ვინ არიან “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულები

200
SHARE

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 8 მარტს გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმა გახსნა. უწყებამ ორი პირი დააკავა, ერთზე კი ძებნა გამოაცხადა.
ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები არიან 21 წლის ნიკა ქარსელაძე და 20 წლის დავით გამხუაშვილი. ირკვევა, რომ დაკავებულები წარსულში სხვა დანაშაულისთვისაც არიან ნასამართლევი, ერთ-ერთი მათგანი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ დანაშაულის ჩადენის დროსაც იმყოფებოდა. მათ ბრალი ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით წარუდგინეს, რაც საერთო ჯამში სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ორ მოქალაქეს და ავტომანქანა ჩამოართვეს.
„პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, ბრალდებულები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გატაცებული ავტომანქანა ამოიღო, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„საქართველოს ბანკის“ გლდანის ექსპრეს-ფილიალზე თავდასხმაში სულ სამი პირი მონაწილეობდა. ცნობილია, რომ ბანკის დაყაჩაღებამდე, წინა საღამოს მათ 30 წლის მამაკაცი, ზურაბ ბერიკაშვილი მის კუთვნილ „სუბარუს“ მარკის ავტომობილთან ერთად გაიტაცეს. ამავე ჯგუფის მიერ მოხდა კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის გატაცება. თავდამსხმელებმა მძევლები გაკოჭეს და გატაცებული ავტომობილის საბარგულში ჩასვეს. მეორე დღეს იმავე ავტომობილით გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე ბანკის დასაყაჩაღებლად მივიდნენ. ბანკზე შეიარაღებული თავდასხმიდან მალევე ადგილზე დაცვის პოლიცია და სამართალდამცავები გამოცხადნენ, რომელთა მიმართ თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი. ზურაბ ბერიკაშვილს და მასთან ერთად გატაცებულ ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაატოვებინეს, თავად კი მიიმალნენ. ოჯახის თქმით, ზურაბ ბერიკაშვილი ვარკეთილში ცხოვრობს და წინა საღამოს გლდანში ახლობელთან იყო გასული, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

წყარო : პრაიმტაიმი

FB კომენტარები

კომენტარი