ვინ არიან თბილისში დაკავებული სამი ახალგაზრდა და რა კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებს მათი სახელები

2277
SHARE

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის დროსაც სამი პირია დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა სამმართველომ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მიმდინარე წლის 3 და 4 სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განახორციელა.
AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან 26 წლის გიორგი ყანჩაველი, 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძე და 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი.
გიორგი ყანჩაველი წარსულში ორგზისაა ნასამართლევი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით. მისი მამა ე.წ “ვერის საძმოს” წევრი იყო, უმცროსი ყანჩაველი კი “საძმოს” ცნობილი წევრის – გიორგი იგივე ჟორიკა რურუას (ნიკა რურუას ძმა) ნათლულია. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ყანჩაველი ორი დღის წინ, ვაკეში მომხდარი სროლის დროს სოსო ჯოხაძისმკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბადრი, იგივე ბადუკა ნათობაძისმეგობარია. არის თუ არა კავშირი ყანჩაველის დაკავებასა და ჯოხაძის მკვლელობას შორის, ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ბადუკა ნათობაძესთან მეგობრობს დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძეც, რომლის ოჯახის წევრებიც პოლიციას იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ. იგი წარსულში მრავალგზის ნასამართლევია სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის ყაჩაღობის ბრალდებით. ნიშნიანიძის სახელი თბილისში მომხდარ არაერთ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს. ერთ-ერთი 2015 წელს საბურთალოზე მომხდარი დაჭრაა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით გოჩა ვეფხვაძე დაჭრეს. სამართალდამცველებმა ნიშნიანიძე დაჭრის ბრალდებით რამდენიმე დღეში დააკავეს. საქალაქო სასამართლომ ეჭვმიტანილი გაამართლა, რადგან ვეფხვაძემ არ დაადასტურა, რომ ნიშნიანიძემ დაჭრა.
წარსულში ნასამართლევია გიორგი ფეიქრიშვილიც. მისი სახელი უკავშირდება გია უდესიანს, რომელიც თავის მხრივ “ნაციონალების” “ზონდერ-ჯგუფების” მეთაურად” მოიხსენიებოდა. ფეიქრიშვილი 2015 წლის ოქტომბერში ვაჟა-ფშაველაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. მაშინ მისი ოჯახის წევრები ირწმუნებოდნენ, რომფეიქრიშვილს პოლიციამ იარაღი ჩაუდო. ფეიქრიშვილი 9 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს, 2016 წლის 30 ივნისს კი ციხიდან გამოვიდა.
გიორგი ფეიქრიშვილის და მისი ტყუპისცალი ძმის (თბილისში ცნობილები, როგორც “ძმები ფეიქრიშვილები”) სახელი სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. დავით ფეიქრიშვილი ამჟამად პატიმრობაშია. მისი სახელი ფიგურირებს ე.წ მაზავშიკების საქმეში, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავების დროს მათგან ამოღებული იქნა ერთ-ერთი მოქალაქისაგან მიღებული 40 700 აშშ დოლარი, რომელიც საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ ”მაზით” 140 000 აშშ დოლარი მოგებული ჰქონდა დავით ფეიქრიშვილს. საქმეში ფიგურირებდა ვატო ყიფიანის სახელიც, რომელსაც მოგებული თანხის 30 000 აშშ დოლარი ამოღებული ჰქონდა უკრაინაში და ცდილობდა დარჩენილი თანხის, 40 700 აშშ დოლარის გადაცემას დავით ფეიქრიშვილისთვის, რა დროსაც მოხდა აღნიშნული პირების დაკავება.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი