“მამას სჯეროდა, რომ ჩემი ოცნება ახდებოდა” – რას ჰყვება გერმანული “ვოისის” ფინალში გასული ნათია თოდუა

841
SHARE

21 წლის ნათია თოდუა პირველი და, ჯერ-ჯერობით ერთად-ერთი ქართველია, რომელმაც გერმანულ მუსიკალურ პროექტში The Voice of Germany მიიღო მონაწილეობა. მისმა ხმამ და საშემსრულებლო მანერამ ფურორი მოახდინა. ნათიას ქართველი მსმენელი რამდენიმე მუსიკალური პროექტით იცნობს. “კვირის პალიტრა” ნათია თოდუას გერმანიაში დაუკავშირდა.
“გერმანიაში 2016 წლის
აგვისტოში აუ-პაირ-პროგრამით ჩამოვედი. პარალელურად, ენის კურსებს ვესწრებოდი. ამჟამად უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადები, მომღერალ-კომპოზიტორის სპეციალობაზე. „The Voice of Germany“-ს, შესარჩევ ქასთინგზე გადავწყვიტე ძალის მოსინჯვა. 26 000 მონაწილე ცდიდა ბედს და მივხვდი, რომ წარმატების მისაღწევად დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა, თანაც ძალიან ძლიერ კონკურსანტებს მოეყარათ თავი. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, რომ ოთხივე მენტორი შემომიტრიალდებოდა. ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ სიხარულს სცენაზეც ვერ ვმალავდი. მენტორად სამუ ჰაბერი ავირჩიე, რადგან ჟანრობრივად მასთან უფრო ახლოს ვარ. ვფიქრობ, გერმანიაში ჩემი შესაძლებლობები დაფასდა. ეს მოტივაციას მიმაღლებს და იმედს მისახავს.
თავიდან მარტო ვცხოვრობდი, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა, გამოცდილება შემძინა. შემდეგ იყვნენ ქართველი ემიგრანტები და ის გერმანულ-ქართული ოჯახი, ვისთანაც ახლა ვცხოვრობ. ეს ადამიანები ბედის საჩუქარია. ამ პროექტმა ბევრი გულშემატკივარი შემძინა. უამრავი ემიგრანტისგან ისეთ წერილებს ვიღებ, სიხარულისგან ვტირი ხოლმე“,- აცხადებს ნათია თოდუა.
ნათია თოდუას მუსიკალური განათლება არ აქვს.
„სამწუხაროდ, არა მაქვს მუსიკალური განათლება. ახლა ვსწავლობ ნოტებს და დაკვრას. ვფიქრობ, განათლების მისაღებად ასაკს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ სურვილი და მიზანი გაქვს.
სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში მცნობენ, რამდენჯერმე ავტოგრაფიც მთხოვეს. რა იქნება მომავალში, არ ვიცი. ვიმედოვნებ, აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას გავაგრძელებ და საკუთარი სიმღერებით შევახსენებ თავს მსმენელს. აფხაზეთიდან ვართ. მამა ახლაც გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევში ცხოვრობს. მეზობლებისგან იგებს ჩემს ამბავს და ხარობს. მამას სჯეროდა, რომ ჩემი ოცნება ახდებოდა და აღიარებას მოვიპოვებდი. დედა ჩემს და-ძმასთან ერთად თბილისშია. მყავს ბევრი ნაცნობი და მეგობარი, რადგან ხშირად გვიწევდა საცხოვრებლისა და სკოლის გამოცვლა.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი საქმის კეთებაა. თუ ცხოვრება ამის შესაძლებლობას გვაძლევს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ბედნიერება სწორედ ეს არის. მე ვიბრძვი ბედნიერებისთვის!“, -აცხადებს ნათია თოდუა.

წყარო „კვირის პალიტრა“.

FB კომენტარები

კომენტარი