კარალიოკის კურკაში რასაც ნახავთ, გაგაოცებთ

350
SHARE

მინის კარს რომ ვერ შეამჩნევ და თავით შეასკდები, იმ შეგრძნებით გავიღვიძე. არც შევმცდარვარ, ოღონდ მინის კარს კი არა, ფანჯარას მივენარცხე სახით. ჯერ მეტკინა და მერე შევაგინე მძღოლს, თუ პირიქით, აღარ მახსოვს. ფანჯრიდან გავიხედე, ისევ გავცდი ჩემს ქუჩას. როცა 50 წელს გადააბიჯებ, ალბათ სრული უფლება გაქვს, „მარშრუტკაში“ ჩაგეძინოს, 21 წლის ასაკში კი – არამც და არამც! ტელეფონის ეკრანი ჭერზე დამაგრებულ ნათურებს ირეკლავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კომიდან ახლა გამოვედი. ცხვირს ვისრეს, ჯიბეში ხურდებს ვჩხრეკ და ძილისგან დაბოხებული ხმით, შესამჩნევად აგრესიული ტონით ვეძახი მძღოლს – გამიჩერე!! ჩემში ისევ შუახნის ჭეშმარიტი მანდილოსანი იღვიძებს – ორშაბათიდან პარასკევამდე რომ შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ცხოვრობს, შაბათ-კვირას კი – მამაოსთვის და ღმერთისთვის. ხურდებს ხელში ისე ვუყრი, ნეკა თითის ფრჩხილის სიგრძით გაღიზიანების თავიც არ მაქვს და ჩამოვდივარ. დაღლილობა ქეჩოში მექაჩება, არადა ჯერ 21-ის ვარ.

ჩამოვედი, ცოტა ფეხით გავიარე. ქუჩის კუთხეში შენობასთან მიყენებულ ურიკაც, ე.წ. კაჭკას ვხედავ. აი ისეთს, მძღოლები ვაგზალზე რომ მოარიხინებენ და „დაროგა, დაროგაო“, – გაიძახიან. შავი წერტილი, შორიდან რომ მოჩანდა, ჯერ დიდ ლაქად გადაიქცა, შემდეგ კი ადამიანად. კაცს მუქი ხაკისფერი ჟილეტი ეცვა. ზუსტად ისეთი, „ახოტა ი რიბალკაზე“ ტბების და მდინარეების პირას უსაქმურად ჩამომსხდარ ანკესებიან კაცებს რომ აცვიათ ხოლმე. ზემოდან კი დაძენძილი ქურთუკი ჰქონდა მიფარებული. ფეხზე ნაჭრებით შეკრული, დენიკინის დროინდელი ნაიკის ბოტასები ეცვა. ეტყობოდა, ჩინეთში თეთრი შეკერეს, ოდესღაც. კაცი მუყაოგადაფარებულ „კაჭკაზე“ გაშხლართულიყო, თან, საცოდავად მოკუნტული მეჩვენებოდა. რამდენიმე ზომით დიდი და დაგლეჯილ ფეხსაცმელებთან პარკი ეგდო, იქიდან კი ორი ცალი კარალიოკი მოჩანდა.
გაიღვიძებს კაცი, მიიღებს კიდევ ერთდღიან გამოწვევას ცხოვრებისგან და სანამ ვაგზალზე წავა სამუშაოდ, აიღებს იმ შემოდგომისფერ ხილს, ფეხებთან რომ უგდია და დაჭიანებული, დაყვითლებული კბილებით ჩაკბეჭს. რაც ძალი და ღონე აქვს, ყბებს ერთმანეთს მოუჭერს და კურკას გამოაცლის. მერე კურკას გატეხს, იქიდან კი პატარა, კოვზისმაგვარ ნამცეცს ამოიღებს. მარჯვენა ხელის საჩვეებელ თითზე დაიდებს და მიხვდება, რომ ცხოვრება ღირს მანამ, სანამ კარალიოკის კურკის გატეხა ჩაფცქვნილი კბილებითაც შეგიძლია. ვიცი, ეს კაციც თამაშობდა ბავშვობაში წრეში ბურთს და ორდროშობანას. ესეც აგროვებდა გახვითქული ხუთ ან შვიდ კენჭს და მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს აწყობდა მონდომებით. ზუსტად ვიცი, ისიც ხარხარებდა მეგობრების მოთხრობილ ამბებზე გულიანად. ვიცი, ისიც ოცნებობდა ლამაზ ცოლსა და შვილებზე, რომელთან ასწავლიდა, რომ ის პატარა ნამცეცი, კარალიოკის კურკის შიგნით როცაა, ყველაზე გემრიელია.

ვხედავ თმა-წვერ გაბურძგნულ შუახნის კაცს და 21 წლის ასაკში თავი მისი ტოლი მგონია. მგონია, მეც ურიკაზე ვარ მოკუნტული და ყოველი ახალი დღეს ისეთი შიშის შეგრძნებით მავსებს, ძვლებში მივლის. მგონია, ყოველი დღე მინაზე სახის მიხლით გასრულდება. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ონკანში გაჩხერილი ლითონის ჟანგიანი ნაგლეჯი. წყალი მაწვება, მაგრამ საკუთარ ზომებსა და ფორმებს ვერაფერს ვუხერხებ. თავის დაძვრენაც არ გამომდის. დიდი უცნაური ვინმე კია ეს ჩემი ღმერთი! ვთხოვე, შევაწუხე, შუამავალი მივუგზავნე, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც აქ, მაინცდამაინც იმ დროს, მაინცდამაინც მე უნდა გავჩენილიყავი?! მე ხო ვიცი, განგებ გააკეთებდა! ღმერთმა განგებ თუ განგებამ? განგება ის კაცია, კომბლებს რო თლის და ჭერში აწყობს და ვინც არ მოეწონება თავში რო ჩასცხებს – ეს ფრაზა საიდან მახსოვს, არ ვიცი, თუმცა განგებას რომ არ მოვწონვარ, ეს ისევე შესამჩნევია, როგორც უხასიათობა მენსტრუაციისას.

მივდივარ, შუახნის ქალის ფიქრებით დატვირთული. თავში სინათლის სიჩქარით მოძრავი აზრები მიტრიალებს და ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ მომავალი არ ღირს იმად, რომ მასზე ვიფიქრო.

არ დაგავიწყდეთ, ყოველთვის გატეხეთ კარალიოკის კურკები…

წყარო:https://maikochanturidze.wordpress.com

FB კომენტარები

კომენტარი