მამა ილია: ,,როცა ერი მშიერია, მღვდლები 100 ათასიანი მანქანებით არ უნდა დადიოდნენ”

261
SHARE

ქარელის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მსახური მამა ილია ჩიკვაიძე მარხვის პრინციპებზე საუბრობს და კიცხავს იმ მღვდლებს, რომლებსაც 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯიპის მარკის ავტომობილები ჰყავთ.

ნაწყვეტი მამა ილიას ქადაგებიდან ინტერნეტში 2013 წელს გავრცელდა, თუმცა სოციალურ ქსელებში დღემდე არ კარგავს პოპულარობას და აქტუალურობიდან გამომდინარე, „ფეისბუქის“ მომხმარებლები მას აქტიურად აზიარებენ.

ვიდეოში ვხედავთ, რომ ამა ილიას შესჩივლეს, მარხვა დავარღვიე, ყველი ვჭამეო. სასულიერო პირის ქადაგება ამას მოჰყვა.

„ქეთო ბებო თუ ცუდად გახდა და ყველი ჭამა მარხვაში, ეს რა მარხვის დარღვევაა. მარხვა არ არის მხოლოდ საჭმელი, მარხვა არის საგნებთან და ძვირფასეულობასთან დამოკიდებულება“ – ბრძანა მამა ილიამ.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების ღვთისადმი რწმენა ხშირად ფარისევლურია.

„ეს არის ჩვენი უდიდესი ტრაგედია, რომ ფარისევლები ვართ. მარხვა მაშინ იქნება, როდესაც 100 000 დოლარიან ჯიპს გაყიდი, ხუთი ათასიან ავტომობილს იყიდი და 95 ათასს დოლარს შენც მოიხმარ, მრევლსაც მოახმარ და ეკლესიასაც. ეს არის სარწმუნოება. ამიტომ მაკეტურია ჩვენი რწმენა, ჩვენ არ ვართ მორწმუნეები, ჩვენ ვართ ფარისევლები. სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვერ მივიღებთ ღვთისგან წყალობას“ – ბრძანებს მამა ილია ჩიკვაიძე.
მისივე თქმით, დაუშვებელია სასულიერო პირი 100 ათასიანი ჯიპით დადიოდეს.

„როცა ერი მშიერია, 100 000-იანი მანქანით არ უნდა იაროს არც სასულიერო პირმა და არც საერომ. რაღა მნიშვნელობა აქვს მაშინ მარხვას? რანაირი მარხული ხარ, როდესაც შენს გვერდით ვიღაც მშიერი კვდება და შენ 5 ლარიანი ბადრიჯნის ფხალს მიირთმევ?“- აცხადებს მამაო და დასძენს, რომ ასეთ მარხვას ღმერთი არ შეიწირავს, პირიქით, რისხვას დაატეხს ასეთ ადამიანებს.

წყარო: ინფო 9

FB კომენტარები

კომენტარი