ის ქალი

147
SHARE

ბლოგი-ფლუიდები – ექსკლუზიურად “კვირასთვის”

ურთიერთობა რომ ჩიხში შევიდა, ქალმა მაშინ გადაწყვიტა ცოლად გაჰყოლოდა,  სამ წელიწადში უკვე ორი ბიჭის დედაც გახდა, და გარანტირებული მეცხედრეობაც ამით გაიფორმა. ამან ოჯახი საგრძნობლად გაამყარა და კაციც მიხვდა, რომ ეს მისი ბედია.

ყველაფერი დაეწყო, სამზარეულოც, საძინებელიც.  ყოფით პრობლემებს, რომელსაც ადრე დედა აგვარებდა, ახლა ცოლი ჩაენაცვლა, დისკომფორტი  მხოლოდ დროის ის მცირე მონაკვეთი იყო, სანამ ახალმა ქალმა ნაჩვევი საკვების მზადებაში ხელი გაიწაფა. შარვალსაც ზუსტად ისე ჰქონდა ერთი ზოლი წინ, როგორც უწინ, კატლეტებიც ზომიერად დაბრაწული იყო და, რაც მთავარია, სახლში გვარის ორი გამგრძელებელი იზრდებოდა. ქალის საქმეც ხომ ეგაა. ამას მაშინ მიხვდა ცოლი, როდესაც მეუღლემ მესამე შვილის გაჩენაზე თავის შეკავება სთოვა, არადა, ის გოგო იყო და ძალიან დასწყდა გულს პატარა გოგონას მოშორება. მაგრამ არა უშავს….

სამწლიანი  დეკრეტულის მერე ჯერ ფორმაში მოსვლაა ძნელი და მერე უკვე სამსახურის ძებნაც. თუმცა ამაზე მეუღლის დედამ (რომელსაც პირველივე შეხებაზე თუ „დედა“ ვერ დაუძახე, მერე მოგიწევს დაუძახო „დეიდის“, ან  მეუღლის სახელით, მაგალითად, „ანდროს  დედა“ მიმართვა ან უბრალოდ ახლოს მისვლა და ისე თქმა რამის), მოკლედ „დედამ“ იუკადრისა, ჩემი შვილის დედა როგორ უნდა დარბოდეს სამსახურშიო, ამისთვის მუშაობს ბიჭიო“! და რას იტყვიან, რა გაუჭრდათ, რძალი რომ არ ამუშაონო. მოკლედ, პირველი 5 წელი ქალი გონზეც ვერ მოვიდა ამ ახალი ცხოვრებისგან, რადგან ეს იყო სულ სხვა მოლოდინი და სულ სხვა სივრცე, სადაც ყველაფერი ისე იყო, როგორც მას არ უნდოდა.

ერთი, რაშიც დაიხვეწა ეს „კარგი სექსის“ იმიტაცია იყო.
ეს იყო ხელოვნების დონეზე. აი აქ შეეძლო ქალს საკუთარი ფარული თუ ღია ნიჭი გამოევლინა.
მთელი დრამატურგიული განვითარების ხაზით.
ეს იყო იმიტირებული პოლიქრონიული ორგაზმი და ბედნიერი ძილი.
ტყუილი ისე შემოიჭრა საძინებელში, რომ ის კარგა ხანი მათ შორისაც იწვა.
ამას გარემოებებიც უწყობდა ხელს, რადგან ფარატინა კედელს მიღმა, ან მეზობელი, ან უფრო საპატივცემულო მშობლები „გან“ისვენებდნენ და მათ არ უნდა ეფიქრათ, რომ ახალგაზრდები რაღაცას ცუღლუტობენ, მერე დილით მამამთილისთვის თვალებში ყურება რომ არ გაძნელებულიყო. ამიტომ იყო საჭირო ბგერების კონტროლიც…

არა, უშუალოდ სექსს მივუბრუნდეთ…

ის იყო პირველი, ვისაც პირველად შეხვდა. შესაბამისად, მისი ყველა მოძრაობა „უბიწოებასთან“ უნდა  წასულიყო.  რომ ქმრს „ზედმეტი კითხვები“ არ გასჩენოდა, რომლის პასუხადაც ვერ ივარგებდა, რომ ემოცია განაპირობებს მოძრაობას.

შესაბამისად, ეს ფიქრები უფრო მეტი იყო, ვიდრე კოცნა.  მით უფრო, რომ გათხოვების პირველი 6 თვე არ დაორსულდა და სექსმა მიიღო სამუშაო ფორმატი, რადგან მთელი ოჯახი წუხდა იმაზე, რომ „შვილი-შვილი  იგვიანებს“, ამიტომ გეგმაზომიერად დაგეგმილი სექსი იყო შედეგზე ორიენტირებული და, შესაბამისად, იქ გონიერება მეტი იყო ვნებაზე…

იყო კოცნაც, რა თქმა უნდა, სისველეც. მაგრამ ეს ყველაფერი -„წესიერების“ ფარგლებში.

ისიც ადრე დილით და გვიან ღამე, როდესაც სენსიტიური საზოგადოების  ძილი ღრმააა.

მაგრამ სულ სხვა იყო კაცის მოთხოვნილებები…
დედისადმი.
ცოლისადმი.
ქალისადმი.
ბოზისადმი.
დედა კულტია. ყველა დროში. ის ხელშეუხებელია, მისი აზრები პატივსაცემია, სიტყვა კი კანონი, როგორც განაჩენი, აპელაციის გარეშე.
ცოლი- შვილების დედა და უბიწო. მარადიული განზომილებით.
ქალი სექსუალური, მუდამ ფორმაში, წარმატებული, მოვლილი, ენერგიული, აქტიური, განათლებული… სექსშიც.  სტაბილური.
ბოზი – როცა სიგიჟეა, იხდი  ფულს და კაპიკ-კაპიკ იბარებ გახდილს… სტატუსი-წამიერი. რელაქსაციისთვის.
გაორება მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ სახელები აერია კაცს, მერე პოზები და ერთხელ ნასვამზე საკოცნი ადგილიც.
დილით თვალებში ვერ უყურებდა ცოლს. მას ტყუილზე მეტად ის ადარდებდა, რომ საკუთარი შვილების დედა „ბოზად აქცია“.
ცუდი სექსი კი ცუდი საკვებივითაა და ქალიც მიხვდა, რომ იმიტირებული მხოლოდ მას არ ჰქონია სექსი და ეცადა, ფრომაში მოსვლას…ეს უბრალოდ ეცადა, თორემ სად იყო ამის ან ფიქრის, ან ქმედების დრო, სკოლა, ბაღი, სადილი სარეცხი, ბაზარი, სტუმარი…
კაცი მიდიოდა წინ, ქალი კი იყო „ოჯახში“.
და ერთ მშვენიერ დღეს, ბუნებრივია, წლების მერე  კაცი“ შეხვდა“ ქალს…

კაცი: – hi… ფოტოები ვნახე… ნახატივით ხარ…
ქალი:- მადლობა!
კაცი:- გინდა ლიტკაფეში ყავა დავლიოთ?
ქალი:- ასე უცებ?
კაცი:- თუ გინდა ჯერ სონეტებს წაგიკითხავ))))))
ან ბოლო ბოლო დაგხატავ))))
ქალი:- კიდეც ხატავ?

………………………………………………………..

კაცი: როგორ მიხვედი სახლში … ვინერვიულე…
ქალი: მძინავს უკვე…

………………………………………………………

გავიდა ცოტა დრო და უკვე იყო შეგრძნება, რომ კაცს ამ ქალის გარეშე აღარ შეეძლო, ის მასზე ფიქრობდა ყველგან, სახლის ყველა ოთახში…. და პირველად, როდესაც ქალმა წერილზე დააგვიანა პასუხი, ქმარმა გაარტყა ხელი ცოლს!

იყო მტკივნეული, უბრალოდ ის თეთრი მაისური ვერ გაშრა, რადგან გუშინ სარეცხ თოკზე დარჩა. და მოულოდნელად მოწვიმა.  ცოლი დიდხანს ნერვიულობდა, რომ მოლოდინები ვერ გაამართლა… კაცი კი იმაზე – „ის ქალი“ რატომ დუმდა. ქალმა პასუხი მოსწერა, როდესაც აბაზანიდან გამოვიდა, ცოლმა სხვა მაისური გაუმზადა ქმარს და ასე მოგვარდა პირველ ჯერზე. მაგრამ ის ქალი უფრო და უფრო აგვიანებდა პასუხს მესიჯებზე… და უფრო და უფრო დაიძაბა ცხოვრება სამზარეულოში… საძინებელში. ჯერ ჭამის მადა დაიკარგა, მერე სხვაც და ნელა-ნელა ცოლი იმ კულტად  იქცა, მხოლოდ ყოფაზე რომ იყო პასუხისმგებელი.

ჩადგა მწყობრში… კაცი მიხვდა, რომ ეს ქალი ავსებს… მისი კისრის ხაზი, პროფილის ნაკადული, ……….

მერე ყველაფერი ერთად ამოვიდა ყელში.
უხარისხმო სექსი.
უმარილო სოუზი.
ერთ ხაზზე დაუთოვებული შარვალი.
გაკრახმალებული თეთრი მაისური.
დედის ხმა.
ცოლის უნებლიე შეხება საძინებელში…
კაცი გადადის სხვა ოთახში და უკვე დედა იწყებს ნერვიულობას.
კაცს კი მხოლოდ „იმ ქალის“ კანის არომატი ანერვიულებს.
და. და ცდილობს აუხსნას, რომ უყვარს, რომ აკლია სითბო, მოფერება, ალერსი…. რომ ცოლი უკვე მეგობარია და მასთან წლები ასისხლხორცებს  მხოლოდ, და ნუ მოკლავ ამისთვის!
ის თანახმაა, ყველაფერი დაანგრიოს სახლში… ახალი კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი, გონივრული მაცივარი…. ოჯახიც კი.

დუმს „ის ქალი“…

ა (ღა) რ პასუხობს.

…………………………………………………….მასაც ჰყავს ქმარი.

FB კომენტარები

კომენტარი