“თუკი გერმანიაში თამაშს აგვიკრძალავენ, საქართველოში ვისურვებდი მატჩის გამართვას”

98
SHARE

გენიალური ფეხბურთელი იყო იურგენ კლინსმანი, განუმეორებელი. თამაშის ელეგანტური მანერა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი. ბევრი გოლი და ამ გოლების საოცარი აღნიშვნა – ადამიანი სულით ხორცამდე ბედნიერი იყო! ბედნიერები ვიყავით ჩვენც, ვინც ამ გოლებით ვტკბებოდით ავტომანქანებზე შემოდგმული პატარა ტელევიზორებიდან. კლინსმანი ბნელ ოთხმოცდაათიანებს გვილამაზებდა. მასზე გაბრაზებულს და გაღიზიანებულს სხვა გუნდის ვერცერთ გულშემატკივარს ვიხსენებ, პირიქით, ყველას უყვარდა.

იურგენ კლინსმანი დაიბადა 1964 წლის 30 ივლისს, გეპენინგში, დასავლეთ გერმანიაში. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 108 მატჩი დაგაიტანა 47 გოლი.1990 წელს მსოფლიოს და 1996 წელს ევროპის ჩემპიონი. 1988 წელს ბუნდესლიგის ბომბარდირი. 1988, 1994 წელს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი. 1995 წელს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი. 1994,1995,1996 წლები საუკეთესო იყო კლინსმანის კარიერაში: გერმანიის და ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ჩემპიონი. სწორედ ფორმის პიკზე მყოფმა გერმანელმა შემოგვიარა თბილისში. 1995 წლის 29 მარტს საქართველო პირველად დაუპირისპირდა გერმანიას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის რანგში. თამაშს მთელი ქვეყანა ელოდა. საქართველო, ევროპის ყველაზე ტიტულოვან ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდა. იმ წლების საქართველოსთვის ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მოვლენა. გადაჭედილ “პაიჭაძეზე” გერმანიამ კლინსმანის ორი გოლით მოგვიგო. აკაკი დევაძეს და კახა ცხადაძეს რომ არ ემარჯვათ,სტუმრები დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ. მატჩიდან ორი დღის შემდეგ ჟურნალმა “კიკერმა” თბილისური მატჩისადმი მიძღვნილი წერილი ასე დაასათაურა: “კლინსმანი გემს სწორი გზით მიაცურებს.” დიახ, კაპიტანმა კლინსმანმა გემი სწორად ატარა და უემბლიზე ევროპის ჩემპიონობამდე მიიყვანა. გზად,თბილისში, დაუვიწყარი 90 წუთი, ყველაზე სავსე “პაიჭაძე” და ორი გოლი დაგვიტოვა.

ჩვენი მხრიდან კი, თბილი დამოკიდებულება და სიყვარული გავატანეთ, რაც იურგენ კლინსმანს და თავის გუნდს ეკუთნოდა კიდეც. ალბათ, ასეთი სითბოს გამო თქვა “ბაიერნის” მცველმა, თომას ჰელმერმა: ” ასე გულთბილად დიდი ხანია არსად დაგვხვედრიან. თუკი გერმანიაში თამაშს აგვიკრძალავენ, საქართველოში ვისურვებდი მატჩის გამართვას”.

ავტორი: გიორგი ლეჟავა

FB კომენტარები

კომენტარი