ექვსი შეცდომა, რომელსაც ქართველი მამაკაცები ჩაცმისას უშვებენ

105
SHARE

მამაკაცი ისე უნდა იცვამდეს, რომ თავისი ინდივიდუალურობით იპყრობდეს ყურადღებას. ამბობენ, რომ სამოსი ადამიანის ხასიათზე მეტყველებს. თბილისური მოდა თითქმის ერთფეროვანია, მითუმეტეს მამაკაცებისთვის. რა შეცდომებს ვუშვებთ ქართველი მამაკაცები ჩაცმულობისას, ამის შესახებ დიზაინერ ანუკა ქებურიას ვესაუბრეთ.

– ანუკა, როგორ ფიქრობთ, იცვამენ თუ არა შეცდომებით ქართველი მამაკაცები?
– მხოლოდ ქართველი მამაკაცები არ უშვებენ შეცდომებს სამოსის შერჩევისას. ეს ნებისმიერი ეროვნების ქალსა და კაცს მოსდის.

– რა შეცდომებს უშვებენ?
პირველი შეცდომა: როდესაც მამაკაცი იმოსება კლასიკურად, წინდა ფეხსაცმელთან მიახლოებული ფერის უნდა იყოს. ცუდი სანახავია, როცა სამოსი, წინდა და ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერისაა.
მეორე შეცდომა: პიჯაკის ყველა ღილზე შეკვრა არ არის კარგი ტონი. თუ პიჯაკს აქვს სამი ღილი, ორ ღილზე უნდა შეიკრან, თუ ორი ღილი აქვს – ერთზე.
მესამე შეცდომა: ეს არის ჰალსტუხის არასწორად შეკვრა. აუცილებელია, ჰალსტუხი იყოს გრძელი და მისი სიგრძე შარვლის სათავემდე ჩამოდიოდეს. ეს აუცილებელი სტანდარტია და ტენდენციების მიხედვით, ეს არის სწორი.
მეოთხე შეცდომა: წინდა უნდა იყოს მაღალი, რომ შარვალსა და წინდას შორის არ ჩანდეს შიშველი ფეხი. როცა მამაკაცი ჯდება, მას შარვალი ზევით ეწევა და მოკლე წინდების შემთხვევაში ფეხი ჩანს, რაც არც ლამაზია და არც მსოფლიო მოდის ტენდენციებით არის გათვალისწინებული.
მეხუთე შეცდომა: პიჯაკის შიგნით აუცილებელია, გეცვას გრძელსახელოებიანი პერანგი, მანჟეტები კარგად რომ ჩანდეს.
მეექვსე შეცდომა: კლასიკურ შარვალზე აუცილებლად უნდა გაიკეთოს ქამარი. კლასიკური პატარა ბალთით. დიდბალთიანი ქამარი ცუდად ჩანს კლასიკურ სამოსზე.

FB კომენტარები

კომენტარი