ზალიკო ბერგერი – ძალიან მორწმუნე ვარ, ყოველდღე ვკითხულობ ლოცვებს

286
SHARE

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ცნობილია ყველაზე ხალისიანი და პოზიტიური ადამიანის სახელით. ამაში თვითონაც დავრწმუნდით. უჩვეულო და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მან ,,შინს“ უმასპინძლა და ყველა ოთახის კარი ფართოდ გაუღო.
– ძალიან მომწონს სახლი, სადაც არის დიდი სივრცე და ნათელი ოთახები. ძირითადად ლაქშერის ტიპის ბინებს ვანიჭებ უპირატესობას. უკვე დიდი ხანია დედაჩემთან ერთად ამ ბინაში ვცხოვრობ. გვყავს კიდევ ერთი ბინადარი, კუსა (კატას გულისხმობს). მანამდე ვაკეში ვცხოვრობდით, არაყიშვილის ქუჩაზე. რემონტი ახალი არ არის, როცა გადმოვედით, დედაჩემმა თავის თავზე აიღო რემონტის საკითხი და მაშინ გავარემონტეთ. მე არ ჩავრეულვარ, თუმცა ჩემი ხასიათი და გემოვნება მაქსიმალურად გაითვალისწინა. მხოლოდ მისაღები ოთახის ჭაღია ჩემი გემოვნებით შერჩეული, კაშკაშა და ლამაზი ფერები აქვს, იმართება პულტით, ყოველთვის ყურადღებას და მოწონებას იმსახურებს.
– ინტერიერის დეტალებში ხშირად შეგაქვთ ცვლილებები?
– არ მიყვარს სახლში ავეჯის და სხვადასხვა ნივთის გადაადგილება. როცა რაღაცას მივუჩენ ადგილს, არ მომწონს, თუ ვინმე გადააადგილებს. ვერ ვიტან არეულობას, ვცდილობ სახლში ყველაფერი წესრიგში იყოს.
– თითქმის ყველა კედელზე განთავსებულია ნახატები. კოლექციონერი ხართ?
– ყველა სურათი ნაჩუქარია. ჩემმა მეგობრებმა უნებლიეთ გამხადეს კოლექციონერი. ბევრი მათგანი ავტორის ნაჩუქარია. აქ ნახავთ დათო მელიქიშვილის, უტა ბექაიას, ნანუკა ჯაფარიძის, მაია ორჯონიკიძის ნახატებს. ჩემი პორტრეტი ეკუთვნის ნუცა კურცხალიას.
მისაღები ოთახი საკმაოდ დიდი და პრაქტიკულია. ოთახში განთავსებულია კუთხის რბილი ავეჯი, ჟურნალების მაგიდა, თელევიზორის მაგიდა, რომლის თაროებზეც ვინახავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ნივთებს, ჩემს კარიკატურას, მუსიკალურ საკერავ მანქანას, მეგობრებმა სიმბოლურად მაჩუქეს. აქვეა გასაშლელი, სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდა, ტყავის სკამებით.
მისაღებ ოთახს საოცრად ალამაზებს ქოთნის მცენარეები. ძალიან მიყვარს ყვავილები, სახლში საოცრად კარგ აურას ქმნის. ყველა ყვავილს დედაჩემი უვლის დიდი სიყვარულით და ამაყობს თავისი ორანჟერეით.
შემოსასვლელ ჰოლს ამშვენებს ორიგინალური, ზომაზე დიდი, ვარდისფერი საათი.
– ეს საათი დაბადების დღეზე მაჩუქა ქართველმა დიზაინერმა მარიამ აწურელმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. საათს აქვს მაღვიძარას ფუნქცია, ერთხელ ვცადე გამომეყენებინა, მაგრამ ისეთი საზარელი ხმა ჰქონდა, აღარ მიცდია მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება. მისაღებ ოთახშიც მაქვს განსხვავებული კედლის საათი, სარკის ზედაპირით, ციფრების მაგივრობას წევს ძვირფასი ქვები, საათი ბაქოში ”მის აზერბაიჯანმა” მაჩუქა.
– ხშირად გაქვთ სტუმრიანობა?
– მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ხშირად ვუმასპინძლდები სტუმრებს. მე და ჩემი მეგობრები კლუბურ შეხვედრებს და გართობას უფრო ვანიჭებთ უპირატესობას. იქ ვიკრიბებით და არაჩვეულებრივად ვატარებთ დროს.
მისაღებ ოთახს სამზარეულოსგან ყოფს ბარი.
– მაქვს ბარი, რომელიც ძალიან მომწონს. ვაგროვებ ალკოჰოლურ სასმელებს, თუმცა არ ვინახავ საკოლექციოდ. როცა მინდა, ვხსნი და ვაგემოვნებ. მხოლოდ ერთია გაუხსნელი, ანტონ ბერგის სასმელი პატარა ბოთლებში, ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა ნიუ-იორკიდან. თითოეულ ბოთლში განსხვავებული არომატის  და გემოს სასმელი ასხია. მოგზაურობის დროს ყველა ქვეყანაში ვყიდულობ მაცივარზე დასაკრობებს. ხედავთ რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი? (იცინის)
ზალიკომ ხაზი გაუსვა დედის კულანარიულ ნიჭს და აღნიშნა, რომ ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი გემრიელი კერძებით.
– ყოველთვის მეკითხება, რა კერძი მომენატრა, ცდილობს, რაიმე ახალი და განსხვავებული მომიმზადოს. დღეს გვაქვს რუსული მენიუ – კატლეტი, პიურე, წიწიბურა და ბორში.
– სახლის რომელ ნაწილში ატარებთ ყველაზე მეტ დროს?
– ყველაზე ძალიან ჩემს საძინებელში ყოფნა მიყვარს და შესაბამისად, დიდ დროს აქ ვატარებ. მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობ თავს. რემონტის დროს მწვანე ფერს მივანიჭე უპირატესობა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფერია. საძინებლისთვის ძალიან მისაღებია, მშვიდია და ადამიანის ხასიათზე დადებითად მოქმედებს. ცალკე მაქვს გამოყოფილი ჩემი კაბინეტი. ოთახში მაქვს მხოლოდ თაროები და საწერი მაგიდა.
თაროზე სუნამოებთან ერთად საპატიო ადგილი ბელგიელ, საკმაოდ გამომწვევ და თამამ გოგონას უკავია. ოთახში ასევე ინახება ზალიკოს დედის ნაქონი ძველი სამკაულები.
– დედას ყველა სამკაულს ვინახავდი. რამდენიმე მათგანი ჩემი აწყობილია. ეს სამკაულების მხოლოდ მცირედი ნაწილია, დანარჩენი ჩემს სახელოსნოში ინახება.
სახლში ერთი ოთახი მთლიანად აქვს დათმობილი ხატების კუთხეს.
– ძალიან მორწმუნე ვარ. ყოველდღე შემოვდივარ ამ ოთახში და ვკითხულობ ლოცვებს. ჩემს სახლში უამრავ ხატს ნახავთ, თითოული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. როცა გაბრაზებული ან ნაწყენი ვარ, შემოვდივარ ამ ოთახში და ყველაფერი მავიწყდება, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ.

წყარო:https://www.shin.ge

Comments

comments