“მამასთან ერთად არჩენს ოჯახს” – რას აცხადებენ ნარკოტიკების გასაღებაზე დაკავებულთა ადვოკატები

832
SHARE

12 მაისის ღამეს, შსს-მ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავა.
პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი (რომელიც კაფე “გალერის” დაცვის წევრი იყო), 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.
ნარკოტიკების გამსაღებლების საქმის ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, დაკავებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულ 8 პირს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მათთვის წაყენებული ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი), სასჯელის სახით, 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 22 წლის გოგონაა. ქეთი მურუსიძის უფლებებს ადვოკატი გია გოროზია იცავს, რომელმაც AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშულოდ მიიჩნევს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გვიან ღამით, დაახლოებით ორ საათზე კაზინო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალებები არ ამოუღიათ არც მისი პირადი ჩხრეკისას და არც ბინიდან. ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი – გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი. ქეთი მურუსიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აკადემიური ჰქონდა აღებული სასწავლებელში, ახლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და სწავლას. ის გამსაღებელი არაა და შესაძლოა, ეს ყველაფერი აგენტ-პროვოკატორის მიერ, იყოს პროვოცირებული” – ამბობს მურუსიძის ადვოკატი გია გოროზია.
უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს კიდევ ერთი დაკავებული 24 წლის თორნიკე ჩუტკერაშვილი. მისი ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, ჩუტკერაშვილის დაკავება არ უკავშირდება იმ უბედურ შემთხვევებს, როდესაც თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე გაურკვეველ ნარკოტიკულ საშუალებას ემსხვერპლა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიდ დიღომში ცხოვრობს, ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ის საკუთარ სახლთან გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც გააჩერეს, გადმოიყვანეს და ჩხრეკა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული საშუალება აღმოჩენილი არ იქნა არც მისი პირადი ჩხრეკისას, არც ავტომობილში და არც სახლში. ორგანიზმშიც კი არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალების კვალი. პროკურატურა ამბობს რომ ის ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებში. რამდენად ავთენტურია ეს კადრები, ექსპერტიზა დაადგენს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ექსპერტიზას ყველანაირი ნიმუში მისცა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სანამ ექსპერტიზის პასუხები არ მოვა, როგორ ვთქვა არის თუ არა ეს ვიდეო ავტენტური ან რა შემხებლობა აქვს დანაშაულთან?
გამოკითხვის დროს ჩუტკერაშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა. სასამართლოზე, მოვითხოვეთ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, სანამ ექსპერტიზის პასუხები გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ის მაინც პატიმრობაში დატოვეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნული მახასიათებლები არ მოითხოვდა მის პატიმრობაში დატოვებას – ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობს, ამავე დროს სტუდენტია და მამასთან ერთად არჩენს ოჯახს. მან თქვა რომ საცხოვრებელ სახლს ჩადებდა გირაოში, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
– ჩუტკერაშვილი იცნობს დანარჩენ დაკავებულებს?
– აბსოლუტურ უმრავლესობას ის არც იცნობს. პროკურატურაც და პოლიციაც ადასტურებს, რომ მას არ აღმოაჩნდა ნარკოტიკი.
დუმილის უფლებას იყენებ „გალერის“ დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილიც. მისი ადვოკატის მტკიცებით, ჟამუტაშვილი ნარკოტიკების გამსაღებელი არ არის, რასაც დაამტკიცებს კიდეც და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
“ვიქტორ ჟამუტაშვილი რუსთაველზე დააკავეს, მას ედავებიან 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილს, ანუ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-გასაღებას. ამბობენ, რომ მისი ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკი, მაგრამ რამდენად მართალია არ ვიცი. ბრალის წარდგენის შემდეგ, მან დუმილის უფლება აირჩია და როცა საქმეს სრულყოფილად გაეცნობა, მერე გამოხატავს თავის პოზიციას. ამ საქმეში ჟამუტაშვილის საწინააღმდეგოდ მტკიცებულებები არ არსებობს, დავამტკიცებ, რომ ის ნარკოტიკების გამსარებელი არ არის.
საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულია ჯემალ ელიავა. მისი ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ელიავა ბასიანის ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ.
– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, მის დაკავებას, “ბასიანის” ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემთვის უცნაურია, რატომ მოგვაწერინეს ხელი გაუთქმელობაზე. თავდაპირველად ითქვა, რომ ფარულ საგამოძიებო ქმედებებში მონაწილე პირებს არ სურთ მათი ვინაობის გასაჯაროვება და ამიტომ გახდა საჭირო გაუთქმელობაზე ხელისმოწერა, მაგრამ სასამართლო დახურული არ იყო და მოსამართლემ ყველაფერი თქვა. ჯემალ ელიავა არ არის ნასამართლევი და მუშაობს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვიტყვი.

წყარო:https://www.ambebi.ge

Comments

comments