ინტერვიუ Billboards.ge-ს გენერალურ მენეჯერთან – თეა თაბაგარი „უკან ბავშვობაში“

29
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია Billboards.ge-ს გენერალური მენეჯერი თეა თაბაგარი:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– ველოსიპედი მყავდა ძალიან პატარა ასაკიდან, აი, ისეთი, დამატებითი ბორბლები რომ აქვს დამაგრებული. ვერასდროს ვისწავლე 2-თვლიანი ველოსიპედის მართვა, დღემდე მხოლოდ წინ შემიძლია სიარული, მოხვევა თუ დამჭირდა, გადმოვდივარ, ვუხვევ და მერე ისევ ვჯდები. წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ.

– ცურვა თუ იცით, და როდის და სად ისწავლეთ?

– კარგად ვცურავ, დაახლოებით 7-8 წლის ასაკში მასწავლა ბაბუამ სოფელში.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?

– თამაშების დიდი მოყვარული გახლდით, მქონდა დენდი, შემდეგ ნინტენდო, სონი. სონი ახალი ხილი იყო საქართველოში, მამამ რომ მიყიდა ახალ წელს და ახლაც მახსოვს, როგორ ვწვალობდი დისკების ყიდვაზე.

– მუსიკას რითი უსმენდით?

– CD ფლეიერი მქონდა, შემდეგ შემოვიდა mp3 ფლეიერი, რომელიც სულ ჯდებოდა და ასე წვალებით ვუსმენდი მუსიკას.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– „სუსანას“ თოჯინა, რომელიც იმდენად მეძვირფასებოდა, რომ დღემდე ყუთით არის შენახული და ბებიასთან სტუმრობისას ჩემი შვილი თამაშობს.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?

– ბებო მიკეთებდა ხოლმე კერძს, რომლის ინგრედიენტებიც იყო მაკარონი, კვერცხი და ყველი, თავად „ბაბკას“ ეძახდა და ხშირად გვიკეთებდა.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?

– ხელით ჭამას მიკრძალავდნენ.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– ტომი და ჯერის დიდი მოყვარული გახლდით და ძალიან მიყვარდა ჯერი.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– მთელი ზაფხულის განმავლობაში ვკითხულობდი წიგნებს და რამდენადაც მახსოვს, პირველი წიგნი იყო კარლსონი, რომელიც დამოუკიდებლად წავიკითხე.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– დღესაც აქტიურად ვტირი მულტფილმებსა და ფილმებზე, მაგრამ პირველად როდის ვიტირე, ნამდვილად არ მახსოვს.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– ოთახში პლაკატების გაკვრა არ მიყვარდა, ჩემს სიმყუდროვეს არღვევდა.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– მახსოვს კადრი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იმდროინდელია, როდესაც 3 წლის ვიყავი.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– ბავშვობაშიფიზიკური აქტივობებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ძალიან მიყვარდა წრეში ბურთი და კარგად ვთამაშობდი.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

– არ მიყვარდა სკოლის გაცდენა, დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, თუ ვაცდენდი, თუმცა, როგორც ყველა ბავშვს, მეც მომიგონებია ტყუილი, ვითომ სიცხე მქონდა. ჩემდა სამწუხაროდ, რამდენჯერმე მოვიტყუე ასე და მართლაც „დავჯილდოვდი“ სიცხით. დღემდე არასდროს ვიტყუები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

პატარა და-ძმა მყავს და მასწავლებლისთვის მითქვამს, რომ რვეული დამიხიეს.

– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– კაბები არასდროს მყვარებია, ამიტომ ასეთს ვერ გავიხსენებ.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?

– დედას ფეხსაცმელზე ვგიჟდებოდი. მახსოვს, ულამაზესი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჰქონდა, ქუსლზე დამაგრებულიფერად-ფერადი თვლებით, რომლებიც მთლიანად დავაძრე დასკოლაში წავიღე სათამაშოდ. დღემდე მისტირის დედა იმ ფეხსაცმელს.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– მორცხვი არასდროს ვყოფილვარ.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– ორივეზე. 7 წელი ცეკვაზე ვიარე, 10 წელი – მუსიკაზე. საქმე იქამდე მივიდა, ლამის კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაგრამ გადავრჩი. ვხუმრობ ხოლმე, რომ მას შემდეგ ფორტეპიანოზე მტვერიც არ გადამიწმენდია.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– ზოგადად, მოსმენით ყოველთვის ვისმენდი, რასაც მეუბნებოდნენ, დაჯერებით მხოლოდ იმ ნაწილს ვიღებდი, რაც ჩემთვის იყო იმ მომენტში მისაღები. დასკვნები თავად გამომქონდა და ბრმად არ ვემორჩილებოდი არავის. ამიტომ დიდად არც ბუნტისთავი ვყოფილვარ და არც ძალიან მორჩილი და დამჯერი.

FB კომენტარები

კომენტარი