კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-11 სექტემბერი

159
SHARE

ჩვენი საიტის ერთგულმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ დაწყებული წინა კვირიდან მოყოლებული თითქმის თვის ბოლომდე, თავისებურ “ნეგატიურ” ენერგეტიკულ ზონაში იმყოფება სამყარო. იმიტომ რომ, სექტემბერი დაბნელებების სეზონს ემთხვევა. პირველი ანუ მზის დაბნელება უკან მოვიტოვეთ უკვე, თუმცა წინ გვაქვს მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა – 16 სექტემბერს უკვე მთვარის დაბნელებას ველით თევზების ზოდიაქოს ნიშნის ბოლო გრადუსებში. დაბნელებები თავისი არსით უზარმაზარ კოსმიურ ენერგეტიკას ააქტიურებს, რაც თავის მხრივ აქტიურად აისახება ხოლმე ადამიანთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. მით უმეტეს, რომ ამ თვის დაბნელებები ქალწულის (ფიზიკური ჯანმრთელობა) და თევზების (სულიერი მდგომარეობა) ღერძზე ხდება. ამიტომ მიმდინარე კვირაც არანაკლები სიმშვიდითა და წინდახედულებით უნდა გავატაროთ. მით უმეტეს, რომ ყველაფერ ზემოჩამოთვლილთან ერთად, აზროვნება-კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პლანეტა მერკური რეტროგრადულ (უკანმავალ) ფაზაში მოძრაობს სექტემბრის ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციურ არასტაბილურობასთან ერთად უახლოესი კვირის მანძილზე, ადამიანებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის უნარიც შესუსტებული და გართულებული იქნება.
კვირის დასაწყისი შავი მთვარისა და მზის ზუსტ შეერთებას ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ მორიელის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ნეგატივი – აგრესიულობა, შურისმაძიებლობა, გარკვეული სისასტიკისკენ მიდრეკილება, არაკეთილსინდისიერი გზებით სასურველის (ძირითადად მატერიალური სარგებლის) მიღების მცდელობა, სრული სპექტრით შეიძლება გამოვლინდეს ადამიანებში
. მით უმეტეს მათში, ვისი ზოდიაქოს ნიშანიც მორიელია ან ამ ნიშნის გარკვეულ თვისებებს ფლობს პირად ჰოროსკოპში. ამ პერიოდში ნუ დაგეგმავთ მსხვილბიუჯეტიან ფინანსურ ოპერაციებს, ნუ აიღებთ ვალებს. ზოგადად მოერიდეთ ბანკებთან ურთიერთობას მით უმეტეს, თუ საქმე კრედიტის აღებას ეხება.
ზოგადად ეს ის პერიოდია, როცა მზისა და პლუტონის ასპექტების გამო ადამიანებში ძალაუფლების წყურვილი მატულობს, თუმცა, ამ ყველაფერს შესაძლოა ნეგატიური გამოვლინება ჰქონდეს გარშემო მყოფებზე. ამიტომ სასურველი და აუცილებელიც კია ვაკონტროლოთ ჩვენში დიქტატორული მიდრეკილებები და ამბიცია.
უკვე 7 სექტემბრიდან პლანეტა ვენერა სატურნთან დადებით ასპექტს გააკეთებს, რაც გარკვეული ფინანსური ოპერაციების გონივრულად განხორციელების შანსებს ერთი ორად გაზრდის. ამასთან ერთად, ამ პერიოდში ასე თუ ისე სიმშვიდე დაისადგურებს პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში. ეს ის დღეა, როცა შესაძლებელია გრძნობები გონების კარნახით ვაკონტროლოთ და აქამდე არსებული პრობლემები დავარეგულიროთ ურთიერთობაში.
9 სექტემბერს მნიშვნელოვან მოვლენას – პლანეტა იუპიტერის გადასვლას სასწორის ზოდიაქოს ნიშანში უახლოესი ერთი წლის მანძილზე ბევრი პოზიტიური მოვლენის მოტანა შეუძლია. თუმცა ამ კონკრეტული კვირის შემთხვევაში იგი ასე თუ ისე შეამსუბუქებს რეტროგრადული მერკურის გავლენას და ადამიანებს კვირის მეორე ნახევარში უფრო მიეცემათ საშუალება მნიშვნელოვანი საქმიანი მოლაპარაკებები მეტ-ნაკლები წარმატებით აწარმოონ. კარგი პერიოდია ასევე იურიდიული ტიპის საკითხების მოსაგვარებლად.
კვირის ბოლოს აქტიური ხდება სატურნ-ნეპტუნის კვადრატი ცაზე. რაც ადამიანებში გარკვეული ტიპის ფობიებსა და ნევროზულობას გაუსვამს ხაზს. ამ პერიოდში წინ წამოიწევს ტენდენცია დავსახოთ არარეალური გეგმები, რომელსაც სამომავლოდ ასრულება არ უწერია. მით უმეტეს, რომ მერკური რეტროგრადულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის ბოლოსკენ ჩვენი გეგმები აუცილებლად შეიცვლება სულ სხვა მიმართულებით. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. აქტიურია ალერგიულობისა და კვებითი ინტოქსიკაციის საფრთხე.
კვირის ბოლოს ვენერას დაძაბულმა ასპექტმა პლუტონთან, შესაძლებელია პარტნიორულ კავშირებში დაძაბულობა, დრამატული სიტუაციები, ეჭვიანობა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის მოთხოვნილება გამოიწვიოს. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და მეტი ლოიალურობით მოეკიდეთ საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს.
ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ მოინდომებთ სიტუაციის ტოტალურ კონტროლს და რაც ყველაზე მთავარია, ნუ შეეცდებით უკვე არსებული კავშირები წუთიერი ემოციის გამო სამუდამოდ, ერთი ხელის მოსმით გადაუძახოთ წარსულში. გახსოვდეთ, წინ მთვარის დაბნელებაა – რაც იმას ნიშნავს, რომ მცდარი გადაწყვეტილებების მიღება ემოციურ ნიადაგზე ძალიან მარტივი იქნება. თუმცა ამ ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში სამომავლოდ შეუქცევადი პროცესების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ძველი ანდაზა – “ათჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი” – ამ დღეებში საოცარ აქტუალურობას იძენს.

წყარო: astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი