ვინ და რატომ სთხოვს მოზარდების მკვლელობისთვის პასუხს პედაგოგებს-თქვენ არ დაუმახინჯეთ ბევრ ბავშვს ბავშვობა?!

3378
SHARE

ბლოგერი ცვატა ბერძენიშვილი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის თემას ვრცელი ბლოგით ეხმაურება და პედაგოგებს, მოსწავლეებთან დამოკიდებულების გამო, აკრიტიკებს.
“ძალიან გაბრაზებული ვწერ ამ სტატუსს და შეიძლება ცოტა არეულ-დარეული, დიდი და უხეში გამომივიდეს, შეიძლება მერე ვინანო ამის დაწერა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა – სამაგიეროდ გულწრფელი იქნება.
ძვირფასო მასწავლებლებო, ახლა რომ გამოდიხართ და ბავშვების მკაცრად აღზრდის ლეგიტიმაციას ითხოვთ და ჩამორთმეულ “უფლებებზე” წუწუნებთ – თქვენ არ ხართ ის, ვინც ძალადობრივ და აგრესიულ გარემოში ზრდიდა ამ ამ ბავშვებს? თქვენ არ იყავით ისინი, ცემაში რომ ხდიდით და ხდით მოსწავლეებს სულს და ეს აღზრდის ერთადერთი სწორი მეთოდი გგონიათ? თქვენ არ უწოდებდით და უწოდებთ მათ დებილებს, იდიოტების, განუვითარებლებს და სხვა ათასგვარ სალანძღავ სიტყვას? თქვენ არ დაუმახინჯეთ ბევრ ბავშვს ბავშვობა და ბევრს შეაძულეთ საერთოდ განათლება? რამეს ვამატებ?
ძვირფასო “ბიძერებო”, რომ გამოდიხართ ენაგადმოგდებული და ახალგაზრდობას ლანძღავთ, ეს რა თაობა მოდისო, თქვენ რა თაობა იყავით, გახსოვთ საერთოდ? თქვენმა თაობამ არ დაანგრია და დააქცია ეს ქვეყანა? თქვენ არ იყავით, ტანკებით რომ დასდევდით ერთმანეთს და რუსთაველზე ტყვიების წვიმას აწყობდით? თქვენი თაობა არ იყო, ყველა კუთხეში რომ ვიღაცას კლავდა? თქვენ არ დაგვიტოვეთ ეს დამპალი მემკვიდრეობა? დღეს რომ ორი ბავშვის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა, თქვენს თაობაში ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა არ იყო? რაიმე მეშლება?
ვინ მოგცათ თქვენ უფლება, რომ გამოდიხართ და ამ ქვეყნის საამაყო ახალგაზრდობას ლანძღავთ? იმ ახალგაზრდობას, რომელიც წლებია ცდილობს თქვენი ჩასვრილი მოწმინდოს და მაინც ყელამდე ნეხვში რომ ტივტივებს, ისევ თქვენივე დამსახურებით? აცნობიერებთ მაინც, რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ?
რაღაც მოსაზრებებს გავეცანი ახლა და გაცეცხლებული ვარ, სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს და შეიძლება ზედმეტი მომდის. ვიცი, რომ ყველა მასწავლებელს, ყველა უფროსი თაობის წარმომადგენელს არ ეხება ეს და გულწრფელ ბოდიშს ვუხდი მათ, ხოლო იმათ, ვისაც ეს სტატუსი ეწყინება და აეწვება – უნდა ეწყინოთ და აეწვათ კიდეც, მათთვის დამიწერია ესე იგი.” ,- წერს ცვატა ბერძენიშვილი საკუთარ ბლოგში.

 

FB კომენტარები

კომენტარი