“ეს ჩემი და მიშას კონკრეტული ამბავი იყო” – აჩი ფურცელაძე ციხეში გატარებულ პერიოდს იხსენებს

644
SHARE

აჩი ფურცელაძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ციხეში მოუწია ყოფნა. 2007 წლის ივნისში, ლესელიძეზე ყაჩაღობა მოხდა. ორგანიზებულმა ჯგუფმა, ლომბარდის დაყაჩაღება გადაწყვიტა, თუმცა, პატრულის დროულად გამოჩენის შემდეგ, ეს ვერ შეძლეს, რასაც გასროლა მოჰყვა. შედეგად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისგან. მომხდარზე დააკავეს მომღერალი აჩი ფურცელაძე, რომელმაც 6-თვიანი სასჯელი მოიხადა, თუმცა, ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოხვდა.

– არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, შესაბამისად, მუხლი მქონდა – გამოუცხადებლობა. ამ ამბავთან მე არაფერ შუაში ვარ. უნდა გაეძარცვათ ერთი წერტილი, მძარცველთა შორის ერთი ჩემი მეგობარი იყო. არ გამოვიდა ეს ამბავი, მაგრამ უკვე ყაჩაღობაა. რადგან იარაღი გაისროლეს. ეს ჩემი მეგობარი წავიდა სხვაგან, ზოგს პატრული გამოეკიდა, გააჩერეს, სადღაც მანქანით გაიჭედნენ. ერთი გადმოვიდა და ესროლა იმ პატრულს, რომელიც იქვე გარდაიცვალა. მკვლელობის ამბავი გავიგე ამ ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც იყო ვერშემდგარი ყაჩაღ-მძარცველი. კანონის მიხედვით დამნაშავე ვარ. ჩვენთან ასეთი კანონი თუ არსებობდა, არც ვიცოდი. მედალს ორი მხარე აქვს, შეიძლება გადაარჩინო ვიღაცის სიცოცხლე, მაგრამ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, დღესაც არ არის ის მომენტი, ადგე და განაცხადო. არ ერევი და კაცურშიც არ არის გამართლებული პოლიციაში დარეკვა. ისიც არ ვიცოდი, რატომ უნდა დამერეკა.

– როგორ დაგაკავეს?
– მე უკვე მოსკოვში ვიყავი და ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი, ვიზა მქონდა გასაგრძელებელი. ამ მომენტში მოხდა ეს ყველაფერი. ჩემთან მოვიდნენ დილის 11 საათზე. ორნი იყვნენ, მითხრეს, აჩი ჩაიცვი, მინისტრი გიბარებსო. არავის ეგონა, რომ დამიჭერდნენ. 24 საათში გამოვიდა ძვირფასი პრეზიდენტი და თქვა ჩემი სახელი: ბომონდს, რომელიც კრიმინალს ხელს აფარებს, არანაირი შეწყალება, უნდა იჯდესო. ვეღარ გამომიშვებდნენ, ჩემს დროს მაგ მუხლით ტიპებს, დარბაზიდან უშვებდნენ. ეს ჩემი და მიშას კონკრეტული ამბავი იყო. მიშამ ძალიან კარგად იცოდა, ტიპზე არასდროს ვიტყვი, რომ კარგი ტიპია.

– როგორ გაიხსენებ ციხეში ჯდომის პერიოდს?
ჯერ ორთაჭალაში მიმიყვანეს, მერე წამიყვანეს რუსთავში. დირექტორმა სერგომ ამიყვანა კაბინეტში და მითხრა: ვიცი ვინც ხარ და ძალიან მესირცხვილება ჩემი პატიმარი რომ ხარ. ვიცი, ნორმალურად იქნებიო. კარანტინში უნდა ყოფილიყავი დიდი ხანიო, მაგრამ სერგომ მესამე დღეს დაგვშალა. ჩვენთან მკაცრი რეჟიმი იყო, ე.წ. კრიტი. სამუდამო მისჯილები წინა კამერაში ისხდნენ. ოთხკაციან კამერაში ვიყავი და 14-კაციანში გადავედი ჩემებთან. ამასობაში თემო თათარაშვილმა, რომ გაიგო, ეგრევე ჩამოვიდა, ძალიან დიდი პატივი მცა.

წყარო:ჟურნალი „თბილისელები“

FB კომენტარები

კომენტარი