“თუ გინახავთ ვინმეს საკუთარ პანაშვიდზე მოსული ჭირისუფლები? – მე ვარ ასეთი “

110
SHARE

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“თუ გინახავთ ვინმეს საკუთარ პანაშვიდზე მოსული ჭირისუფლები? ალბათ მეტყვით: რა სისულელეს ამბობო. აბა, ბოლომდე მაცადეთ და ჩემი პასუხი მათქმევინეთ. მე ვარ ასეთი კაცი. ეს მოხდა 1992 წელს, იანვრის დასაწყისში, როცა მხედრიონმა ცირკთან მიტინგი დაარბია. ამ მიტინგზე მოკლეს ჩემი შორეული ნათესავი, ლევან თაქთაქიშვილი. ისიც ქიმიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, ისიც გპი-ში, ისიც მეორე კურსზე იყო. ჩვენ სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით, ის სილიკატური ქიმიის სპეციალობით, მე ბიოტექნოლოგიურის. ეს ამბავი რომ მოხდა, ქიმიური ფაკულტეტის კორპუსში განცხადება გააკრეს, რომ გარდაიცვალა ქიმიური ფაკულტეტის ამა და ამ კურსის სტუდენტი გვარი და სახელი. ჯგუფი არ მიუთითებიათ. ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა ქალმა ანერი ლეჟავამ, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მისი დისშვილების კლასელიც ვიყავი, ამ განცხადებაზე იტირა და ჩემი ფოტო მიაკრა. მე იმ დღეებში გამოცდისათვის ვემზადებოდი და ინსტიტუტში არ დავდიოდი. ფოტოს გაკვრის შემდეგ, ეს განცხადება ვინც ნახა, მე გამომიტირა. მე ერთ საღამოს სახლში ვარ და ზარი დაირეკა. გავაღე კარი და ჩემი ლექტორების ჯგუფი დამხვდა ყვავილებით. ჩემს დანახვაზე ყვავილები დამალეს, მომიკითხეს და დაეშვნენ კიბეებზე. დაბლა ვიღაცები გაკვირვებულები გაყვნენ მათ. მეორე დღეს გამოცდა მაქვს ორგანულ ქიმიაში. შევდივარ გამოცდაზე გოგი ჭირაქაძესთან და ის მეკითხება: დაგჭრეს და გადარჩიო? არა მეთქი. ის მეორე ყოფილაო. გამოცდის საკითხებიდან რა იციო, მკითხა, ყველაფერი მოვამზადე-მეთქი. ბილეთი ავიღე და დავჯექი მერხთან. ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ბატონი გოგი და ლაბორანტი. რომ გავედი და დავიწყე პირველი საკითხის მოყოლა, ბატონ გოგის ცრემლი წამოუვიდა და მითხრა: “ვსიო, ია ნე მაგუ ტებია სლიშატ, უხადი. ონ ტაკოი სკლოჩნიკ(ხიფათიანია), ჩტო ია დუმალ, ზაგუბილ სებია, ა ონ ოკაზივაეტსია, ზანიმალსია ხიმიეი”. ნიშანი 5 დამიწერა და გამომიშვა. რამდენიმე კვირაში მგონი ფოსტით ამერიკიდან ემიგრანტ გივი კობახიძის ლექსი მივიღე სათაურით: ლევან თაქთაქიშვილს, რომელიც ჭირისუფალ ოჯახს გადავეცი. გავიდა 3 წელი. მე ქიმიური ფაკულტეტის დამამთავრებელ სადიპლომო ნაშრომს ვაბარებ და ქიმიური ფაკულტეტის კიბეებზე ავირბინე. ჩემი ლექტორი ანერი ლეჟავა ჩამოდიოდა კიბეებზე. დამინახა თუ არა, ვაიო, დაიძახა და ჩაიკეცა, მივვარდი და მინდოდა წამომეყენებინა. გაახილა თვალები და კვლავ გრძნობა დაკარგა. სხვებიც მოცვივდნენ. რომ მოვიდა გრძნობაზე, გულში ჩამიკრა და ტიროდა: მკვდარი მეგონეო, ჩემი მეუღლის მოსახსენიებელს რომ ვაკეთებდი ეკლესიაში, შენზეც სანთელს ვანთებდიო. ასეთი ამბავი გადამხდა თავს. არც მეტი, არც ნაკლები”, – წერს თაქთაქიშვილი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი