“ლიზი და სერგი ურთიერთობას იწყებდნენ, ინდირა და ირაკლი ანაბარს აგროვებდნენ“

113
SHARE

გამთენიისას, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობელთა განცახდებით ეს  13 ივნისს სტიქიის შედეგად დაკარგული ლიზა ზარანდიაა, რომელიც პროზექტურაში ოჯახის წევრებმა  მაჯის საათით ამოიცნეს. ლიზა საყვარელ აქსესუარს არასდროს იშორებდა. რომ არა აღნიშნული აქსესუარი, 25 წლის ახალგაზრდას ამოცნობა შეუძლებელი გახდებოდა, რადგან გოგონას მთელი სხეული შეშუპებული, სახე კი დაზიანებული აქვს.  

სტიქიის ღამეს ლიზა თავის დასთან – ინდირასთან და მეგობართან – სერგო კაპანაძესთან ერთად, ტაქსიში იმყოფებოდა.

ინდირა ზარანდიას ცხედარი “მზიურის” ტერიტორიაზე, ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი დაკარგულად ითვლება, მას და ტაქსის მძღოლს 5 დღეა უშედეგოდ ეძებენ.

„პრესა.ჯი“, შემზარავი ტრაგედიის დეტალებზე, ინდირა და ლიზა ზარანდიების ბიძაშვილს  – გიორგი ზარანდიას ესაუბრა.

გიორგი ზარანდია: 13 ივნისს დაახლოებით პირველის ნახევრისთვის, ინდირას ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია: „არ ინერვიულო, გმირთა მოედანზე შევდივართ, ტელეფონი მიჯდება და სახლში როგორც კი მივალ დაგირეკავ“. არაფერი უთქვამს მოსალოდნელ საფრთხეზე. ირაკლი, რომელიც დღეს ინდირას დასტირის, იხსენებს, რომ ნახევარი საათის შემდეგ დარეკვა სცადა გოგოებთან, თუმცა ორივეს ტელეფონი გამორთული იყო. იფიქრა, ალბათ ორივე დაღლილია და სახლში მისულებმა ეგრევე დაიძინესო. ბიცოლას როცა გამოეღვიძა და გოგონები სახლში ვერ ნახა, ამის შემდეგ დაიწყო ძებნა. გაგიჟებულები დავრბოდით  საავადმყოფოებში, პოლიციაშიც განვაცხადეთ. დაახლოებით 02:00 საათზე ვაკის პოლიციიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი აღწერილობის გოგონებიდან, ერთ-ერთის გარეგნობა ემთხვეოდა მოხალისის მიერ ხეების გაწმენდისას ნაპოვნ ცხედარს. ალბათ მანქანიდან გადმოვიდნენ და თავის გადარჩენა სცადეს.

– როდის გაიგეთ ლიზის გარდაცვალების შესახებ და ვინ ამოიცნო?

– მთელი ეს დღეები ნათესავები პროზექტურასთან ვაღამებდით, დღეს გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე გამომძიებელმა დაურეკა ოჯახს, გოგონას ცხედარი არის აღმოჩენილიო, ეგრევე მივხვდით, რომ ლიზაზე იყო საუბარი, რადგან დაკარგულებს შორის ერთადერთი გოგო იყო, ვისაც ამ დრომდე ეძებდნენ. შემდეგ ნათესავები შევიდნენ ამოსაცნობად, იმდენად დასახიჩრებული იყო ლიზი, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო, ნათესავმა იმ საათით ამოიცნო, რომელსაც არასდროს იშორებდა ხელიდან.

– რაზე ოცნებოდნენ დები, რომლებიც მთელ რაიონს უყვარდა მთელი საქართველო კი თქვენთან ერთად ტირის ახლა…

– განსაკუთრებული გოგონები იყვნენ, სიცოცხლე სწყუროდათ, ლიზის გაზრდილი ვარ, ერთ ეზოში ვცხოვრობდით. ხშირად ვხვდებოდით მას შემდეგაც, რაც ოჯახი თბილისში წავიდა საცხოვრებლად. ის სტომატოლოგი იყო და ხშირად ვიმიზეზებდი კბილის ტკივილს, რომ მენახა ლიზი, რადგან მისი რჩევა ყოველთვის მადგებოდა ცხოვრებაში. თანგადაყოლილი იყო ყველაზე ორივე და მზრუნველობით გამოირჩეოდა, ძალიან მიმძიმს მათ გარეშე. ბიცოლა ლიზის ცხედარს ჭიშკართან ელოდება, საღამოს ჩამოუყვანენ ლიზიკოს, შაბათს ინდის და ერთად დავკრძალავთ.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ დები ახლო მომავალში ოჯახის შექმნას გეგმავდნენ, ანუ ლიზაც შეყვარებული იყო?

– ლიზის და სერგი კაპანაძეს ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდათ, ამიტომ ცოტა გადაჭარბებულია ქორწილზე საუბარი. ირაკლის და ინდირას კი ნამდვილად ჰქონდათ ანაბარი გახსნილი, დაქორწინებას გეგმავდნენ და საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას. ირაკლი ახლაც აქ დგას და დასტირის თავის სიყვარულს, სერგის და ლიზის არ გაუმართლათ.

 

წყარო: primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი