ინტერვიუ „იმედის“ ჟურნალისტთან – მარიკა ბაკურაძე „უკან ბავშვობაში“

74
SHARE

“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია „იმედის“ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე:

– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?

– ველოსიპედის ტარება არ ვიცი და ვერც ვერასოდეს ვისწავლე. თუმცა შარშან მოპედის მართვასდავეუფლე და ეს ჩემთვის რევოლუცია იყო.

– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?

– არა, ცურვა არ ვიცი. ცივ წყალს საერთოდ ვერ ვიტან.

– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი?

– კომპიუტერთანპირველი შეხება უნივერსიტეტის სასწავლო ჯგუფში ინფორმატიკის გაკვეთილზე მქონდა. ჩემს ოჯახს კომპიუტერის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

– მუსიკას რისი საშუალებით უსმენდით?

– მუსიკას ყოველთვის ცოცხლად ვუსმენდი. თანაც დაბადებიდან. დედაჩემი პიანისტია და მეც მუსიკალური დავამთავრე.მთელი ბავშვობა კონსერვატორიის დარბაზებში მაქვს გატარებული. რაც შეეხება სხვა ჟანრის მუსიკას, ახლობელმა გერმანიიდან გამომიგზავნა ფლეიერი, ყურსასმენებით – კასეტაზე მუშაობდა და ჯექსონს ვუსმენდი. ჯექსონის ფანი გახლდით.

– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?

– საერთოდ არ მიყვარდა სათამაშოები. ნარდსა და კარტს ვთამაშობდი ბებიასთან.

– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ?

– ბებიაჩემის გამომცხვარი ბეზე, საახალწლოდ.

– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს?

– გრილად ჩაცმა და სარაფნით სირბილი. სულ ჩემი გაციების ეშინოდა დედაჩემს. ჩემი შვილები კი ისე იცვამენ, როგორც უნდათ.

– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?

– გუდა გუდა, სულ ვტიროდი მის ნახვაზე.

– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?

– ტომ სოიერი და შერლოკ ჰოლმსი.

– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?

– ქართული მულტფილმები – „გუდა გუდა“ და „ოჯახი“. დღემდე მეტირება, როცა ვუყურებ.

– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?

– მთელი იმდროინდელი შოუბიზნესით იყო სავსე ჩემი კედლები – ჯექსონი, თუ ფაქი, apice girls, ფროდიჯი, will smith და ყველა. მერე, წლები რომ გავიდა და will smith პირადად ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში უფრო ლამაზი და საყვარელი ყოფილა.

– რა ასაკიდან გახსოვთ საკუთარი თავი და რა არის თქვენი პირველი მოგონება?

– ბაღიდან მახსოვს თავი. ბაღის ზეიმია ჩემი პირველი მოგონება, როცა მე წითელქუდა ვიყავი, ჩემი ბაღელი – მგელი და დილით, ზეიმზე მისვლისას შიშით მაკანკალებდა.

– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?

ნარდისა და კარტის თამაში მიყვარდა ბებიასთან. ეზოში – კლასობანა. ხუთქვაობანას ვერაფრით ვერ ვიგებდი, რა იყო. მიყვარდა ხელებით რეზინების თამაში -თითებზე რომ ვხლართავდით.

– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?

– ტყუილები არ მახასიათებს. არც ბავშვური. არ გამომდის.

– ყველაზე ეფექტური ტყუილი, როცა დავალება არ გქონდათ შესრულებული?

აქაც იმავეს გავიმეორებ – უნიჭო ვარ ტყუილის მოგონებაში.

– ამოჩემებული კაბა, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?

– დედაჩემის ლამაზი პერანგები მიყვარდა. ფუშფუშა და ფერადები. ვიცვამდი და ოპერებს ვრთავდი ფირსაკრავზე.

– დედის კოსმეტიკა, სამკაულები ან ტანსაცმელი ხშირად მოგირგიათ?

– დედაჩემის ჩანთებიც მიყვარდა ძალიან. სკოლაში მის ჩანთებს ვატარებდი. ან მიკერავდა. ახალი და მოდური ჩანთების ყიდვის საშუალება არ გვქონდა.

– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?

– ლექსებს ვამბობდი გამოთქმით, სტუმრებთან და სცენაზე. გალაკტიონი, მუხრან მაჭავარიანი და ლადო ასათიანი იყვნენ ჩემს რეპერტუარში.

– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?

– მუსიკა მარად და ყველგან. ცეკვა არ ვიცი.

– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?

– უფრო დამჯერი, ვიდრე ბუნტისთავი.

FB კომენტარები

კომენტარი