იცი, გაზაფხული მოვიდა… მგონი. (სენტიმენტალური ნიღაბი)

631
SHARE

ხშირად ხდება, ვფიქრობ, რომ „ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა“, როცა ღამით ცრემლი მომდიოდა და ტუჩებზე ვითვლიდი გარინდებულ სიმარტოვეს. არადა, დღემდე ვერაფრით ვეშვები ღამეების გათენებას და მზის ამოსვლასაც ერთად ვხვდებით მე, ჩიტების ფიტულები და ჩემი თვითმკვლელი თევზები. ყოველ დილით მაკიაჟით ფერების ცვლაღა თუ გაგაფერადებს, სხვა არაფერი. სულ არ უხდება სევდისფერ სამოსს ეს ყველაფერი, მაგრამ გარეგნულად მაინც ხომ უნდა იყო ფერადი? უნდა იყო… უნდა იყო…

იქ, სადაც სამასკარადო ნიღბების და ფერადი ფანქრების მაღაზიაა ახლა, მე და შენ უნდა გვეცხოვრა. სურათში დავრჩით, მოგონებებშიც ალბათ და შეიძლება კონკრეტულმა სურნელმაც გაგახსენოს “ფაო”.

ისევ წვიმს, ისევ. რით ვერ გამოთბა… რით ვერ გა(მო-მი(გვი))თბა… ისევ სველია ასფალტი. გაზაფხულის სუნს ისევ ერევა ბენზინის სუნი. შენ კვლავ ხედავდი როგორ ვიდექი სველ ასფალტზე თმაჩამოშლილი, როგორ მასველებდა წვიმა.. გიყურებდი თვალებში და არ მჯეროდა, რომ ჩემს ყველაზე დიდ და გულწრფელ ოცნებებს ვხედავდი მათში, კალაპოტში მოქცეულს. არ მოვსულვარ…

რა უნდა მეთქვა? რომ შენს თვალებში ყურება სახლში დაბრუნებას ჰგავდა? თუ ის, რომ შენიდან წამოსულ ჰაერს ვსუნთქავდი იმ წვიმიან დილას და შენი ფილტვების სივრცე იმდენად მეძვირფასებოდა, რომ ვერსად გაგიშვებდი? როგორ მეთქვა, რატომ შევწყვიტე იმ დღეს სიცილი მოულოდნელად, რატომ გავჩუმდი… რა მეთქვა, რა… რა, რა გითხრა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს უწვრილეს ძაფზე გავდიოდე… არსად შეიძლება გადახრა, არ შეიძლება რადიკალიზმი. ოღონდ ახლა ნუ, ოღნდ ახლა არა… ეს წვრილი ძაფია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ყოფნა-არ ყოფნას შორის. სიხარულსა და სევდას შორის. წასვლასა და დარჩენას შორის… მე დარჩენას ვარჩევდი, ყოველთვის, ყოველთვის. დავრჩებოდი ოქტომბრის სევდიან ფიქრებად, ან პირველ ფიფქებად ნოემბრის მიწურულს… იისფერ დილის ერთად შეხვედრად და ფინჯანი ყავის პირველ ყლუპად. უბრალო, მარტივ და ყველაზე ნამდვილ სიხარულად, მარტო მე და შენ რომ გავიგებდით. ნოტებზე, კოსმოსში, ფიქრებში, გრძნობებში…. შენში, შენთან.

მე მაჩუქეს აპრილის ფერადი კაბა და… უნებლიე იძულებას ჰგავდა ეს ყველაფერი. „მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა, არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.“ მოდი… მოდი და მითხარი, რომ „მოგვატყუა იმ წვრილთვალება იაპონელმა კაცმა და ჩვენ არასოდეს დავრჩებით მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად, ერთმანეთთან ვერმიახლოების გარდაუვალი განაჩენით“… და რომ „ყველა ქალის ისტორია არასოდეს იწყება ამით…„მითხარი, რომ არასოდეს მოგვიწევს უერთმანეთობის ყალბი ნიღბის მორგება და ამ სამწუხარო როლის ვირტუოზულად თამაში… რომ ჩემს ფრთებზე აქერცლილი საღებავი აღარასოდეს მოგვაგონებს წარსულის ტკივილს. ზოგჯერ პატიება ყველაზე მძიმე სასჯელად გვექცევა, მონანიება კი ყველაფერზე ზედმეტია ზოგჯერ… აღარ მინდა ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება… უბრალოდ თვალები მინდა დავხუჭო. და სულ ეს არის, ეს არის სულ. იცი, გაზაფხული მოვიდა… მგონი. უშენობის არ დატყობა ყველაზე ყალბი ნიღაბია, რომელსაც ყველაზე დიდი წარმატებით ვხმარობდი.

FB კომენტარები

კომენტარი