თეოდორ დოსტოევსკი: ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება

1698
SHARE

“კვირა პლუსი” გთავაზობთ რუსი მწერლის, თეოდორ დოსტოევსკის რომანიდან “დანაშაული და სასჯელი” რამდენიმე საინტერესო ამონარიდს.

* საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.

* ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია… კი, ნამდვილად ასეა… საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა… უბრალო რამ წვრილმანსა და სისულელეს შეუძლია მთელი განზრახვა ჩაგიშალოს!

* წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…

* სიღარიბეში შეიძლება კიდევ შეინარჩუნოთ თანდაყოლილი კეთილშობილური გრძნობები, მაგრამ გლახაკობაში ვერასოდეს ვერავინ ვერ შეინარჩუნებს.

* ზოგიერთ მსმელს მოთხოვნილებად აქვს გადაქცეული, ელაპარაკოს ვისმე, მეტადრე, თუ შინ სასტიკად ეპყრობიან და ჩაგრავენ. რამდენადაც მეტსა ვსვამ, იმდენად მეტსა ვგრძნობ. იმიტომაც ვსვამ, რომ სმაში სიბრალულსა და გრძნობიერებას ვეძიებ… იმიტომ ვსვამ, რომ მინდა ორკეცად ვიტანჯო.

* დიახ, არ ვარ შესაბრალისი! ჯვარს უნდა მაცვან, ჯვარსა და არა შემიბრალონ! მაგრამ ჯვარს აცვი, მსაჯულო, ჯვარს აცვი და შეიბრალე შემდეგ! და ჰა, მაშინ თვითონ მე მოვალ სასჯელად, ვინაიდან მწუხარებასა და ცრემლს ვეძიებ და არა მხიარულებასა… როგორ გგონია შენ, ეი, ვაჭარო, ძალიან მეტკბილა ეს შენი ნახევარშტოფი? მწუხარებას და ნაღველს ვეძებდი მის ძირში, ნაღველს და ცრემლსა, ვიგემე და ვიპოვე კიდეც; ჩვენ კი შეგვიბრალებს მხოლოდ ის, ვინც შეიბრალა ყველა და ყოველივე გაიგო, იგია ერთადერთი მსაჯული.

* რა მადანი აღმოუჩენიათ და სარგებლობენ კიდეც! იტირეს, იტირეს და შეეჩვივნენ… რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!

* თუ მართლა საზიზღარი არ არის ადამიანი და მთელი ადამიანის ტომი? ჩანს, მაშინ ყველაფერი ცრუმორწმუნეობა და განგებ შექმნილი შიში ყოფილა, არავითარი საზღვარი არ არსებულა და ყოველივე ასეც უნდა იყოს!.. ხომ გწამს, რომ მაცხოვარი და შემოქმედი ჩვენი დიდად მოწყალეა? მაგრამ მეშინია, ვაითუ შენც შეგეპარა ეს ახალი დროის ურწმუნოება? მე ვილოცებ, მაშ, შენთვის, თუ აგრეა.

* ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება.

* გოლგოთაზე ასვლა ადვილი როდია. კაცს ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა დაუახლოვდე, რომ გაიცნო. თუ შემთხვევა მოგვეცა, სინდისის გრძნობასაც გავქელავთ; თავისუფლებას, სიმშვიდეს, თვით სინდისსაც კი, ყველაფერს გასაყიდად გავიტანთ. დაე, თვითონ დაიღუპოს თავი, ოღონდ ეს ჩვენი საყვარელი არსებანი ბედნიერად იყვნენ! არ ვიკმარებთ ამას, გამოვიგონებთ ჩვენს საკუთარ კაზუისტიკას, იეზუიტებს მივებარებით და დროებით იქნება ჩვენივე თავი დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ, რომ კეთილი აზრი და საქმეც ამას მოითხოვს. ასეთი ვართ ჩვენ, ყველაფერი დღესავით ნათელია.

როცა უქეიფოდ ხარ, სიზმრები ხშირად საოცრად მკაფიოა, ნამდვილს საშინლად ჰგავს. ზოგჯერ საზარელი რამ სურათი წარმოუდგება სიზმრად ადამიანს, მაგრამ გარემოება და მთელი პროცესი ნანახისა იმდენად შესაძლებელია, ხოლო ამ სურათის ყველა წვრილმანი ურთიერთში ისე მხატვრულად შეთანხმებული, რომ ცხადლივ მათ გამოგონებას ვერასგზით ვერ მოახერხებდა სიზმრის მნახველი, თუნდაც პუშკინისა და ტურგენევის დარი ხელოვანიც ყოფილიყო. ასეთი ავადმყოფური სიზმრები დიდხანს აღარ ავიწყდება მნახველს და ადამიანს მოშლილ, აგზნებულ ორგანიზმზე დიდ შთაბეჭდილებას იქონიებს ხოლმე.

საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.

  • * ასე სჩადიან უთუოდ ყველანი, დასასჯელად რომ მიჰყავთ; გზად ყველა საგანს აკვირდებიან.

    სიცრუე ადამიანის ერთადერთი უპირატესობაა, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით. იცრუებ – მართალს მიაგნებ. იმიტომაც ვარ ადამიანი, რომ ვცრუობ. არცერთი ჭეშმარიტებისთვის ისე არავის მიუგნია, ერთი თოთხმეტჯერ მაინც არ ეცრუა; თოთხმეტჯერ კი არა, იქნება ასთოთხმეტჯერაც იცრუა, ვინ იცის; ეს კი საპატიო რამ არის. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ჩვენდა თავად, ჩვენი ჭკუით ცრუობაც არ შეგვიძლია! სიცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად, აი, მაშინ შემიყვარდები და გაკოცებ. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის გამეორებას მაინც სჯობია. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში!

    * ახალგაზრდა ქალს თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის.

    * ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება. ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება. ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი!… და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.

    * სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნაჩუქარი, მეტს ვეღარ ვეღირსები: არა მსურს „საყოველთაო ბედნიერებას“ ვუცადო. მინდა თვითონაც ვიცხოვრო, თორემ თუ ასე არ იქნა, სიცოცხლე არა ღირს.

    * ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!

    * ახალგაზრდა ქალს თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის. რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა. თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება… მლიქვნელობა კი, თუნდ მასში ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს.

    * ჭკვიანური რამ მუდამ საამო გასაგონია. პატიოსანი და მგრძნობიარე ადამიანი გულახდილია, საქმიანი კი გისმენს და ილუკმება და ბოლოს შენც მიგაყოლებს. ტყუილი მუდამ ეპატიება ადამიანს; კარგიც კი არის იმიტომ, რომ სიმართლეს აჩენს ბოლოს. ის არის საწყენი, რომ სტყუიან და თავიანთ სიცრუეს თვითონვე სცემენ თაყვანს.

    * მოგვეწონა სხვისი ჭკუით ჩანჩალი და ლამის არის მთლად ზედ შეველიოთ, – ძვალსა და რბილში გაგვიჯდა!

    * უნაკლო და ჰარმონიული კაცი, მართლაც, თითქმის სრულიად არ მოიძებნება; ასში და ათასში მხოლოდ ერთია ასეთი და ისიც მოიკოჭლებს. ო, ხასიათით მდაბალნო! სიყვარულითაც კი ისე გიყვართ, თითქოს გძულდეთ… ო, როგორ მძულხართ ყველანი!

    * გონივრულად რომ მოიქცეს კაცი, ამისთვის მარტო ჭკუა როდია საკმარისი. დანაშაული წარმოადგენს პროტესტს სოციალური წესწყობილების უკუღმართობის წინააღმდეგ.

    * არამცთუ დიდი ადამიანები, თვით ოდნავ ნიჭიერებიც კი, რომელთაც შეუძლიათ ახალი რამ თქვან და შექმნან, ბუნებით უთუოდ უნდა იყვნენ დამნაშავენი.

