ვინ არის გოგონა, რომელიც “ჰეროკრატიაში” სანდრა რულოვსის როლს ასრულებს და რა ურთიერთობა ჰქონდა მას სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილთან

3222
SHARE

ბალერინა და ტელეწამყვანი ნათია ბუნტური ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ მრავალსერიიან ფილმში „ჰეროკრატია,” ერთ-ერთ მთავარ, პირველი ლედის როლს ასრულებს. რეალობის მიხედვით, მას სანდრა რულოვსის სახე უნდა განესახიერებინა, მაგრამ ფილმში პირველი ლედი უფრო ზოგადი სიმბოლიკაა, რომელიც პრეზიდენტის მანიპულატორია. ნათიასთვის ეს პირველი ეკრანული როლია.
ნათია ბუნტური: დარწმუნებული ვარ, არცერთი იმ ფილმში მონაწილე მსახიობი არ იტყვის, რომ პოლიტიკურმა შეხედულებებმა გაუღვივა ამ ფილმში მონაწილეობის სურვილი. როგორც სხვა დანარჩენები, აქ მეც გამოცდილებისთვის მოვედი. საქართველოში მსახიობები კინოროლებით ნამდვილად არ არიან განებივრებულები. მით უფრო, ასეთ კარგ შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება ძალიან მიმზიდველია. ინდივიდუალური პოლიტიკური აზრი ყველას გააჩნია, მაგრამ თუ პროფესიონალია, ამას საკუთარი საქმისგან გამიჯნავს. სახლში, მეგობრებთან და ნათესავებთან შეგიძლია, განიხილო შენი პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ როლი, რაც არ უნდა ნეგატიური იყოს, მაინც უნდა შეიყვარო.
– თუმცა, ისეთი მსახიობებიც არიან ამ ფილმში, ვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ეს ცხრა წელი არც თუ ისე სასიამოვნოდ აისახა და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ.
– ტყუილად არ ჩაუვლია ისტორიის ამ ნაწილს. რა თქმა უნდა, ზოგს პირადად შეეხო, ზოგის ახლობელს, თუმცა კარგად თუ ცუდად, ეგ ჩემი განსახილველი არაა. არ მსურს, ვინმეს პლუსი ან მინუსი დავუწერო. ცუდიც ბევრი მოხდა და შეიძლება, კარგიც ბევრი გაკეთდა. არ მიკვირს, რომ, ვისაც ეს ამბავი პირადად შეეხო, პროტესტს გამოთქვამს. ბევრისთვის ეს ძალიან რთული წლები იყო და გასაკვირიც იქნებოდა, ასე არ მოქცეულიყვნენ. დაზარალებული ადამიანების რიცხვი დიდია. ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობიც დაზარალდა სხვადასხვა კუთხით. საქართველო, თბილისი პატარაა და ყველა ყველას იცნობს – თუკი რამე მოხდება, არ იმალება. თუმცა, მე მაქსიმალურად ვცდილობ, ნეგატიურ თემებს ავერიდო.
გოგა ხაინდრავას განცხადება იყო ერთ-ერთ გამოცემასთან, რომ „ჰეროკრატიის” მსახიობებს ემუქრებიან.
– სიმართლე გითხრათ, ეს განცხადება არ მინახავს და არც ის ვიცი, ვის დაემუქრნენ. მე კარგის მეტი არაფერი მსმენია ამ ფილმზე მათგან, ვინც იცის, რას ნიშნავს, იყო შენი საქმის პროფესიონალი. განასახიერო გმირი, არ ნიშნავს, რომ შენ პოლიტიკურ ამბებში ჩაები და ჭაობში გითრევენ. როლი – როლია. შეიძლება, ვიღაცამ ჰიტლერი, სტალინი ან სულაც ეშმაკი განასახიეროს. სწორედ იმის განსახიერებაა საინტერესო, ვისაც უფრო მეტად რთული, ჩახლართული ცხოვრება აქვს.
– შენი როლის შესახებ მიამბე.
– ჩემი როლი ძალიან საინტერესო გამოვიდა, რადგან ის არაა კონკრეტული პერსონა. ეს ქალი არ არის ადამიანი ცნობილი სახელით და გვარით, როგორც ეს ბევრს ეგონა. ეს არაა რეალური პირველი ლედი.
– თუმცა, არის პირველი ლედი და შეიძლება, გარკვეულწილად, სანდრა რულოვსიც მოვიაზროთ.
– შეიძლება, მაგრამ აქ უფრო წარმოსახვითი პირველი ლედია, რომელიც პრეზიდენტს მართავს. ის იმ ძალას ფლობს, რაც პირველ პირს სურს. ეს ქალი სიმბოლიკაა. ფილმში ჩანს, რომ თუ მათ ახლო ურთიერთობა არ აქვთ, ეს იმიტომ, რომ პირველი პირი ჯერ არ არის მზად, ქვეყნის მართვის სადავეები ბოლომდე აიღოს ხელში და ძალაუფლებას დაეპატრონოს. როგორც კი მათი ურთიერთობა დათბება და სიახლოვე აქვთ, ეს არ ნიშნავს პირველ ლედისთან სიახლოვეს, ეს გულისხმობს, რომ ძალაუფლება უკვე პირველი პირის ხელში გადმოდის. მან ძალიან რადიკალური ნაბიჯები გადადგა, ბევრი ცუდი ქმედება დაუკავშირდა მის სახელს და ამიტომ გახდა ლიდერი. ანუ, როგორც ხდებოდა.
შენი ძველი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდი, სანდრა რულოვსის ჩაცმის სტილი მომწონსო. როლზე მუშაობისას თუ ითვალისწინებდი მის სტილს?
– არ მახსოვს, ალბათ, პოლიტიკოსების მეუღლეებს შორის ვაკეთებდი არჩევანს. თუმცა, ეს თუ დიდი ხნის წინ იყო, გემოვნება ძალიან გამომეცვალა (იცინის). როლისთვის საერთოდ არცერთი ფოტო და ვიდეომასალისთვის არ გადამიხედავს. ეს არ მჭირდებოდა. რეჟისორმა დამიხატა ჩემი გმირი და მე ის დამოუკიდებლად უნდა ომეფიქრებინა. რაც შეეხება სტილს, ამას ამ საქმის პროფესიონალები არჩევდნენ. მისი ხასიათი რეჟისორმა ამიხსნა და შევეცადე, წარმომედგინა: როგორი იქნებოდა ქალი-ძალაუფლება, ქალი, ვითომ ქალღმერთი, პირველი ლედი და ქვეყნის პირველი პირის მანიპულატორი.
– რთული აღმოჩნდა მანიპულატორი პირველი ლედის განსახიერება?
– კი, ძალიან რთული და ემოციურად დამღლელი იყო.
ფილმში „სააკაშვილის” უშუალო პარტნიორი ხარ. სინამდვილეში თუ იცნობ პირადად?
– ერთი-ორჯერ შევხვდი, როცა „ვერის უბნის მელოდიები” იდგმებოდა. მას ყველა მონაწილესთან ასე თუ ისე მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. ძალიან გულშემატკივრობდა ამ პროექტს. მაშინ გავიცანი, ძალიან მცირე შეხება გვქონდა. ახლო ურთიერთობა ნამდვილად არ გვაკავშირებდა.
ამ ფილმის გარდა, კიდევ არის შენს შემოქმედებაში სხვა პროექტი?
– ახლა არა. თუმცა, მე პროფესიონალი მსახიობი არ ვარ და ძალიან გამიხარდება, თუ კიდევ ვინმეს დავჭირდები ამ მიმართულებით. რაც შეეხება ტელევიზიას, ოთხი სეზონი ვიმუშავე „დილის” წამყვანად, მაგრამ წელს ფორმატი შეიცვალა. „დილა” დახურეს და ეს ეტაპი ჩემთვის დამთავრდა. სამაგიეროდ, დაარსდა თბილისის თანამედროვე ბალეტის, გიორგი ალექსიძის სახელობის დასი და მე წამყვანი სოლიტის სტატუსი მივიღე. დავიწყეთ ახალი სეზონი და ვემზადებით