ლადო ბედუკაძე: შემთხვევითობის არ მჯერა

1900
SHARE

ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე სავარაუდოდ იმ ავარიასთან დაკავშირებით, რომელიც ზემო ეწერში მოხდა და რომელსაც ბედუკაძის ცემისთვის ბრალდებული და მისი დედა ემსხვერლნენ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„შემთხვევითობის არ მჯერა, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება ამ ცისქვეშეთში, თმის ერთი ღერიც არ უვარდება ადამიანს! არც არავის ცუდი და ბოროტება მახარებს, არც არავინ მძულს და მეზიზღება.. ნებისმიერ ადამიანს შემიძლია მივუტევო, რასაც ხშირად სიბრიყვეშიც მითვლიან..
ყოველი დღე ვლოცულობ არქიფო სეთურის ბრბოს დამსაგავსებული, ე.წ. პოლიტიკოსების თუ მედიით ზომბირებული ადამიანებისთვის, როგორც დილის ლოცვებშია “რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე “ცხონების და შეწყალებისათვის!
დიდი მარხვა იწყება და 10 მარტს საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში მწუხრის შემდეგ მიტევების მსახურება შესრულდება. ღმერთმა ყველას შეუნდოს და მიუტევოს! უფალმა შეგვინდოს და მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები“,- წერს ლადო ბედუკაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ეწერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლადო ბედუკაძის ცემისთვის ბრალდებული თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა დაიღუპნენ. შემთხვევის შედეგად, თენგიზ ნაზღაიძე და შორენა ქალდანი ადგილზე გარდაიცვალნენ. მათი ოჯახის კიდევ ორი წევრი კი მძიმედ დაშავდა.
ავარიის დროს გარდაცვლილი თენგიზ ნაზღაიძის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან 14 თებერვალს, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ლადო ბედუკაძე სცემა. მაშინ, ყოფილი პატიმრის, თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი მომხდარი ინციდენტის შემდეგ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობდა, თუ რატომ დაესხა თავს მისი შვილი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გლდანის ციხის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელიც ქალდანის თქმით, დაპირისპირების ინიციატორი თავად იყო. დედის ინფორმაციით, გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე სასტიკად აწამებდა.
მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ნაზღაიძე ბრალს არ აღიარებდა, ბედუკაძის მხრიდან კი არაადამიანური მოპყრობის მიზეზი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო.
ნაზღაიძე 14 თებერვალს ბედუკაძის ცემის ფაქტზე დაკითხეს. ის ყოფილი პატიმარია, რომელიც 2006 – 2008 წლებში იძებნებოდა, მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ.
თენგიზ ნაზღაიძემ გლდანის ციხე 2015 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ლადო ბედუკაძის დასჯას ითხოვდა, მათ საჩივარი მთავარ პროკურატურაშიც შეიტანეს, რასაც რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.

FB კომენტარები

კომენტარი