ინტიმური პლასტიკა საქართველოში და მამაკაცები, რომლებიც მკერდს იპატარავებენ

311
SHARE

იდეალური სხეულის ფორმები და მიმზიდველი გარეგნობა ყველა ადამიანის ოცნებაა, თუმცა ბუნება ყველას არ აჯილდოვებს იდეალური სახის ნაკვთებით და დახვეწილი სხეულის ფორმებით. დროთა განმავლობაში მსოფლიოში სილამაზის ცნება და აღქმა შეიცვალა, რასაც სხვა მიზეზებთან ერთად მედიცინის თანამედროვე მიღწევებიც უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ბუნებრივი სილამაზე და ინდივიდუალიზმია, პლასტიკური ქირურგია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

რა ტიპის პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ საქართველოში, რატომ იკეთებენ მამაკაცები მკერდის ოპერაციას და რა უნდა იცოდეს პლასტიკური ოპერაციის გაკეთების მსურველმა? ამ და სხვა საინტერესო თემებზე “ამბები.გე” გთავაზობთ ინტერვიუს პლასტიკურ ქირურგ ლაშა ოსეფაიშვილთან.

– რა ტიპის პლასტიკური ოპერაციებს იკეთებენ ქართველები ყველაზე ხშირად?
– საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ცხვირისა და მკერდის პლასტიკური ოპერაციებია, ასევე ლიპოსაქცია და თვალების პლასტიკა. ამჟამად ჩვენთან ეს ოთხი ოპერაცია ლიდერობს. რაც შეეხება ლიპოსაქციას, ზაფხულში ნაკლებად ვუწევთ რეკომენდაციას ამ ოპერაციას, ვინაიდან ოპერაციიდან 1 თვის განმავლობაში პაციენტს აუცილებლად უნდა ეცვას სპეციალური სალიპოსაქციო ბანდაჟი, რაც ზაფხულის სიცხეში დისკომფორტს ქმნის.

– რა ტიპის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს ლიპოსაქცია და ძირითადად რა კატეგორიის პაციენტები მოგმართავენ ამ ოპერაციის გაკეთების მიზნით?
– ზედმეტი ცხიმის მოცილება იმ ადგილებში, სადაც სხეულის ფორმების გაუმჯობესებაა საჭირო. მაგალითად, მუცელზე, კიდურებსა და ფეხებზე ზედმეტი ცხიმისგან გამოწვეული კონტურების შეცვლა. წლების წინ ეს ოპერაციია სისხლის დანაკარგის გარეშე ვერ კეთდებოდა, თუმცა ამჟამად გაცილებით მარტივია. უკვე დიდი ხანია ჩვენთან დანერგილია ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია. ეს გახლავთ ბოლო თაობის მიდგომა მსგავსი ტიპის ოპერაციებში, რომელიც გაცილებით უკეთეს შედეგს გვაძლევს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პაციენტი ოპერაციის დროს სისხლს არ კარგავს, შედეგი კი სტაბილურია. სხეულის ფორმის შეცვლის რისკი კი მხოლოდ წონის ჭარბი მატებისა და ორსულობის დროსაა, როცა პაციენტი წონაში ბუნებრივად იმატებს. თუმცა გასუქების შემთხვევებშიც სხეულის ფორმა არ იკარგება და პოსტოპერაციული მდგომარეობის სიმეტრიულად იცვლება.

– რა რეკომენდაციას უწევთ ოპერაციის შემდეგ პაციენტებს?
– ვინაიდან ოპერაციის შემდეგ სხეული გარკვეული დროის განმალობაში საკმაოდ სივდება ხოლმე, აუცილებელია პაციენტს 1 თვის განმავლობაში ეცვას სპეციალური ბანდაჟი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ ოპერაცია. ამის გარეშე სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.

– რა უნდა იცოდნენ ქალბატონებმა მკერდის პლასტიკური ოპერაციის შესახებ და არის თუ არა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების კატეგორია, რომლებისთვისაც მკერდის გადიდება არ შეიძლება?
– როგორც მკერდის, ისე ყველა ტიპის პლასტიკური ოპერაციის წინ პაციენტს უტარდება გამოკვლევები, გადიან კონსულტაციას სპეციალისტთან, რომელიც განუმარტავს იმ მოსალოდნელი ვიზუალური შედეგის შესახებ, რასაც ქალბატონი უნდა ელოდოს. ზოგს ჰგონია, რომ ხელოვნური იმპლანტის მკერდში მოთავსების შემდეგ ქალისთვის აკრძალულია ძუძუთი კვებოს ბავშვი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თანამედროვე ოპერაციების დროს ორი ტიპის მიდგომას ვიყენებთ – იმპლანტს ვათავსებთ ან მკერდის დიდი კუნთის ქვეშ, ან უშუალოდ კუნთზე. სარძევე ჯირკვალთან იმპლანტს არ აქვს უშუალო შეხება. თუკი

მკერდში ცხიმოვანი ქსოვილი საკმარისად არის განვითარებული, იმპლანტის კუნთქვეშ მოთავსება არაა საჭირო. ქსოვილი მას ისე დაფარავს, რომ შეუნიღბავი თვალით გარედან იმპლანტის კონტურების შემჩნევა თითქმის შეუძლებელი იქნება.

