა. ძალიან მომწონს ამ სერიაში ის, რომ გამოკვეთილად დადებითი ან უარყოფითი პერსონაჟი არ არსებობს. ეს ხომ ცხოვრებაშიც ასეა. ლონდაც ასეთია, მრავალმხრივი, თავის კარიერაზე ორიენტირებული ქალი და ცოტა მეცინება მასზე.

– ის ძირითადად ცოტაშვილის გვერდითაა, თუმცა არავინ იცის ”ოფისის გარეთ” მისი ცხოვრება…
– ბუნებრივია, მიფიქრია იმაზე, როგორი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ამ ქალს. თეატრის მსახიობი ვარ და ნებისმიერი პერსონაჟის შექმნისას ჩემთვის უნდა მქონდეს ამაზე ნაფიქრი. პირადად მე მასზე ძალიან გულისამაჩუყებელი ისტორია მაქვს გამოგონილი, მაგრამ ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, სცენარისტი რას გადაწყვეტს.

– მაშინ ის გვითხარით, რა ხდება თქვენს რეალურ ცხოვრებაში…
– სახლში სამი ქალბატონი, დედა, ჩემი ქალიშვილი, მე და ჩვენი თუთიყუში ვცხოვრობთ. ჩემს თუთიყუშს პეტრუჩიო ჰქვია, შექსპირის ერთ-ერთი გმირის სახელი (იღიმის).

ლაპარაკობს და თავის თავს პეტროს ეძახის. სამი წლის წინ მაჩუქეს და რომ შევხედე, მაშინვე პეტრუჩიოს მივამსგავსე. პეტრუჩიოს კატარინა კი ამ შემთხვევაში მე ვარ (იღიმის). ჩემი ქალიშვილი, მარიამ მკერვალიშვილი, მომავალი ჟურნალისტია, მსახიობობა უნდოდა, მაგრამ ყველანაირად შევეცადე, აზრი შეეცვალა.

– მარიამის მამა?..
– მარიამის მამა, ირაკლი მკერვალიშვილი, ჩემი ჯგუფელი იყო. სხვათა შორის, ისიც თამაშობს სერიალში, მაკას, ანუ ნინო კასრაძის პერსონაჟის, მინისტრის მოადგილის როლს. სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ დავშორდით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

Rating

– ახლა გადასაღებ მოედანზე შეხვდით ერთმანეთს?
– არა, არა. ჩვენ ისედაც ვხვდებით ერთმანეთს, შვილი გვყავს და ძალიან ახლობლები ვართ. კარგი, ჯანსაღი, თბილი ურთიერთობა გვაქვს.

– გამოდის, მარიამს დედ-მამის პროფესიის გაგრძელება სურდა…
– მე და ირაკლი ახმეტელის თეატრში ვმუშობდით, როცა მარიამზე ვიყავი ორსულად. არაა გასაკვირი, ჩვენს შვილს მსახიობობა მონდომებოდა.

– მსახიობებს სცენაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირად აქვთ…
– საერთოდ, მსახიობების გონებაში ასეთ დროს რაღაც ირთვება. ცნობილი ფაქტია, რომ ვერიკო ანჯაფარიძეს ხელი მოსტყდა და სპექტაკლი მაინც დაასრულა. მიმოდრამაში 16 წელიწადი არაჩვეულებრივ ოსტატ გოგი ოსეფაშვილთან ვმუშაობდი. ერთად ვიყავით დაკავებული სპექტაკლში ”ცხოვრება თამაშია”, რომელიც იაპონელების დაკვეთით დაიდგა. ერთ-ერთი მორიგი წარმოდგენისას ტანგოს ვცეკვავდი, როცა პარტნიორისა და ჩემი მოძრაობები ერთმანეთს ასცდა, წინ ისე გადავიხარე, რომ ხერხემალი დავიზიანე. რაღაც წამებით სცენაზე გული წამივიდა. წაქცეულიც კი იმას ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა სპექტაკლი, ვდარდობდი, დაცემამ ხომ არ ”გამყიდა”. ექვსი თვე კორსეტში ვიყავი. მალთაშუა დისკები დადაბლდა, მაგრამ მომხდარიდან ორ კვირაში რეპეტიციაზე კორსეტით წავედი და იმავე წლის ზაფხულში გერმანიაში გავფრინდით. ამ სპექტაკლს ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად.

 

წყარო: www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი