ინტერვიუ „ტაბულას“ ჟურნალისტთან – ხატია ღოღობერიძე „უკან ბავშვობაში“

221
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია  გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– იმ ადამიანებს შორის ვარ, ვისაც ბავშვობაში ველოსიპედი არ ჰყოლია. ისეთ წლებში გავიზარდე, ეს გასაკვირი არცაა. პირველად ველოსიპედის გატარება თინეიჯერობისას ვცადე, ძალიან მომწონდა, სხვათაშორის. მაგრამ არც მაშინ იყო ჩემი ის ველოსიპედი და არც მიფიქრია, რომ უნდა მყოლოდა. წლების შემდეგ უკვე შეყვარებულმა (აწ უკვე ქმარმა) გადაწყვიტა, ესწავლებინა. თინეიჯერობისგან განსხვავებით, მაშინ შიშის დაძლევა გამიჭირდა და არაერთმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ისე, გული მწყდება, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილს პატარაობიდანვე ვასწავლი, ისევე, როგორც ცურვას.

– ცურვა თუ იცით, და სად  და როდისისწავლეთ?

– წყალი ძალიან მიყვარს და ცურვაც ვიცი. ვისწავლე სოფლის ღელეში, მამაჩემმა მასწავლა. ძალიან მიყვარდა ზაფხული, გაზაფხულიდან ვიწყებდით ხოლმე წუწუნს, რომ უკვე ღელის სეზონი მოვიდა, სიცხეა და ბანაობა შეიძლება.

შემდეგ იყო ზღვა. იდეალურად არ ვცურავ და არც რომელიმე ტექნიკა ვიცი განსაკუთრებულად, მაგრამ ცურვა ძალიან მიყვარს, დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ახლახან გავაცნობიერე, რომ წყალში თავს ბედნიერად ვგრძნობ.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?

– არ მქონია. ისევე როგორც 90-იანი წლების ბავშვების უმრავლესობა, მეც სხვა ბავშვის დენდით ვთამაშობდი სუპერმარიოს.

– მუსიკას რითი უსმენდით?

– უკვე თინეიჯერი ვიყავი, პირველი მაგნიტოფონი რომ მიყიდეს. ძალიან პატარა, ფირიანი, დინამიკების მხარეს სხვადასხვაფრად რომ ინთებოდა.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– არ მახსენდება საყვარელი სათამაშო, რომელსაც არ ვიშორებდი ან მასთან ერთად მეძინა. მახსოვს ორი სათამაშო: თოჯინა, რომელიც ზუსტად ჩემხელა იყო და ჩემს ფეხსაცმელს ვაცმევდი, და ფერადი მანქანა, რომელშიც კურდღელი იჯდა და თავისით დადიოდა. ამ დროს დაახლოებით 5 წლის ვიყავი, ჩემი ძმა უნდა დაბადებულიყო და მას „შევუნახე“ ეს მანქანა, არ ვთამაშობდი. ცხადია, ეს არავის უთხოვია, მაგრამ ისე ველოდები მის დაბადებას, არ მინდოდა, გაფუჭებული სათამაშო დამეხვედრებინა.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ

– აჭარაში დავიბადე და გავიზარდე. შესაბამისად, ჩემი ბავშვობისდროინდელი კერძები იქაურობას უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა თბილისში ვცხოვრობ და ბათუმში ჩასვლას წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ ვახერხებ, იქაური სამზარეულო სულ მენატრება. განსაკუთრებულად მიყვარს ფხალობიო. ეს არის წითელი ლობიოსა და კეჟერა ფხლის ნაზავი, შეკმაზული ბევრი ნიგვზით, ცოტა ნივრითა და წიწაკით. ჭამენ მჭადთან ერთად. დღემდე ჩემი საყვარელი კერძია და როცა აჭარაში ჩავდივარ, დედაჩემი თუ ვერ ასწრებს მომზადებას, მეზობლები მეპატიჟებიან.

ასევე, ძალიან მიყვარს აჭარულად მომზადებული ხამსა, რომელიც ბევრი წელია არ მიჭამია და ბათუმში უმეტესად ისეთ დროს ჩავდივარ, ამის სეზონი რომ არაა. იმედია, წელს მოვახერხებ ხამსას მირთმევას.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს? მაგალითად, გუბეებში ტყაპუნსა და კედლებზე ხატვა?

– სოფელში გავიზარდე, გუბეებში ტყაპუნს ვინ ამიკრძალავდა? სულ რამდენიმე წლის წინათ გავიგე, რომ ქალაქში ბავშვებს ეს ეკრძალებათ.

როცა თბილისში წვიმს, ჩემს შვილს ბოტებს ვაცმევ და სანამ არ მობეზრდება, დატყაპუნობს გუბეებში. არაფერსარ ავუკრძალავ, რაც მისი განვითარებისთვისსაჭიროა, რაც ხელს არ უშლის მის პიროვნებად ჩამოყალიბებას, რაც სამყაროს შეაცნობინებს. ზუსტად ვიცი, რომ სტუმრად არ მივალ იქ, სადაც ჩემი შვილისგან ექნებათ მოლოდინი, რომ ტახტზე გაუნძრევლად უნდა იჯდეს, არ ილაპარაკოს და არც მაგიდისკენ გაიხედოს. ცხადია, არსებობს წესები, რომლებიც უნდა ისწავლოს, მაგრამ მინდა, ჩემი შვილი ისეთ გარემოშიგაიზარდოს, სადაც უზრდელობაში არ ჩაუთვლიან თამაშს, ინტერესს, კითხვებს დასმასა და ლაპარაკს.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– როგორც უკვე ვთქვი, საშინელ წლებში გავიზარდე და მულტფილმების მრავალფეროვანი არჩევანი არ მქონია. მით უმეტეს, სოფელში, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი არხი იყო და იქიდანაც ერთი აუცილებლად რუსული. მეც რუსულ მულტფილმებზე გავიზარდე. ცოტა გვიან გამოჩნდა ჩვენთან ტომი და ჯერი, კიდევ უფრო გვიან – მიკი მაუსი, დონალდ დაკი. პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარდა, არ მახსენდება. მახსოვს, რომ მესაყვარლებოდა ყველაზე პატარა ჯუჯა „ფიფქია და შვიდი ჯუჯადან“, ქუდი რომ სძვრება, ის. ზოგადად, უფრო მულტფილმები მიყვარდა იმ პერიოდში, ვიდრე ცალკეული პერსონაჟები.

ძალიან მიხარია, რომ ახლა ბევრი კარგი მულტფილმია, მათგან ნაწილი, უბრალოდ, სახელმძღვანელოა სიყვარულის, თანასწორობის, თანაგრძნობის, ჰუმანურობის. ასევე, ანიმეები, რომლებიც თან ბავშვობაში გაბრუნებს და თან გზრდის.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– ოოო, ეს ძალიან კარგად მახსოვს. „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“. ეს იყო ძველი გამოცემა, სავარაუდოდ, საბჭოთა, სადაც ორივე ერთ წიგნში იყო. მე-4 კლასში წავიკითხე, თუ სწორად მახსოვს და იმ ასაკისთვის სქელტანიანი გამოდის, ალბათ.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– უფრო წიგნზე ვიტირებდი, ოღონდ არ მახსოვს, რომელი იყო. ზრდასრულობის ტირილები მახსოვს, კონკრეტული წიგნებიც, მაგრამ ბავშვობის ვერ გავიხსენე რატომღაც.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– რა თქმა უნდა, მქონდა! მე და ჩემს დას საერთო ოთახი გვქონდა და მახსოვს, კედლები გავინაწილეთ, რადგან, მართალია, ასაკთან ერთად გემოვნება გვეცვლებოდა, მაგრამ მაინც, ყოველთვის სრულიად განსხვავებული ვარსკვლავები მოგვწონდნენ. იმას ბრიტნი სპირსი უყვარდა, მე – ჯენიფერ ლოპესი და შაკირა; იმას backstreet boys უყვარდა, მე – ენრიკე იგლესიასი; იმას US5 უყვარდა, მე – Tokio Hotel და ა.შ. პლაკატებიც შესაბამისი იყო.

იმ პერიოდში ჟურნალი „ოსკარი“გამოდიოდა და უზარმაზარი პლაკატი მოჰყვებოდა, რომელიც კედლის ხან ერთ მხარეს აღმოჩნდებოდა, ხან – მეორე, იმის მიხედვით, ვისი საყვარელი მომღერალიც იყო მასზე გამოსახული.

– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– რაღაც ფრაგმენტები მახსოვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენი წლის ვიყავი მაშინ. მახსოვს, როგორ დავყვებოდი ჩემს დას ყოველ ნაბიჯზე, რადგან 2 წლით უმცროსია და მეშინოდა, წაქცევისას არაფერი დაეშავებინა. ასე „ვზრუნავდი“.

პირველი მოგონება, რომელიც განსაკუთრებულად ჩამებეჭდა, ასეთია: სოფელში ვართ, ალბათ 4 ან 5 წლის ვარ და აქამდე თუ ერთი კიბიდან ვხტებოდი, ახლა ორიდან გადმოხტომა ვისწავლე. ძალიან გახარებული ვარ, დიდი „მიღწევა“ მაქვს და ჩემს დასთან ვახდენ დემონსტრირებას. ვერ ვითვალისწინებ, რომ ამ დროისთვის ის უკვე ყველაფერში მბაძავს და ზუსტად ორ წამში ისიც ორი კიბიდან ხტება. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, იქვე პატარა ქვაბი იდგა და იმას ჩამოარტყა თავი. უბრალოდ, შუბლიდან სისხლი წამოუვიდა და მგონი, მცირე ნაიარევი დღემდე აქვს. არ მახსენდება, რომ ვინმემ ამის გამო მისაყვედურა, ახლა არც განსაკუთრებული დანაშაულის შეგრძნება მაქვს, მაგრამ ფაქტია, ეს არის პირველი სრული მოგონება, რომელიც ამდენი წელია მაქვს.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

– „მასწავლებლობანა“ და ყველაფერი, რაც ფურცლებს, საკანცელარიო ნივთებს უკავშირდებოდა. ცოტა მერე – ქალაქობანა, საბავშვო კროსვორდები.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

– ძალიან არასწორი ბავშვი ვიყავი, სკოლაზე ჭკუას ვკარგავდი, ისე მიყვარდა. ავად ყოფნა იმის გამო მეზიზღებოდა, რომ სკოლის გაცდენა მომიწევდა. სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც სახლიდან 3 კილომეტრში იყო. დიდი თოვლის დროს მამაჩემს ვაწამებდი, ვეხვეწებოდი, გზა გაეწმინდა და სკოლაში წავეყვანე. ხოდა, აბა ტყუილს რავა ვიკადრებდი, მარა რომ მეკადრა, უფრო არგაცდენისთვის მოვიფიქრებდი, ალბათ, რამეს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი უნდა იყოს. პირიქით, მცირე პროტესტები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მწყდება გული, რომ ეს არ მქონდა. ამ თვისებამ ბევრ რამეში შემიშალა ხელი.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

– წინა პასუხიდან გამომდინარე, ალბათ, მისახვედრია, რომ ამ მიმართულებით ბევრი არ „მიშრომია“. მეტიც, სხვების დავალებებიც შემისრულებია ხშირად და ამით სრულიად კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ თინეიჯერობისას რაღაცები იცვლება და ამ ასაკმა ჩემი ეს „პატიოსნებაც“ შეარყია.

ალგებრას და გეომეტრიას დედაჩემი გვასწავლიდა. ალგებრა ძალიან მიყვარდა, გეომეტრიას ვერ ვიტანდი. მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი, რომ დედაჩემი ყოფილიყო კმაყოფილი და სხვა მასწავლებლებთან ცუდად არ ეგრძნო თავი.

ძალიან ცდილობდა, არავის ეფიქრა, რომ მის შვილს გაკვეთილზე რამე ტიპის განსხვავებული ხელშეწყობა ჰქონდა. ცხადია, არ მქონია, მაგრამ ეს სხვებსაც უნდა სცოდნოდათ. ამიტომ ასეთი ტრადიცია იყო – გაკვეთილზე პირველად სწორედ მე მიძახებდა (მგონი, ეს სიტყვა სწორად მახსოვს). ერთხელაც, არ მოვემზადე და ჩავთვალე, რომ დედაჩემის მოტყუებას შევძლებდი. მერხთან დავდექი და ისე დავიწყე ლაპარაკი, თან რვეული, სადაც რაღაცები ამოწერილი მქონდა, ჩემ წინ მჯდომ მეგობარს ჩავუდე კაპიუშონში. ვკითხულობდი ძალიან მშვიდად, ჩემი აღქმით.

სანამ ბოლომდე არ დავამთავრე, არ გამაჩერა. როცა მოვრჩი და თვითკმაყოფილი დაჯდომას ვაპირებდი, მაშინ გამომიცხადა, მომიტანე მანდ რაც გაქვს და ორიანიო. ეფექტური ვერ გამოვიდა, მაგრამ ტყუილის მცდელობა იყო და ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს.

– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე, შარვლები იყო ჩემი დიდი სიყვარული. შარვალი და კედები – სხვა არაფერი მჭირდებოდა. ერთი შარვალი განსაკუთრებულად მახსოვს, ყავისფერი იყო, მუხლებთან, გვერდზე დიდი ჯიბეებით, ცხადია, შლაქსი. თითქმის გაუხდელად მეცვა. ბოლოს ისე დამიპატარავდა, სიგრძე კოჭებს ასცდა და ვეღარ ვიცვამდი. მაგრამ ჯიუტად ვინახავდი.

მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ჩემი საყვარელი სამოსი ფერადი და ყვავილებიანი კაბებიც იქნებოდა. ახლა ზაფხული კაბების გარეშე ვერ წამომიდგენია, თუმცა შარვლების ერთგული კვლავ ვრჩები.

– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ? ფოტოც ხომ არ გაქვთ? 

– საერთოდ არ იყო ეგ ჩემი ინტერესის სფერო. ამ ყველაფერს ჩემი და აკეთებდა, სამზარეულოშიც ეხმარებოდა დედას და საჭმლის მომზადებაც შესანიშნავად ისწავლა. მე ოთახში შეკეტვა და კითხვა ყველაფერს მერჩივნა.

კოსმეტიკა, სამკაულები და მაღალი ქუსლი დღემდე ვერ შევიყვარე, სხვათაშორის.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– კარგი კითხვაა. ვიყავი ბავშვი, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა, მაგრამ მერჩია, მაგიდის ქვეშ დავმალულიყავი. არავინ მაიძულებდა, მაგრამ არ ვიცოდი, სხვანაირადაც თუ შეიძლებოდა, ეს იყო წესი მაშინ.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– ორივეზე, მაგრამ არ გამოვიდა ჩემგან არაფერი. ცეკვა საერთოდ სხვა რამეა, მე რობოტი ვარ მაგ კუთხით. რაც შეეხებამუსიკას, სასკოლო გუნდში სცადეს ჩემი ჩართვა, მაგრამ მეზიზღებოდა. ცეკვასაც ვერ ვიტანდი.

სასკოლო წრეებიდან მხოლოდ ორი რამ მომწონდა – პიანინო და კარატე. პიანინოზე დავდიოდი, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა და ძალიან მომწონდა ყველაფერი, მაგრამ მერე სხვაგან გადავიდა და ახალი აღარ მოუყვანიათ. ამაზე დღემდე მწყდება გული. რაც შეეხება კარატეს, ყველამ ერთად ჩათვალა, რომ ფიზიკურად სუსტი ვიყავი და „ვერ გავქაჩავდი“.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– ისედაც მიხვდებოდით ჩემი მონათხრობიდან, რომ დამჯერი ვიყავი. სხვათაშორის, ძალიან მწყდება გული ამაზე და ნეტა, ბუნტისთავი ვყოფილიყავი. პროტესტები ძალიან დამიგვიანდა, ზოგადად.

ახლა მეც დედა ვარ და ამ გადმოსახედიდან, მირჩევნია, ჩემს შვილს პროტესტებიჰქონდეს, ვიდრე ყველა წესს ემორჩილებოდეს.

FB კომენტარები

კომენტარი