– რამდენიმე წლის წინ ხელოვნური იმპლანტების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგ კლინიკაში სამედიცინოს მაგივრად სამრეწველო სილიკონს იყენებდნენ…
– დიახ, იყო მსგავსი შემთხვევები, თუმცა ჩვენი პოტენციური პაციენტები მსგავსი საფრთხის ქვეშ ნამდვილად არ არიან. ჩვენ ვიყენებთ მენტორისა და პოლიტეხის მკერდის იმპლანტებს, რომლებიც ზუსტად ერთი და იგივე ხარისხისაა, მხოლოდ ფასშია სხვაობა. რადგან პოლიტეხი საქართველოში მესამე ქვეყნის შუამავლობით დისტრიბუტორის მიერ მოგვეწოდება, ამიტომაც ოდნავ ძვირია. საერთო ჯამში კი ოპერაცია 5000-დან 5500 ლარამდე მერყეობს.

– რაიმე ტიპის გართულების რისკი თუ არსებობს მკერდის ოპერაციის შემდეგ? რა უნდა იცოდნენ ქალბატონებმა?
– ზოგჯერ იმპლანტის გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს კაფსულა, რომელსაც მეორენაირად კონტრაქტურას ვეძახით. ვინაიდან ორგანიზმის ბუნებრივი თვისებაა უცხო სხეულის მოცილება, სწორედ ამ ფონზე შეიძლება გაჩნდეს მკერდში კაფსულა. ამ შემთხვევაში გამოსავალი იმპლანტის გამოცვლაა. გართულების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად უნდა იყოს დაცული რამდენიმე პირობა: იმპლანტი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ოპერაცია ტექნიკურად სწორად წარიმართოს, სასურველია ოპერაციის შემდეგ 1 დღე დრენაჟის ჩადგმა, რათა სითხე ჭრილობიდან გარეთ გამოვიდეს და კაფსულის ჩამოყალიბების რისკი არ გაიზარდოს. გარდა ამისა, აუცილებელია 1 თვის განმავლობაში სპეციალური მკერდის ბანდაჟის ხმარება. ქალბატონებს ყოველთვის განვუმარტავთ, რომ ოპერაციიდან გარკვეული პერიოდი თავი შეიკავონ ხელების მკვეთრი მოძრაობებისა და მძიმე საგნების აწევისაგან, რათა სწორ ფიქსაციას ხელი არ შეეშალოს.

– რამდენადაც ცნობილია, ბოლო დროს მამაკაცებიც იკეთებენ მკერდის ოპერაციას. გვიამბეთ ამის შესახებ…
– მამაკაცებში მკერდის ზომის ქალური ტიპით ზრდას გინეკომასტიას ვუწოდებთ. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დარღვევამ ან ცხიმის მატებამ, რაც მამაკაცებს ხშირად დისკომფორტს უქმნის. წელიწადში რამდენიმე ასეთ ოპერაციას ვაკეთებთ. საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და მამაკაცებიც კმაყოფილი რჩებიან. მათაც 1 თვის მანძილზე სპეციალური ბანდაჟის ტარებას ვურჩევთ. ოპერაცია დაახლოებით 4000 ლარამდე ჯდება.

– თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქირურგიული ჩარევის შედეგით უკმაყოფილო პაციენტს პრეტენზიით მოუმართავს? რა ხდება ამ შემთხვევაში?
– ოპერაციამდე აბსოლუტურად ყველა პაციენტს ვუხსნით მოსალოდნელი შედეგისა და რისკების შესახებ. ყველაზე რთული ცხვირის პლასტიკური ოპერაციაა, რომლის საბოლოო შედეგსაც ოპერაციიდან 1 წლის თავზე ველოდებით ხოლმე. პაციენტი შეგუებულია, რომ შეიძლება მის ცხვირს რაღაც ტიპის მცირე საკორექციო ჩარევა კვლავ დასჭირდეს, რაც საშუალოდ 100-დან 2-3 შემთხვევაში ხდება. არ შეიძლება პაციენტს დაუმალო ის, რისი ცოდნის უფლებაც აქვს.

– რას გვეტყოდით ინტიმური პლასტიკის უახლესი მეთოდის შესახებ? რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ ამ ტიპის ქირურგიული ოპერაციის გაკეთების მიზნით?
– დრო და ასაკი ზემოქმედებს ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი ყველა ქალის ცხოვრებაზე. სექსუალური სფეროს ჰარმონია ნებისმიერი ასაკის ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივი, ასაკობრივი ცვლილებები კი ხშირად დისკომფორტისა და ინტიმური დარღვევების მიზეზი ხდება. რამდენადაც თანამედროვე აქტიური ქალის ცხოვრების ხარისხს ყოველმხრივი ჯანმრთელობა განაპირობებს, სქესობრივი სფეროს კორექციის მოთხოვნილება მთელს მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება, რაც მიუთითებს სქესობრივი სფეროს ნორმალიზაციის აუცილებლობაზე. ვულვო-ვაგინალური ლაზერული გაახლგაზრდავება (LVT) ტარდება სპეციალური ერბიუმის ლაზერით, რაც გაცილებით უსაფრთხოა წინა წლებში გავრცელებულ CO2 ლაზერთან შედარებით და ქსოვილებზე მინიმალური ზემოქმედებით მიიღწევა მაქსიმალური თერაპიული ეფექტი. ინტიმური პლასტიკის შედეგად ქალბატონებისთვის შესაძლებელია გარეთა სასქესო ორგანოებისა და საშოს ასაკობრივი ცვლილებების და დაქვეითებული სექსუალურობის აღდგენა.

FB კომენტარები

კომენტარი