ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეს $5 მილიონით დაეხმარება

63
SHARE

მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ამაზონის ტყეს, სადაც რამდენიმე კვირაა ხანძარია, $5 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება.

BBC-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია Earth Alliance-ი თანხას ამაზონის ჯუნგლების დასაცავად მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და აბორიგენებს გადასცემს.

დიკაპრიომ Instagram-ზე დაწერა, რომ ღრმად შეშფოთებულია ამაზონის ჯუნგლებში არსებული კრიზისით, რომელიც გავლენას ახდენს კლიმატზე, ბიომრავალფეროვნებასა და აბორიგენების კეთილდღეობაზე. მსახიობმა საზოგადოებას ამაზონის ტყის დასახმარებლად ქველომქმედებისკენ მოუწოდა.

ბრაზილიას ამაზონის ტყის ჩაქრობაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიც დაეხმარებიან, ისინი 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ.

კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემების მიხედვით, წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, ხანძრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 83%-ით გაიზარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა ბრაზილიის ყველაზე დიდ ქალაქამდე – სან პაულომდეც მიაღწია.

ბუნებისდამცველები ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მიწის ცეცხლის საშუალებით გასაწმენდად ფერმერები პრეზიდენტმა წაახალისა. NASA ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანების ჩარევითაა გამოწვეული.

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს სდებს ბრალს.

ხანძრის გამო ევროკავშირმა ბოლსონარუზე ზეწოლა გააძლიერა, ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. სწორედ ამის შემდეგ უარყო ბოლსონარომ განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს ბრაზილიის საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ. მოგვიანებით, მან ხანძრის ქრობის პროცესში ჯარი ჩართო.

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-20 დღეა მძვინვარებს. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.

წყარო: imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი