“ლანჩი ცათამბჯენზე”: ცნობილი ფოტოს რეალური ისტორია

398
SHARE

ფოტოზე, რომელიც 1932 წლის 20 სექტემბერს, მანჰეტენზე, Rockefeller Center-ის ერთ-ერთი მთავარი ცათამბჯენის GE Building-ის მშენებლობის დროს გაკეთდა, უნიკალური მომენტია ასახული: 256 მეტრის სიმაღლეზე, განივ კოჭზე სპეციალური ეკიპირების გარეშე მოკალათებული, ერთი შეხედვით უდარდელი თერთმეტი მუშა მშვიდად საუბრობს, მიირთმევს ლანჩს და ერთმანეთის ხუმრობებზე იცინის. მათ ზურგს უკან მანჰეტენის ნისლიანი ჰორიზონტია, ქვევით კი, ნიუ-იორკი, რომელიც სწორედ ასეთი თავგანწირული ადამიანების წყალობით იქცა მსოფლიოს ცენტრად და უამრავი ადამიანის საოცნებო ქალაქად…
არსებობს ვერსია, თითქოს ფოტო თავად როკფელერების დაკვეთით, მშენებარე ცათამბჯენის პოპულარიზაციის მიზნით გაკეთდა, სცენა კი, წინასწარ იყო დადგმული, თუმცა მასზე ასახული ადამიანები არა მსახიობები ან ტრიუკების ოსტატები, არამედ რეალური მუშები არიან.
ფოტოს პირველი პუბლიკაცია და მისი რეალური ავტორი

“ლანჩი ცათამბჯენზე” პირველად New York Herald Tribune-ის კვირის გამოშვებაში გამოჩნდა 1932 წლის 2 ოქტომბერს. ფოტოზე არ იყო მითითებული ფოტოგრაფის ვინაობა და დიდი ხნის მანძილზე მის ავტორად ლუის ჰაინი ითვლებოდა, რომელმაც მანამდე 102-სართულიანი ცათამბჯენის Empire State Building-ის ფოტოების მთელი სერია შექმნა. თუმცა, ზუსტად 80 წლის შემდეგ, 2012 წელს New York Post-მა ლეგენდარული ფოტოს ავტორის ვინაობის დადგენა გადაწყვიტა და გამოძიება ჩაატარა.
გამოცემამ ჯერ Rockefeller Center-ის ფოტოარქივს მიმართა და ახალი ფოტოები აღმოაჩინა, რომელზეც ზუსტად იგივე მუშებს ან მეტალის კოჭზე ეძინათ, ან არაშენებული ცენტრის 69-ე სართულის კარნიზზე დასეირნობდნენ მშვიდად. 
მოგვიანებით, გამოძიებამ პენსელვანიის შტატში Iron Mountain-ის არქივში გადაინაცვლა, სადაც ლეგენდარული ფოტოს ორიგინალურ შუშის ნეგატივს მიაკვლია და ხანგრძლივი ექსპერტიზის წყალობით დაადგინა, რომ ფოტოს რეალური ავტორი, არანაკლებ ცნობილი ფოტოგრაფი ჩარლზ ებეტსი იყო.
ებეტსი ფოტოგადაღებამ 20-იან წლებში გაიტაცა, თუმცა პირველი ფოტოაპარატი მან ბევრად ადრე, 8 წლის ასაკში შეიძინა, როცა უკითხავად ისარგებლა დედის საბანკო ანგარიშით და მკაცრადაც დაისაჯა – დედამ ისე სცემა, რომ ბიჭუნას კვირაზე მეტი დაჯდომაც არ შეეძლო და სკოლაში გაკვეთილებს ფეხზე დამდგარი უსმენდა. თუმცა, მოგვიანებით მისი ქალიშვილი იხსენებდა, რომ პირველი ფოტოაპარატი მამას განსაკუთრებით უყვარდა და სიცოცხლის ბოლომდე უფრთხილდებოდა.
ებეტსმა პოპულარობა 1930-იან წლებში მოიპოვა, როცა მისი ფოტოები New York Times-ში დაიბეჭდა. რამდენიმე წელიწადში ის Associated Press-ის ფლორიდის ოფისის პირველი ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, კომპანიონებთან ერთად სარეკლამო ბიურო City of Miami Publicity Bureau გახსნა და 17 წელი ხელმძღვანელობდა. სწორედ ებეტსის დამსახურებაა მაიამის პოპულარიზაცია, რომელმაც საკუთარი მრავალრიცხოვანი ფოტოების წყალობით აქცია ქალაქი ამერიკის ტურიზმის ცენტრად.
თერთმეტი მამაცი მშენებელი
ავტორის დადგენის შემდეგ New York Post-მა ფოტოზე ასახულ ადამიანთა ვინაობის დადგენა გადაწყვიტა და მკითხველს ინფორმაციის მიწოდების თხოვნით მიმართა. გამოცემას პირველ დღესვე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაგან თითოეული დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ფოტოზე სწორედ მისი მამა, ბაბუა, ძმა ან ახლო ნათესავი იყო ასახული. კვლევა დღემდე გრძელდება. ნათესავების მონაცემებით დადგინდა, რომ სავარაუდოდ, მარცხენა კუთხეში მეტ ო’ შონესია, რომელიც შვილმა ცხვირით იცნო. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდობაში, ბალახის ჰოკეის თამაშისას მეტს ცხვირში ჰოკეის ჯოხი მოხვდა და სწორედ მაშინ დაუზიანდა.
ფოტოზე მოხვდნენ ოსტინ ლოტონი, ჯოზეი ეკნერი, მაიკლ ბრეგენი, ალბინ სვენსონი და პიტერ რაისი. მარჯვნიდან პირველი კი, პატრიკ გლინია, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს მისი შვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ მამის ნაღვლიანი თვალები არასდროს დაავიწყდება. მის გვერდით ჯონ დაზეტი, ჯო კერტისი, ფრენსის მაიკლ რაფეტი და მისი საუკეთესო მეგობარი სტრეჩ დონაჰიუ არიან.
ფოტოს ახალი სიცოცხლე

ფოტო, რომელიც პირველად 1930-იან წლებში გამოქვეყნდა, ჯერ იმ ეპოქის იდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ იქცა, მოგვიანებით პოპულარულმა ბრენდება შექმნეს მის მოტივებზე საკუთარი სარეკლამო კამპანიები.

2001 წელს კი, ნიუ-იორკის ცნობილი ტერაქტიდან ერთ კვირაში სკულპტორმა სერჯიო ფუნარიმ ფოტო სკულპტურად აქცია, Lunchtime on a Skyscraper – A Tribute to America’s Heroes დაარქვა და იმ თავგანწირულ მაშველებს მიუძღვნა, ვინც მსოფლიო სავაჭრო ცენტრში საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ადამიანების გადარჩენას.

წყარო: http://www.ambebi.ge

Comments

comments