კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა – 16 წლის მოზარდი კომაშია

112
SHARE

ლამარა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში პეტიციას ავრცელებს, რეანომობილის მოთხოვნით. მისი თქმით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.

როგოც პეტიციის ავტორი აღნიშნავს, რეანომობილის უქონლობის გამო, 16 წლის მოზარდი, რომელიც დროულად ვერ გადაიყვანეს კლინიკაში, ისევ კომაშია. მოზარდი 22 ივლისს რაჭაში, ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა დასასვენებლად და შეუძლოდ გახდა. ლამარა ბოჭორიშვილი​ს თქმით, რეანომობილს გზაში სუნთქვის აპარატი გამოერთო და მოზარდი ჯერ ტყიბულში, შემდეგ კი – ქუთაისში დაგვიანებით გადაიყვანეს. ​

აღნიშნულ ფაქტს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ​კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა და პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა სრულყოფილად ვერ მოხერხდა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

“სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, პაციენტ ლუკა ფოფხაძის საკითხთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება მოახდინა. სააგენტოს კომისია უკვე იმყოფებოდა ამბროლაურში, ტყიბულსა და ლენტეხში. ინფორმაცია მოძიებულია ასევე ქუთაისის იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ამჟამად იმყოფება პაციენტი. პირველადი მოკვლევით, გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. ​

რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით, რეგულირების სააგენტო დაიწყებს სამედიცინო დაწესებულებების და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმებას”,- ნათქვამია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FB კომენტარები

კომენტარი