თქვენ მერსი მოკალით! – “მან დაკარგა ორივე სამსახური, საკმარისია, შეწყვიტეთ, გთხოვთ”

227
SHARE

რამდენიმე დღის წინ წერეთელზე შემთხვევით მერსის გადავაწყდი. დამაინტერესა, როგორი იყო მისი ცხოვრება, როცა სრულიად საქართველო ზურგს გაქცევს, ტალახს გესვრის და ეს ყველაფერი არასდროს მთავრდება.

მართალი გითხრათ, ძლივს ვიცანი. სიცოცხლით სავსე, ენერგიული გოგონას ნაცვლად ხელში დაცლილი, ჩამქრალი და გაუბედურებული გოგო შემრჩა. საღამო იყო, დრო გვქონდა, სახლისკენ გავისეირნეთ. მომიყვა, რამდენად დიდია ხალხის აგრესია მის ყველანაირ აქტივობაზე, ქუჩაშიც და როცა ცრემლები ვეღარ შეიკავა, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, შეიძლება იმიტომ, რომ ამაში ჩემი “წვლილიც” დავინახე.

ჰო, მერსი დამნაშავეა და მე ერთერთმა პირველმა დავდე დიდი, კრიტიკული პოსტი, დავდექი სამართლიანობის მხარეს და გვერდზე გადავდე ნაცნობობა თუ მეგობრობა. ამას არ ვნანობ, ვთვლი, რომ ადამიანს ღიად და მკაცრად უნდა მიუთითო შეცდომაზე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

მაგრამ, ხალხო:

მერსიმ მოიხადა ბოდიში, არაერთხელ მერსი ფეხქვეშ გაიგდო სრულიად საქართველომ მერსიმ დაკარგა სამსახური რადიოში. მერსიმ დაკარგა სამსახური ბარში, სადაც ივენთ მენეჯერად მუშაობდა მერსის აღარავინ იწვევს კორპორატიული საღამოების წამყვანად მერსიმ იგრძნო უდიდესი სიძულვილი ყველასგან. მერსის მიეზღო, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მისი დანაშაულის სიმძიმე იყო. დაფიქრდით რამდენიმე საკითხზე:

– დამნაშავეებსაც აქვთ უფლება მოინანიონ და გამოსწორდნენ;

– ყველა გავღიზიანებულვართ ბანკში, მაღაზიაში, რესტორანში, ზოგს ნაკლებად, ზოგს უარესად გამოგვიხატავს, ხანდახან გვინანია, ხანდახან არ…

– შეგვიძლია ავაგოროთ კრიტიკის ტალღა და ადამიანს პირში მივახალოთ სიმართლე დღეს, ხვალ, ზეგ… მაგრამ ამას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული? შეიძლება ყველა პოსტზე ნაგავს, ნაძირალას და კიდევ უამრავ საშინელ სიტყვას ვუკომენტარებდეთ, რომელსაც აქ ვერ გავიმეორებ? ყოველთვის, როცა ადამიანების სამსახურიდან გაშვებისკენ მოვუწოდებთ კომპანიებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ადამიანების უკან ოჯახები დგას, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ნიკორას არცერთ თანამშრომელს პრობლემა არ შექმნია, უფრო მეტიც, თუ იმ „დაზარალებული“ საწყობის თანამშრომლის ფეისბუქ გვერდზე შეიხედავთ დ ცინიკურ კომენტარებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ მთლად უმიზეზო არ იქნებოდა მერსის ისტერიკა.

კიდევ ერთხელ, ვუყურებ სათაურს და მეუხერხულება, რომ თითქოს ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავირიდე თავიდან, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა დამეწერა: ჩვენ მოვკალით მერსი და თითი მხოლოდ თქვენკენ არ გამეშვირა. ასეა, კრიტიკა მარტივია, ლანძღვა, გინება – კიდევ უფრო მარტივი, პასუხისმგებლობის აღება რთული.

გთხოვთ, ნუ ვიქნებით სასტიკები.

ნუ გავანადგურებთ ერმანეთს მორალურად.

მერსი დაისაჯა, იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე ეს საჭირო იყო და ის არასდროს გაიმეორებს ამის მსგავს საქციელსაც კი.

უფრო მეტიც, ვერცერთ ობიექტში, ვერცერთი სხვა, ოდნავ ცნობადი სახეც კი ვეღარ გაბედავს იკითხოს: იცით მე ვინ ვარ?

რაც გვინდოდა მივიღეთ, გადაჭარბებით.

საკმარისია.

შეწყვიტეთ…

გთხოვთ.

გურამ შეროზია

FB კომენტარები

კომენტარი