კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-11ოქტომბერი

49
SHARE

ოქტომბრის თვეს, როგორც წესი, “ორსახოვნება” ახასიათებს, იმიტომ რომ, მზე ამ თვის მანძილზე ორ რადიკალურად განსხვავებულ ნიშანს – დიპლომატიურ სასწორსა და ექსპანსიურ, რისკის მოყვარულ მორიელს სტუმრობს. შესაბამისად, თვის პირველი ნახევარი თუ შედარებით ჰარმონიულია ბევრი ჩვენთაგანისთვის, უკვე ოქტომბრის მიწურულს ექსტრიმი მძაფრობს ამა თუ იმ საკითხების გადაჭრისას. არც ეს ოქტომბერი გახლავთ გამონაკლისი ამ მხრივ. თუმცა, მოდი, ჯერ კარგზე გავამახვილოთ ყურადღება.
დაწყებული თვის დასაწყისიდან, მოყოლებული 10 ოქტომბრამდე პლანეტა მერკური რეტრო-ფაზაში მოძრაობს. ამასთან ერთად, მისი რეტროგრადული ფაზა დაბნელების ენერგეტიკასაც დაემთხვა გასულ კვირას, შესაბამისად, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გააქტიურდა იმ საკითხების გადაჭრა-მოგვარების აუცილებლობა, რომელსაც ჯერ კიდევ მარტი-აპრილის ან აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. თუმცა ასტროლოგები ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ გვირჩევენ, იმიტომ რომ, სიტუაცია გარკვეულ ბუნდოვანებას ატარებს, ამიტომ აჯობებს საბოლოო “ვერდიქტის” გამოსატანად მერკურის მოძრაობის გასწორებას დაელოდეთ – ეს კი 10 ოქტომბერს მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ, საღ გონებაზე მიიღეთ გადაწყვეტილება.
კვირის დასაწყისში მზისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტაციის გამო, საკმაოდ აქტიურად დადგება ძალაუფლების გადანაწილების და ამ საკითხზე ხმაურიანი კამათის წარმოშობის აუცილებლობის თემა. ამ ყველაფერს კი უკვე 7-8 ოქტომბრისკენ მარსი-ნეპტუნის ასპექტები გარკვეულ ჩახლართულობას დაუმატებს. თუმცა, პლანეტარული განლაგების წყალობით რეალური და რაც მთავარია, სამართლიანი დასკვნების გამოტანა საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც არ გაუძნელდება. მით უმეტეს, რომ კვირის ბოლოსკენ პლანეტა ვენერა ლომის ზოდიაქოს დატოვებს (სადაც იგი საზოგადოების თვალსაწიერზე გათამაშებულ არაერთ “საყოველთაო სპექტაკლს” უწყობდა ხელს) და პრაგმატულ, ობიექტურ ქალწულს მიაშურებს. ქალწულის ნიშანშივე იმყოფება ამ დროს პლანეტა მარსი და იუპიტერიც. ეს შესანიშნავი მიწის “ტრიადა” კი საბოლოო ჯამში შექმნის უმთავრეს პოზიტიურ ფონს ოქტომბრის პირველ ნახევარში საიმისოდ, რომ ბიზნესისთვის, ეკონომიკისა და ზოგადად, ფინანსური ინსტიტუტების განვითარებისთვის კარგი კლიმატი შეიქმნას.
კვირის მიწურულს, ვენერასა და სატურნის დაძაბული ასპექტის გამო ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვენერა პრაგმატული და მეწვრილმანე ქალწულის ზოდიაქოს გადის, შესაძლებელია მოიმატოს დაოჯახებულ წყვილებს შორის განხეთქილების ალბათობამ. პრობლემების სათავე კი შესაძლოა სავსებით ბანალური – საფინანსო თემები, ან პარტნიორის ის ჩვევები იქნეს, რომელიც ჩვენში დიდი ხანია გაღიზიანებას იწვევს.სასურველია, ნაკლებად ჩაერთოთ ოჯახურ კინკლაობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტს ხანგრძლივი პერიოდით მოჰყვება მეუღლეებს შორის გაცივება. უმჯობესია, მოახლოებული ვიქენდები ინტერიერის შეცვლას, ავეჯის გადაადგილებას ან საერთო დასვენება-გაჯანსაღების პროცედურებს მიუძღვნათ. ასე თავიდან აიცილებთ პრობლემებს, რომელიც რეალურად არც ისე დიდი და გლობალურია საიმისოდ, რომ კონფლიქტის მიზეზად აქციოთ.

FB კომენტარები

კომენტარი