    * საზოგადოდ, ახალი აზრის ხალხი კი არა, ოდნავ ისეთებიც კი, რომლებსაც რისიმე ახლის თქმა შეუძლიათ, ერთობ ცოტანი იბადებიან.

    * ურიცხვი ხალხი, ანუ მასალა, მხოლოდ იმიტომაა ქვეყნად, რომ რაღაც საიდუმლოებრივი პროცესისა და გვართა და ჯიშთა ურთიერთშერევის წყალობით ბოლოს, როგორც იქნება, თუნდ ათასში ერთი, რამდენიმე დამოუკიდებელი ადამიანი წარმოშვას. გენიოსი მილიონში ერთი იბადება, უდიდესი მსოფლიო გენიოსები კი, კაცობრიობის დამგვირგვინებლები, ხომ მილიონსა და მრავალ ათას მილიონში ძლივს ჩნდებიან ხოლმე. ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დეე, იტანჯოს. მისთვის ეს იქნება სასჯელი.

    * ტანჯვა და ტკივილი დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონისათვის მუდამ სავალდებულოა.

    * ჭეშმარიტად დიდი ადამიანები უთუოდ უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამქვეყნად.

    * რაც უფრო ეშმაკია კაცი, მით უფრო ნაკლები ეჭვი აქვს, რომ უბრალოზე გამოიჭერენ.

    * რაღაც სულ იოტისოდენა წვრილმანი გამოგეპარება და უცბად ეგვიპტის პირამიდის ოდენა სამხილად გამოგეჭიმება.

    * ზოგჯერ საშინლად უნდათ ქალებს შეურაცხყოფილნი იყვნენ, თუმცა, იმავე დროს, თითქოს რისხვით არიან აღსავსენი.

    * მარადისობა ისე გვაქვს წარმოდგენილი, როგორც იდეა, რომლის გაგება შეუძლებელია.

    * არის ისეთი შეურაცხყოფა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, რაც უნდა გულით გინდოდეს. გარყვნილება მუდმივი რამ მაინც არის, ბუნებაზე დამყარებული, რომელსაც საერთო არა აქვს ოცნებასთან, მუდამ ღვივის სისხლში და ახალისებს ადამიანს, და რომლის ჩანელებაც ხშირად მოხუცობის დროსაც კი საძნელოა. თუ გვინდა ადამიანზე მიუდგომელი აზრი ვიქონიოთ, საჭიროა წინათვე უარვყოთ ზოგიერთი წინასწარშედგენილი შეხედულება ჩვენს გარშემომყოფ ხალხსა და საგნებზე.

    * პირველი ნაცნობობის დროს რატომღაც მსუბუქად და ტუტუცურად უჭირავს თავი ადამიანს: ცდება, სხვა არის და სხვად ეჩვენება ყველაფერი.

    * მლიქვნელობაზე ადვილი და პირდაპირობაზე ძნელი კი არ არის რამ ამქვეყნად. თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე მაინც შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება, აურზაური მოსდევს; მლიქვნელობაში თუნდ ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია იგი. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს. ასეა ყველა წრისა და წოდების ხალხისათვის. მლიქვნელობით შეიძლება შეცდენა თვით ზეციური უმანკოების. ჩვეულებრივსა და უბრალო ხალხზე ხომ, რაღა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს.

    * თავის თავზე ყველა თვითონ ზრუნავს და ყველაზე მხიარულადაც ის ცხოვრობს, ვინც უკეთ ატყუებს თავის თავს.

    * ქურდი რომ ქურდობს, თვითონვე იცის, რომ საზიზღარია.

    * კერძო ბოროტება გასაკიცხი არ არის, თუ მთავარი მიზანი საკეთილოა. მარცხის შემდეგ ყველაფერი სისულელედ გვეჩვენება. ესთეტიკური შიში პირველი ნიშანია უძლურებისა. ტანჯვა და ცრემლი ხომ იგივე სიცოცხლეა.

FB კომენტარები

კომენტარი