თუში ბალღები, ბეგქონდარას ჩაი და თუშეთის დიდი ნაკლი – ამბავი გარმონების, ნისლების, საშიშად ლამაზი გზების კუთხეზე

211
SHARE

ეს ამბავი თუშეთზეა – თავმომწონე ცხენების, გარმონების, ნისლების, საშიშად ლამაზი გზების, ჩანჩქერების, ალაზნების, ციხე-კოშკების, უშიშარი ბიჭების, თვალებიდან ვარსკვლავების მფრქვეველი გოგოების, მეცხვარეების, არხეინი ცხვრების, ძაღლივით ერთგული ძაღლებისა და კიდევ უფრო ერთგული, ყუათიანი კერძების ქვეყანაზე:

თუშეთის პეიზაჟები:
სოფლიდან სოფელში მანქანით თუ ფეხით გადაადგილებისას მთელი გზა ისეთი განცდა მეუფლება, რომ ეს პეიზაჟები ფრაგმენტულად ერთ დროს სადღაც უკვე მაქვს ნანახი, მაინც სად, სად, სად ? სად და ბავშვობაში საკლასო რვეულების ყდებზე, ბუნების ამსახველი ფოტოებით, ზოგს ნორვეგია  რომ ეწერა და ზოგსაც სხვა რომელიმე ქვეყანა, არადა, ყველა მათგანი, თურმე, აგერ აქვე თუშეთში ყოფილა “გადაღებული”.


ვივალდი და თათარაიძე:
რა არის გასაკვირი იმაში, რომ, ჩვეულებრივი მოკვდავების გარდა, თუშეთს ცნობილი ადამიანებიც სტუმრობენ, ასე ჩაიარა დართლოში ზაზა ფაჩულიამ, მაღალ-მაღალ ბიჭებთან ერთად, მათ ჩემმა მეგობარმა ისიც კი მიაძახა “ზაზა ეგენი გადმოსახედებზე აღარ წაიყვანო, აქედანაც კარგად ხედავენო”, მაგრამ, აი, საუკუნის წინ გარდაცვლილი ვივალდი თუ ამეტორღიალებოდა ყოველ ნაბიჯზე ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ნიაზის თქმისა არ იყოს, მეც “მიყვარს თუშური გარმონი თათარაიძის დაკრული”, მაგრამ თუშეთის ბუნება მთლიანობაში მაინც ვივალდის “ოთხი სეზონიდან” ზაფხულს “უკრავს”, თანაც ზედმიწევნით…ამიტომაც, შემიძლია, ნებისმიერს თვალებში უტიფრად ჩაგხედოთ და გითხრათ, რომ ვივალდის ინსპირაციის წყარო “ზაფხულის” შექმნისას სწორედ სიზმრად ნანახი თუშეთი იყო 🙂


თუში ბალღები

შაკო, ანდრია შენი ძმაა? – ვეკითხებით ფარსმაში ახლადგაცნობილ პატარა ბიჭს, რომელიც ლოყებდახორკლილ ანდრიასთან ერთად შემოგვცქერის როგორ ვაგემოვნებთ თუშურ ხინკალს
-შაკო ცალ წარბს მაღლა სწევს, ანდრიას თვალებში უყურებს და დაუფიქრებლად ამბობს – “ძმა არის მა რაა არის” …
ანდრიას წითელი ლოყები კიდევ უფრო უწითლდება, არ ვიცი, შაკოს ტყუილის გამო, თუ სიამაყით, ალბათ, უფრო სიამაყით…მერე ორივენი გულიანად იცინიან..


… “თუშის ქალაის სიტურფემ, ხევსურეთიდან რომ აჰყარა “ იმ ბიჭის გაშლეგების ამბავიც ამოხსნილია – უფრო სწორად ამოკითხული, გირეველი ანანოს, დიკლოელი თამთასა და ჩემს ობიექტივში ვერმოხვედრილი სხვა, ერთიმეორეზე უფრო ლამაზი თუშის ქალების თვალებში. არ მიძებნია, უბრალოდ, მხვდებოდნენ ყველა ეზოში, ყველა ორღობეში, ბუნებრივად ლამაზები, მზიანები, ღიმილიანები…


ჰო, მართლა, ფემინისტების და არა მხოლოდ მათ საყურადღებოდ: ხატების ტერიტორიასთან ახლოს, აი, ასეთი ნიშნების გამო თუშებზე თუ ბრაზი მოგერევათ და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე კიდევ ერთხელ მოგინდებათ ხმალაღლა საუბარი, დართლოში სასამართლოს, საბჭოს – უძველესი ძეგლის მონახულებაც არ დაგავიწყდეთ, პატარა ბავშვიდან დაწყებული ასაკოვანით დამთავრებული ყველა დაუზარელად და უშეცდომოდ მოგიყვებათ 12 უხუცესი მსაჯულის ინსტიტუტის შესახებ და იმასაც გეტყვით, რომ მსაჯულთა საბჭოს ხშირად ქალი მოსამართლეები ხელმძღვანელობდნენ.

“გწყალობდე ს თ” – თუშებს ბერვი საუბარი არ უყვართ, ასეთია მთის ხალხი, მაგრამ დღეობიდან ქვეითად მომავალი თუ ცხენზე ამხედრებული თუში ბილიკზე გვერდს ისე არ აგიქცევთ ომახიანი “გწყალობდე ს თ” რომ არ მოგაძახოთ, თან ისე, ტემბრში სულაც არ შეეტყოს, რომ ა ლუდით უკვე გვარიანად არის შეზარხოშებული, მეტიც იქნებ იმ დღეს შულტაც (დღეობის მასპინძელი) კი იყო… ეს პატარა მხედრებიც კვავლოდან, დღეობდიან მოაჭენებენ და საერთოდაც ციხე-კოშკები, პიქტოგრამები,გორაკებზე შეფენილი ცხვარი, დღეობები, “ადიდასში”, ჩაჩებში, ჯინსებში ჩაცმული თუშებიც კი ისე დეტალურად აცოცხლებენ საუკუნისწინანდელი თუშების ყოფას, ერთი პირობა ეჭვობ, ჩვეულებრივ კი არა, დროის მანქანაში ხომ არ ზიხარ და გამადიდებული შუშიდან აკვირდები ყველაფერს…


ვის დავუჯეროთ? – დიკლოელ მაშო ბაბოს, რომ თუ დიკლო არ გინახავს, თუშეთი არ გინახავს, თუ ფარსმელ კაცს, რომელიც ფარსმაზე იმავეს ამბობს ამაყი სახით, იქნებ დართლოელებს, ჭეშოელებს, დანოელებს,შენაქოელებს, ომალოელებს, გირეველებს, დოჭუელებს, მაღალევროპელ ბოჭორნელებს, თავიანთ სოფელზე ზუსტად იმას, რომ ამტკიცებენ. პასუხი ერთია – ყველას, არც ერთი მათგანი არ სტყუის.. იმათაც დაუჯერეთ ვინც გეტყვით, რომ თუშეთის გზა, ექსტრემალური და საშიშია, მაგრამ იქვე გახსოვდეთ, რომ ყველაზე საშიში მაინც საკუთარ დიდი სურვილებზე უარის თქმაა..


ბეგქონდარას ჩაი: კოტორს კოტორის გემო აქვს, ხავიწს ხავიწის, თუშურ ხინკალს თუშური ხინკლის, კალტს კალტის, მაგრამ ბეგქონდარას ჩაი ბავშვობაში ზღაპრის ბოლოს მოსმენილი “ჭირი იქა ლხინი აქას” ალიკვალია – ეს არის საოცარი სითხე ბევრი თავგადასვალების, ხიფათების შემდგომ მოსული მშვიდობიანი დასასრულის გემოთი. ალბათ ამიტომაა აღმა-დაღმა ხეტიალის შემდეგ, ჭრიჭინების სიმფონიის ფონზე ბეგქონდარას ჩაი ორმაგად გემრიელი და სასიამოვნოდ თბილი.

და ბოლოს, თუშეთის დიდი ნაკლი: შეიძლება, ჩემი შთაბეჭდილებები შვილზე უგონოდ, სიბრმავემდე შეყვარებული დედის სიყვარულს ჰგავს – სადაც კი ხელი მიუწვდება, მხოლოდ კარგსა და ბევრს რომ საუბრობს მასზე, მაგრამ რა დასამალია და თუშეთსაც აქვს ერთი დიდი ნაკლი: თუშე (გიყვარა) და თუშე (იყვარე) მერე ბარში ყველაფერი რაღაცნაირად ამაო ხდება… ბეგქონდარას ჩაის დროა!

მარიამ ზედგინიძე 

FB კომენტარები

კომენტარი