ირაკლი კაკაბაძე – რატომ მომწონს ჩემი მშობლების ოჯახი

131
SHARE

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის კანონი მიიღო. მე არ მივიჩნევ ამ აქტს დემოკრატიულ აქტად და აი, რატომ.

თანამედროვე ბიურგერულ, „ბირთვულ“ ოჯახს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. გარდა იმისა, რომ სქესის კრიტერიუმი არ აკმაყოფილებს ბევრი ამ კრიტიკოსის შეხედულებას, მრავალი ადამიანი ამბობს, რომ მონოგამიაც ადამიანს ზღუდავს. თუკი ორივე პარტნიორს უნდა პოლიგამიურ კავშირში ყოფნა და, ვთქვათ, 15-ადამიანიანი ოჯახის შექმნა, დღევანდელი დომინანტი კულტურა მას ამას უკრძალავს. ნებაყოფლობითი პოლიგამია ადამიანების ისეთივე უფლებაა, როგორც ერთსქესიანი ქორწინება. ასევე, თუკი ადამიანს – სრულიად შეგნებულად გაუჩნდა სურვილი, რომ ის იყოს ცხოველი, როგორც გიგი მიგრიაულის მთავარ გმირს უჩნდება ეს სურვილი როდრიგო ფიშერის დადგმაში 2+2=2. რატომ არ აქვს ადამიანს უფლება, მიიღოს შეგნებული გადაწყვეტილება და გახდეს, ვთქვათ, შინაური კატა? ეს ხომ შეგნებული გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია ეთიკის და მორალის ყველა ნორმა დაიცვას სწორედ ამ შეგნებაზე დამყარებულად. მაგრამ მას ამის უფლებასაც არ აძლევენ.

ერთადერთი, რისი უფლებაც და მწვანე შუქიც დღევანდელობის რომის იმპერიამ – „ნერონის იმპერიამ“ დაუშვა – ეს არის ერთსქესიანი ბიურგერული ოჯახი, რომელიც ისევ და ისევ საკუთრებაზე იქნება ორიენტირებული. მე მახსოვს, რატომ იყო მამაჩემი ამ კოსმეტიკური და ნერონული ცვლილებისა ადამიანთა მოქცევის ნორმებში.

შემოქმედმა კაცი კაცად და ქალი ქალად გააჩინა. მაშასადამე, თავიდანვე არის პრინციპულად არასწორი ბავშვისთვის იმის თქმა, რომ მას მისი სქესი „ასარჩევი აქვს“. არა – ბავშვს მისი სქესი შემოქმედის მიერ ეძლევა და მან ეს სქესი უნდა გამოიყენოს. ბავშვს ფსიქიკა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არა აქვს და მისთვის იმის ლაპარაკი სკოლაში ან ოჯახში, რომ: ‘შენ შეგიძლია ბიჭი იყო და შეგიძლია იყო გოგო – არის სრულიად დამაბნეველი და ბავშვის უფლების დარღვევა. ეს მას გარკვეულობას ართმევს – და მსოფლმხედველობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შანსს ართმევს. ეს არის ბავშვზე ძალადობა. ღმერთის მიერ გაჩენილ ბავშვებზე ძალადობა – კულტურული ძალადობა – არცერთ იმპერიას არ შერჩება – არც ყველაზე ძლიერებს. ნერონის იმპერიამ თავის დროზე ეს კარგად ნახა.

ოჯახის დანიშნულება არის, რომ ქალის და კაცის ერთობით ბავშვები აღზარდოს. სრულწლოვანებამდე ბავშვი არის მისი მშობლების მილეოში და მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს შემოქმედის მიერ შექმნილი წესი. როდესაც ბავშვს გარკვეული ცოდვის ჩადენისაკენ ვუბიძგებთ – ეს არის საშინელი დანაშაული ადამიანის მიმართ. ისევე როგორც არ შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ ქურდობის, ძარცვის, მოტყუების, მკვლელობის, ჩაგვრის და სხვა ცოდვების შესახებ – ასევე კატეგორიულად მიუღებელია მისთვის სქესობრივი აქტების პერვერსიულ ბუნებაზე ველაპარაკოთ და თავში ჩავუდოთ, რომ ეს „ნორმალურია“.

სქესობრივი აქტი შემოქმედმა შექმნა იმისათვის, რომ ეს ადამიანების სიყვარულს და გამრავლებას მოემსახუროს. ეს იყო ბუნების ჩადებული კოდი. მე-19 და მე-20 საუკუნეში ადამიანმა დაიწყო ბუნების წინააღმდეგ თამაში, თავისი შეზღუდული „რაციოთი“ – ანუ ეგრეთ წოდებული გონებით. მან დაიწყო ფიქრი ბუნების დაპყრობაზე ან შეცვლაზე. ეს კი ხშირად კატასტროფებით მთავრდება. ასე იყო ჩერნობილის კატასტროფის დროს, ასე ქარიშხალ „ქათრინას“ კატასტროფის დროს, ასე იყო ჩვენში მომხდარი უკანასკნელი წყალდიდობის ტრაგედიის დროსაც. ადამიანი ბუნებას არ უნდა ეომოს და არ უნდა ეცადოს მისი კანონების შეცვლას.

