ისწავლე, როგორ მოაწონო თავი

62
SHARE

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის “მიწოდების” უნარი, ღირსებების ხაზგასმა. მაგალითად:

1. ლამაზი ფეხების ლამაზი ნაბიჯი: ძველთაგანვეა ცნობილი, რომ ქალის ლამაზი ფეხების დანახვა მამაკაცს ძალიან აღელვებს, განსაკუთრებით, სიარულის მანერა და ფეხების მდებარეობა სიარულისას. ისიც ვიცით, რომ ქალის რბილი ნაბიჯი, როცა ის ერთ ფეხს წევს, ან მეორეს და თან ეყრდნობა თითებს და არა ქუსლებს, მსუბუქი სიარულის მანერას გამოიმუშავებს – რაც ქალური ხიბლის განუყოფელი ნაწილია.
ქალი, რომელსაც ლამაზი ფეხები აქვს და ლამაზად დადის, ათობით მამაკაცის დაინტერესებულ მზერას იპყრობს.

2. რამდენიმე სიტყვა იმაზეც ვთქვათ, როგორ უნდა იჯდეს ქალი, რომ ფეხი უფრო ლამაზი გამოჩნდეს და სასურველი ეფექტი მოჰყვეს.
შეიძლება იჯდე მუხლებმიტყუპებული და ტერფები კი ირიბად განალაგო, შენთან ახლოს. ან ფეხი ფეხზე გადაიდო და აქცენტი მუხლებსა და ტერფებზე გააკეთო. ამასთან ერთად, ნამდვილი ქალბატონისთვის დაუშვებელია გაშლილი მუხლებით ჯდომა. ქალის ფეხის ხაზი ამ პოზიციაში არამომგებიან, უსიამოვნო, არაესთეტიკურ შთაბეჭდილებას ქმნის.

ქალების უმრავლესობა თვლის, რომ მათი სილამაზე სამი მეოთხედით მაინც დამოკიდებულია ამა თუ იმ კოსმეტიკურ პროცედურაზე და ავიწყდება, რომ კიდევ არსებობს მიმიკა, სიცილი, ტირილი, მრავლისმეტყველი მზერა და სხვა ფაქტორები, რომლებიც კოსმეტიკაზე გაცილებით ძლიერია და ან ხაზს უსვამს, ან ამახინჯებს ქალის ლამაზ ხატს.

3. როგორ უნდა გაიღიმო?.. ღიმილი ხშირად უნდა ამკობდეს სახეს, მაგრამ გულიანი სიცილის უფლებას თავს მხოლოდ ის ქალი აძლევს, რომელსაც ჯანსაღი,კარგი კბილები და ლამაზად მოხაზული ტუჩები აქვს. მათ საბედნიეროდ, ვინც ამ ღირსებას არ ფლობს, ნახევარღიმილებისა და სხვა “მომღიმარი” მდგომარეობის მთელი გამა არსებობს. მათში თვალები, ღაწვის ჩაღრმავებები ან მომხიბლავად დანაოჭებული ცხვირი მონაწილეობს.
ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ყველა სამეგობროშია მხიარული კისკისა გოგონა, რომელიც ყოველთვის დაინტერესებული მამაკაცების გარემოცვაში არის, ხოლო დარდიანი ქალები – მარტოობაში იწყენენ.

4. თუმცა… არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცრემლებიც – ჭკვიანი ქალის ხელში მამაკაცებთან ურთიერთობისას ღირებული იარაღია. ძალიან გავრცელებულია აზრი, რომ ტირილი დამატებით ხიბლს სძენს დიდთვალება ქერათმიან ქალს ბავშვური გამომეტყველებით; თუმცა ტირილის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამ ბოლო არგუმენტს მხოლოდ ყველაზე კრიტიკულ მომენტში უნდა მიმართოთ. მამაკაცები ქალური ცრემლების დანახვაზე შეშდებიან, იქუფრებიან და, როგორც წესი, ქალს უთმობენ, რისი “დამტკიცებაც გვინდოდა”.

5. ცრემლების ნაცვლად კიდევ ერთი ნაცადი იარაღი რჩება – წყენით სავსე დუმილი. დუმილის დღეები! გვარწმუნებენ, რომ ეს “წამება” ნებისმიერ მამაკაცს “ამარცხებს”.

6. ფიზიკური სილამაზის მნიშვნელოვანი ფაქტორია – თმა. ქალებს, რომელთაც თხელი და არცთუ ლამაზი თმა აქვთ, ათასგვარი თავსაბურავის არსებობა არ უნდა დაავიწყდეთ. მათი სწორად და გემოვნებით გამოყენება ვარცხნილობის ნაკლოვანებას აუცილებლად დამალავს. ზოგჯერ თმის სილამაზესაც უსვამს ხაზს. თმის სილამაზეზე მთავარ აქცენტს მხოლოდ მოდური ვარცხნილობა არ აკეთებს. ყველაზე დიდი ღირსება თმისთვის სისუფთავე, სხივი, აბრეშუმის სირბილე და მსგავსი მახასიათებელებია.

საკუთარი სხეული კრიტიკულად და ობიექტურად უნდა შეისწავლო. შენიშნო ნაკლიცა და ღირსებაც, შემდეგ კი შესაფერისი საშუალებით შენიღბო ან გამოკვეთო, რაც დასამალ-გამოსაჩენია.

* * *

ძნელია ვინმეს ურჩიო, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, ეს არც არის ჩვენი ამოცანა. უბრალოდ იმის შეხსენებაა ხშირად საჭირო, რომ ქალი მრავალი წელი უნდა მოსწონდეს ქმარს, ყოველი დღით უნდა ცდილობდეს სულიერ სრულყოფილებას თუ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას, რადგან…

…რადგან მორღვეული მორალური ჯებირების პირობებში უამრავი ქალი ისევე ნადირობს ცოლიან მამაკაცზე, როგორც აქამდე უცოლო და თავისუფალ კაცებზე ეჭირა თვალი. რჩებოდე ერთადერთ სასურველ ქალად, ერთი-ორი წელი კი არა, მთელი ცხოვრება, ძალისხმევისა და სიყვარულის სინთეზით მიიღწევა.

მთავარი მაინც – სიყვარულის საკუთარი “მელოდიაა” (ფიზიკური და სულიერი ერთობით შეთხზული). როცა საყვარელი მამაკაცი ამ მელოდიას ეჩვევა, ამ მელოდიით სუნთქავს, სხვების დამიზნებული ამურის ისრებისთვის მიუწვდომელი ხდება.

წყარო: eva.ge

Comments

comments