“იძულებული ვარ, დავწერო, თუ რატომ მივიღე სამედიცინო განათლება მოსკოვში”

73
SHARE

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო სამედიცინო განათლება მოსკოვში:

“იძულებული ვარ, საჯარო პოსტი დავწერო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მივიღე სამედიცინო განათლება მოსკოვში (ძალიან შევწუხდი), რა თქმა უნდა, ვაბარებდი თბილისში – 1979-1980 წლებში, როდესაც როგორი ჭკვიანიც  უნდა ყოფილიყავი, თუ გაზ-24-ის ფული არ ჰქონდა მამიკოს (მამაჩემს არც კი გავაბედინე ვინმესთან მიახლოებაც კი, იმდენად თავდაჯერებული ვიყავი), 0,5 ქულა რომ დაგაკლდება, მისახვედრია ხომ, რატომ…თუმცა აქა-იქ ხვდებოდნენ “ჩვეულებრივი” ბავშვებიც, ალბათ, იღბლიანები. ისეთი გამწარებული ვიყავი 7 წლის განმავლობაში, სამედიცინო ინსტიტუტთან გავლისას კვინკეს შეშუპება მემართებოდა. მოსკოვმა გამოაცხადა მიღება მოსამზადებელ ფაკულტეტზე და თვალდახუჭული გავემგზავრე, მშობლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად! ფურორი მოვახდინე გამოცდებზე (იმიტომ,რომ იქ ძალიან მინიმალური ცოდნაა საჭირო მოსამზადებელზე ჩასაბარებლად, რადგან სტაჟით აბარებდა ხალხი, ამასობაში, მეც სანიტრის სტაჟი მქონდა. არ გეგონოთ, არ მიმუშავია, ამასაც სიამოვნებით ვაკეთებდი, ვინაიდან ჩემი ოცნება იყო ექიმობა, თან რეპეტიტორებთან მომზადებული. ქვას ხეთქავდა ჩემი ცოდნა). არაფრით არ მინანია იქ ჩარიცხვა იმიტომ, რომ იმ პერიოდში თქვენ აქ ვის სახელმძღვანელოებსაც ეძებდით და ვერ შოულობდით, მე იმ ადამიანებთან პირდაპირი შეხება მქონდა – მიკითხავდნენ ლექციებს ადო, სლუსარი, სამსიგინა, ისაევა, შაბალოვი და ა.შ… რამდენი სახელმძღვანელო მიყიდია და მატარებლით გამომიგზავნია ჩემი მეგობრებისთვის…ვსწავლობდი იმ ინსტიტუტში, სადაც საქართველოს ყველა “დიდი კაცის” შვილი სწავლობდა პირველი 3 კურსის მანძილზე მამიკოსგან ჩატანილი ქართული კონიაკების, ჩურჩხელების, ღვინის წყალობით, მაგრამ მერწმუნეთ, კლინიკური დისციპლინების დაწყებისთანავე ყველა”შტერი” და ზარმაცი ირიცხებოდა ინსტიტუტიდან ისე, რომ ინსტიტუტში პირველ კურსზე ჩავირიცხეთ 30 ქართველი და დავამთავრეთ 8 ადამიანმა!!! ძალიან გამიმართლა, მოვხვდი ჯგუფში, სადაც დიპლომატების შვილები სწავლობდნენ – ძირითადად, უცხელები. მათთან და ბევრ სხვა პროგრესულად და საღად მაზროვნე რუსთანაც ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს!!! დავამთავრე ბრწყინვალედ! დამთავრებისთანავე შემომთავაზეს უბნის პედიატრად (უდიდესი დეფიციტი იყო) მუშაობა შემდეგი პირობებით – ჩაწერა მოსკოვში, ერთოთახიანი ბინა და კარგი ხელფასი, რაზედაც მყისიერი უარი განვაცხადე, რადგანაც მიჭირდა მათთან თანაცხოვრება იმიტომ, რომ არ უყვარდათ ქართველები და საქართველო ქართველების გარეშე უნდოდათ. არ ეხება ყველას, მაგრამ «собачий язык» და «чернож…й»-ის მათ ვერ ვაძახებინებდი ვერცერთ ქართველზე…წამება გავიარე თითოეული ნიშნის მოსაპოვებლად, ბევრჯერ სიმწრისგან თავი მიმირტყია კედლისთვის, თვეობით არ მიძინია ნორმალურად. მაინც 5-ს რომ დაგიწერს და პატარა მინუსს  – გვერდზე და, რაც მთავარია, პირდაპირ გეტყვის ირონიით – ეს ჩემი სიამოვნებისთვისო… ამიტომაც ფაქტია, რომ მე, თავისუფლების მოყვარულ ადამიანს იქ არ დამედგომებოდა. მოვათავე ყველა ინსტანციაზე სწავლა, გავიარე არაჩვეულებრივი პრაქტიკა (ამაში ნუ შემომედავება ნურავინ, რომ იმ პერიოდისთვის იქ სწავლა, სამედიცინო განათლება უდავოდ კარგი იყო. თუმცა ეხლა, რა თქმა უნდა, აღარ მომწონს)მაშინ იქ სწავლა ევროპაში სწავლის ტოლფასი იყო… მაგრამ, სამაგიეროდ, იქ დარჩენა სამუდამოდ ჩემთვის ღალატის ტოლფასი იყო და ამიტომაც ვთქვი ყველაფერზე უარი!!!!მას შემდეგაც უამრავი შეთავაზება მქონდა,მაგრამ არა, არა რუსეთს!!!!! თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მყავს ადამიანები იქ, უსაყვარლესები, საღად მოაზროვნეები, რომელთა უმეტესობა გაიქცა ევროპასა და ამერიკაში და მოსკოვშიც დარჩნენ, საუკეთესოები მართლაც.

აი, რატომ ვაფასებ ეროვნულ გამოცდებს. მოტივირებული თუ ხარ სწავლისთვის, აუცილებლად ჩაირიცხები შენთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში!!! ჩემი დევიზია – არა ოკუპანტს. ყველაფერში “არა” მის დამპყრობლურ რეჟიმს.  გზა დამოუკიდებლობისკენ. იმედია, არავის აღარ გაუჩნდება კითხვა, რატომ წავიდა სასწავლებლად ინგა მამუჩიშვილი მოსკოვში. კორუფციას გავექეცი, იმ პერიოდში საბჭოთა წყობილება და დიდი უსამართლობა იყო საქართველოში!!! აი, ეს აღარ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში!!!უნდა ვიფიქროთ ნამდვილ დამოუკიდებლობასა და ცივილიზაციაზე.

P.S ინსტიტუტის შემდგომი განათლება, 2 დისერტაცია (საქართველოში) პუბლიკაციები, მუშაობის პრაქტიკა ქვეყნის გარეთ (არა რუსეთში), სახელმძღვანელოები, პრაქტიკული გამოცდილება, უამრავი საზოგადოებრივი ჯილდო! და ყველაზე მთავარი, ჩემი პაციენტების სიყვარული და მათგან მიღებული ენერგეტიკა, რომელიც ყველა დიდებაზე მაღლა დგას”, – წერს მამუჩიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი