ინტერვიუ „იმედის“ ჟურნალისტთან – მაგდა მამაცაშვილი „უკან ბავშვობაში“ (ფოტო)

383
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი „იმედის“ ჟურნალისტი, მაგდა მამაცაშვილია:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

ველოსიპედის მართვა საკმაოდ მოზრდილ ასაკში, დამოუკიდებლად ვისწავლე. პროცესი არ იყო მარტივი, რადგან მახსოვს, ერთხელ საკმაოდ ხრეშიან და დამრეც გზაზე გადავწყვიტე დაშვება, მუხრუჭის ხმარება არ ვიცოდი და რომ მივხვდი, დიდ სიჩქარეს ვკრეფდი, ველოსიპედიდან გადმოვხტი, თანაც ისე, რომ საჭისთვის ხელი არ გამიშვია და გვერდით მივდევდი, სანამ ორივე არ გავჩერდით. სამაგიეროდ კარგი მასწავლებელი გამოვდექი, ჩემს უმცროს შვილს ვასწავლე ველოსიპედის ტარება წარმატებულად.

– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

ცურვაც დამოუკიდებლად ვისწავლე ბავშვობაში, წყლის შიში არასოდეს მქონია და ცურვის პრინციპს რომ მივხვდი, მისი ათვისება არ გამჭირვებია, თუმცა არ ვიცი სწორი სუნთქვა და, შესაბამისად, შორ მანძილზე ვიღლები ხოლმე. შუა ზღვაში დაწოლილს თუ დამინახავთ, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, ვინაიდან ნაპირზე დაბრუნებამდე ამ გზით ვისვენებ.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?

ჩემი პირველი კომპიუტერი იყო დენდი, საყვარელი თამაში კი – მარიო. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, ამ თამაშს დღესაც არაფერი მირჩევნია. ასევე, ძალიან მიყვარდა ტეტრისი.

– მუსიკას რისი საშუალებით უსმენდით?

როგორც 90-იანი წლების ყველა ბავშვი, მუსიკას მეც კასეტიანი მაგნიტოფონით ვუსმენდი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დენი არ იყო – მაგნიტოფონიანი დიდი ფანრით, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახლდათ.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

გამორჩეული სათამაშოებიდან მახსოვს ბარბები, რომლებიც დღემდე მაქვს შენახული. არ დამავიწყდება, როგორ დაირაზმნენ ჩვენი უბნის დედები, როცა გაიგეს, მაღაზიებში ბარბები მიიღესო. ამ თოჯინის კოლექცია განსაკუთრებით მაშინ გავამდიდრე, როცა მე, დედა და ჩემი და მოსკოვში წავედით, სადაც იმ პერიოდში მამაჩემი მუშაობდა. მახსოვს უბედნიერესი ვიყავი, როცა დედამ ისეთი ბარბი მიყიდა, ფეხები რომ ეკეცებოდა. მქონდა ქალი, კაცი და ორსული ბარბები, ასევე, მათი ავეჯი, მათ შორის სათავსიანი საწოლები, რომლებიცპაპამ გამიკეთა. ბარბის ჩანგლები და კოვზებიც კი მქონდა. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი სათამაშო უფრო ღრმა ბავშვობიდან მახსენდება. ეს იყო ნაჭრის ბაჭია, რომელიც ერთხელ გარეთ დამრჩა და უკან რომ დავბრუნდი,აღარ დამხვდა. მოპარული ბაჭიის სამახსოვროდ მხოლოდ ფოტო შემომრჩა.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?

დედა აკეთებდა ხოლმე ტკბილ ცომს, რომელსაც მართკუთხედის ფორმა ჰქონდა, შემდეგ შუაში იჭრებოდა და ერთი მხარე ამ შუა ნაწილში უნდა ამოგეტარებინა. ბანტისმაგვარ ფორმიან ცომებს ტაფაზე წვავდა და შემდეგ შაქრის პუდრს აყრიდა. სახლში ამ კერძს ბურბუშელას ვეძახდით. ძალიან გემრიელად მახსენდება ამ ტკბილეულის გემო და სურნელი.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?

შესაძლოა, დამჯერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი რამ, რასაც მშობლები კატეგორიულად მიკრძალავდნენ. ერთადერთი, გვიან დაძინება მიყვარდა და ამაში ჩემი უფროსი შვილიც დამემსგავსა. თუმცა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ახლა ერთი სული მაქვს ხოლმე, საწოლამდე მივიდე და ეგრევე ვითიშები.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი იყო ბელი, „ურჩხული და მზეთუნახავიდან“. ძალიან მომწონდა ლამაზი გოგო, რომელსაც წიგნების კითხვა უყვარდა და ადამიანები გარეგნული თუ სხვა ნიშნით არ უყვარდებოდა. ამ პერსონაჟის მიმართ ჩემი ბავშვობის ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ დღესაც, ჩემი შვილის 9 წლის იუბილეზე საბავშვო ცენტრში ბელის ფორმა მოვირგე და ერეკლეს სიურპრიზი გავუკეთე. ეგონა, ანიმატორი გამოდიოდა და ბელის კაბით მე შევრჩი ხელში. ჩემს პატარა პრინცთან ერთად, ყვითელი კაბით ცნობილ საუნდტრეკზე, ასევე, ცნობილი ცეკვა შევასრულე. მიჭირს თქმა, ამ დროს რომელი ჩვენგანი უფრო ბედნიერი იყო.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

კითხვა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა, მაგრამ პირველი წიგნი განსაკუთრებით კარგად მახსოვს, ეს იყო „ბიძია თომას ქოხი“, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

ზოგადად, ძალიან გულჩვილი ვარ და როგორც კითხვის, ისე ფილმების ყურების დროს მთელი ემოციით ვარ ხოლმე ჩართული პროცესში. პირველი ცრემლები ისევ პირველ წიგნს, „ბიძია თომას ქოხს“ უკავშირდება.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

ჩემი ბავშვობის კერპი, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს და ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის, ლეონარდო დიკაპრიოა. მახსოვს, კედელზე ადგილი არ მქონდა დარჩენილი, სადაც მისი პლაკატი არ იყო გაკრული და ვფიქრობდი, ჭერზეც ხომ არ გავაკრა, თვალს რომ გავახელ, დილით ზევითაც რომდავინახო-მეთქი. თაყვანისმცემელი ბიჭებიც კი გულის მოსაგებად ლეოს პლაკატებს მიგზავნიდნენ. მართალია. ის ბავშვური სიყვარული იყო, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რომ დიკაპრიო ერთ-ერთი უძლიერესი მსახიობია მსოფლიოში.

– რა ასაკიდან გახსოვთ საკუთარი თავი და რა არის თქვენი პირველი მოგონება?

ჩემი თავი 4-5 წლიდან მახსოვს, როცა საბავშვო ბაღში დავდიოდი. განსაკუთრებით ძლიერად მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი ახალი წლების ზეიმების დეკორაციები, რომლითაც საბავშვო ბაღის ოთახები და დარბაზი იყო მორთული.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

ბევრი საყვარელი თამაში მქონდა და მათი უმრავლესობა ეზოსა და ქუჩას უკავშირდებოდა. ეს იყო რეზინობანა, კლასობანა, დამალობანა, წრეში ბურთი და ა.შ. მთელ უბანში ჩემი ეზო ყველაზე აქტიური იყო. ამაში კი დიდი წვლილი პაპაჩემს მიუძღოდა, რომელიც ათასნაირ გასართობს იგონებდა ბავშვებისთვის და საუკეთესო განწყობას გვიქმნიდა. პაპა სხვადასხვა ზომისა და ფორმის საქანელებსგვიკეთებდასაკუთარი ხელით და ამ საქანელებზე დიდი აზარტით ქანაობა ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იყო ჩვენთვის. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ მიადებდა ყველაზე მეტჯერ ფეხს აივნის ქვედა ნაწილს, რომელიც მიწიდან საკმაოდ დიდ მანძილზე იყო. სახლში კი ხან ტელეწამყვანი ვიყავი სარკესთან და ხან – ბანკირი, პაპაჩემის ნაჩუქარი ძველი ფულებით საკუთარ თავთან ვაჭრობა მქონდა გაჩაღებული.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? სკოლის გაცდენის მიზნით ტყუილი თუ გითქვამთ?

სკოლაში სიარული იმდენად მიყვარდა, რომ არამცთუ ტყუილი, სიცხიანი რომ ვიყავი, მაშინაც ვიხვეწებოდი, გამიშვით-მეთქი.

– არც მაშინ დაგიძვრენიათ ტყუილით თავი, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?

ბავშვობაში მიმაჩნდა, რომ იმაზე დიდი სირცხვილი არაფერი იყო, მასწავლებელი რომ გაგიძახებდა და გაკვეთილი არ ვიციო, ეტყოდი, ამიტომ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

ტანსაცმლის ამოჩემება ახლა უფრო ვიცი, ვიდრე ბავშვობაში, თუმცა ძალიან მძაფრად ჩამებეჭდა მეხსიერებაში ერთი კაბა, რომელიცზეიმზე მეცვა. ჩექმებიან კატაში პრინცესას როლს ვასრულებდი და პიონერთა სასახლეში სცენაზე გასვლამდე მახსოვს, ვიღაც ბავშვმა უთხრა დედამისს: ნახე, რა ლამაზი გოგოაო და ისეთი ბედნიერი ვიყავი, თავი ნამდვილი პრინცესა მეგონა.

– დედის კოსმეტიკა, სამკაულები ან ტანსაცმელიხშირად მოგირგიათ? ფოტოც ხომ არ გაქვთ?

დედის ტანსაცმლის მორგება უფრო თინეიჯერობაში დავიწყე, იქამდე გასაპრანჭი რაღაცები საერთოდ არ მაინტერესებდა. მახსოვს, ბებიაჩემი ამბობდა, ნეტა ამ ბავშვის ხელში სავარცხელი დამანახა და მერე მომკლა, თუ გინდაო. კოსმეტიკაზე კი ყოველთვის დეიდაჩემი მახსენდება, რომელიც ულამაზესი იყო. ერთი სული მქონდა, მეყურებინა, თავის ჯადოსნურ სარკესთან მაკიაჟის კეთებას როგორ დაიწყებდა, თითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი, არაფერი გამომპარვოდა. ხშირად ეს ლამპის შუქზე ხდებოდა და ჩემთვის ამის ყურება ერთგვარი რიტუალი იყო. 

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

მაგიდის ქვეშ მხოლოდ დამალობანას თამაშის დროს ვიმალებოდი, სხვა შემთხვევაში ყოველთვის გამოსაჩენ ადგილზე ვიდექი და ლექსს გამოთქმით ვამბობდი. ძალიან ბევრი ლექსი ვიცოდი და ყურადღების ცენტრში ყოფნაც მსიამოვნებდა. ლექსები აღარ მახსოვს, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა ახლაც მიყვარს.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

მე მუსიკაზე მოსიარულე გოგონათა კატეგორიაში აღმოვჩნდი, თუმცა შვიდი წელი ვერ „გავქაჩე“ და 4 წელიწადში გამოვაყვანინე დედას თავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სმენა მაქვს, მუსიკალური მონაცემებით საერთოდ არ გამოვირჩევი.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

დამჯერი ბავშვი ვიყავი. ეს მერე, ცოტა ზრდასრულ ასაკში გავიაზრე, რომ ხანდახან ბუნტისთავობაც არაა ცუდი.

 

FB კომენტარები

კომენტარი