პრემიერისთვის. პარალელურად, მაკა მახარაძის საბალეტო სტდუდიაში ერთ-ერთი პედაგოგი ვარ. ტელევიზიაში მუშაობისას ოპერის თეატრიდან წამოვედი, რომლის ხელმძღვანელიც ნინო ანანიაშვილია. ეს იყო 2012 წელს, მაგრამ შემდეგ მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებში” ვმონაწილეობდი და ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ, რადგან სულ ვცეკვავდი. კიდევ სხვადასხვა პროექტში ვიღებდი მონაწილეობას. ასე რომ, პაუზაც არ გამომსვლია, მაინც სულ ვცეკვავდი და ახლა უფრო აქტიურად ვაგრძელებ.
– ოჯახის შესახებაც ვისაუბროთ…
– 5 წლის ბიჭი მყავს – ლუკა. ჯერ ბაღში დადის. დედასთან გატარებული დრო აკლია, რადგან დილიდან გვიანობამდე ვმუშაობ. თუმცა, როცა ერთად ვართ, მაქსიმალურად ვცდილობ, დანაკლისი შევუვსო.
– მეუღლე?
– მეუღლე მყავდა. ლუკას მამა ბიზნესმენი ზაზა ქურციკაშვილია. მაგრამ, დაახლოებით წელიწადია, ერთმანეთს დავცილდით. მაინც კარგი მეგობრები ვართ. ვცდილობთ, ლუკას გამო ერთმანეთს მივეხმაროთ. ვისურვებდი, უკეთეს მეგობრობას და თანადგომას, თუმცა ცუდს ვერაფერს ვიტყვი. სხვათა შორის, ოჯახის წევრები ღელავდნენ, რომ ამ ფილმის გამო, ისეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილიყავი, გასაქილიკებელი გავმხდარიყავი, ფილმის სცენებიდან გამომდინარე. მაგრამ ზუსტად იცოდნენ, რომ მე თუ ნაბიჯს გადავდგამ, იმას ბოლომდე მივიყვან.
– შენ თვითონ არ შეგაშინა პირველი ლედის როლმა?
– არა, ვიცოდი, ყველაფერი გამომივიდოდა. საკუთარ თავში ეჭვი არ შემპარვია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი როლია. ამპარტავანი და ამბიციური არ ვარ, მაგრამ ეს თავდაჯერება, გონებისა და სხეულის მართვის უნარი, ბალეტის დამსახურებაა.
– შემოქმედებითი თვალსაზრისით, კარგი პერიოდი გაქვს, რასაც ვერ ვიტყვით, პირად ცხოვრებაზე. გაშორებას ბევრი სირთულე ახლავს და თან, ცოტა დროა გასული.
– რთულია შვილის გაზრდა ქორწინებაშიც და ქორწინების გარეშეც. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება რთულია. ამიტომ, არ ვამბობ, რომ დაშორებამ უფრო გამირთულა ან გამიმარტივა საქმე. საერთოდ, არავის იმედი არ მაქვს და არც მოთხოვნებს ვუყენებ ვინმეს. ეს ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია.
– დაშორების შემდეგ, ქალებისთვის დამახასიათებელი დეპრესიული პერიოდი, როგორც ჩანს, შენთვის უცხოა.
– არა, არა. ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად: ხუთი წელი ქორწინებაში და მანამდე ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ქორწინების ბოლო ორი წელი, პირადად მე, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდებოდა. შეგუებული ვიყავი ამ აზრს და მეხის გავარდნასავით არ ყოფილა. ყველაფერი გათვითცნობიერებული მქონდა. რაც შეეხება დეპრესიას, ეგ შეიძლება, ქორწინებაშიც გქონდეს.

ჟურნალი “თბილისელები”

FB კომენტარები

კომენტარი