ცხადია, უცოდველი არავინ ვართ და ზრდასრულობაში ბევრ ადამიანს თუ არა, ყველას გაუელვებს მაინც ქორწინებისმიღმიერი სქესობრივი ლტოლვა. მაგრამ, ეს არანაირად „ნორმა“ არ არის. ეს ზუსტად ის „ცოდვილი ბუნებაა“, რომელზეც სახარებაშია საუბარი. ყველა ის გადაცდომა, რომელიც ადამიანს აშორებს სიყვარულის და გამრავლების თავიდან დადგენილ წესს, არის გადახვევა შემოქმედის მიერ დაწესებული წესისა. მამაჩემი ამბობდა, რომ ნერონის იმპერიამ ლპობა სწორედაც რომ მაშინ დაიწყო, როცა ბუნებას ომი გამოუცხადა გარყვნილების დაკანონებითო. დიახ, ბუნებას და ღმერთს ვერც ერთი იმპერია ვერ მოერევა – რაც არ უნდა დიდი ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობები ჰქონდეს მას.

დიახ, ადამიანი ცოდვილია – მაგრამ ის ცოდვით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ცდილობდეს, სძლიოს ამ სისუსტეებს. ცხოვრების მთელი დანიშნულებაც ამაშია, რომ დაგვეხმაროს საკუთარი ცოდვების დამარცხებაში. ჩვენი სქესობრივი მიდრეკილებების დაოკება, პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. ამაშია ხშირად რომ გვეშლება ე.წ. ზრდასრულ ადამიანებს. შემოქმედმა ოჯახი ჯერჯერობით მხოლოდ იმიტომ შექმნა რომ ადამიანებმა – ქალებმა და კაცებმა – ბავშვები გააჩინონ სიყვარულით და მერე ასევე სიყვარულით გაზარდონ.

ვიმეორებ, სექსუალური პერვერსია არ არის ავადმყოფობა – ეს არის ცოდვა. და, პირველ რიგში, ამ ცოდვას ჩვენ ბავშვების წინაშე ჩავდივართ. ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ რამხელა დარტყმას ვანიჭებთ ამით ბავშვებს. ჩვენ ჩვენი საზოგადოების პერვერსიულობით ბავშვებს წამების ჩარტერებს ვუწყობთ. მეორე მხარეს თუ წავალთ – თუ „ბურჟუა მონოგამიური ერთქესიანი ოჯახი“ დაშვებულია, მაშინ რაღა დააშავა „არაბურჟუა პოლიგამიურმა ოჯახმა, სადაც ქონება თანაბრად ნაწილდება“, რომელზეც ჯერ კიდევ ადრეული უტოპისტები საუბრობდნენ? პოლიგამიაში აქ არ იგულისხმება პატრიარქალური მორმონული „ქორწინებები“ ან კიდე საუდის არაბეთის პრინცების „ოჯახები“. არა, აქ იგულისხმება ნებაყოფლობით საფუძველზე შემდგარი ერთობა, სადაც რამდენიმე კაცი და რამდენიმე ქალია. ანუ ეგრეთ წოდებული „კომუნები“, რომლებიც დღემდე არსებობს დასავლეთში. ანკი რატომ არა აქვს ადამიანს უფლება, რომ გადაიქცეს ფოცხვერად? ესეც ხომ შეგნებული გადაწყვეტილებაა? ესეც ხომ „უზენაესი გონების“ გადაწყვეტილებაა?

მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს შეგნებულ გადაწყვეტილებას, ის ზრდასრული უნდა გახდეს და მან ადამიანური განათლების სისტემა მიიღოს.

მე არ ვეთანხმები პრეზიდენტ ობამას, რომ ერთსქესიანი ქორწინება თანასწორობის ნიშანია. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ამ აქტით ჩემმა ქვეყანამ „ნერონის იმპერიის“ შეცდომა გაიმეორა, რომელსაც აუცილებლად დეკადანსისაკენ მიჰყავს. დეკადანსს კი აუცილებლად ან ეკოლოგიური, ანაც სამხედრო კატასტროფა მოჰყვება.

მე მაინც ისეთი ოჯახი მომწონს, რომელიც დედაჩემს და მამაჩემს ჰქონდა. და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ბუნებასთან თამაში. არც გიგანტური ჰესების მშენებლობა, არც კორპუსების ჩადგმა სეისმურ ზონებში, არც ჩერნობილი, არ ფუკუსიმა, და არც ოჯახების „ჩვენი ჭკუით მოწყობა“. ეს ყველაფერი ცოდვაა შემოქმედის და ბუნების წინაშე – და ამ ყველაფერზე მკაცრი პასუხი მოგვეთხოვება – მით უმეტეს მაშინ, როცა ბავშვებს ტვინს ვურეცხავთ ჩვენი ტვინის ძალიან არასრულფასოვანი ნაწარმით.

FB კომენტარები

კომენტარი