ეს მიმიკა დადებითი განწყობის, სითბოს, ალერსის გამომხატველია – ბერბერული მაკაკები თბილისის ზოოპარკში

53
SHARE

თბილისის ზოოპარკის ოფიციალურმა “ფეისბუქ” გვერდმა ბერბერული მაკაკების სურათი გამოაქვეყნა, სადაც მაიმუნები გულწრფელად და მთელი გრძნობით იცინიან.
“სახეებზე დააკვირდით კარგად…
თუ გეგონათ, რომ ცხოველებს სახის მიმიკებით ემოციების გამოხატვა არ შეეძლოთ, ახლავე ჩაგიყრით მაგ კოვზებს ნაცარში. აი, ბერბერული მაკაკების მაგალითი ავიღოთ. ჩვეულებრივ, მშვიდ სიტუაციაში ჩვეულებრივი, მშვიდი სახეები აქვთ. მაგრამ, როცა პატარას ეთამაშებიან იბადრებიან, იღიმიან, იცინიან. მართლა იცინიან. გულწრფელად და მთელი გრძნობით. თან პირებს აცმაცუნებენ, თითქოს რაღაცას ესაუბრებიან ბავშვს. რას? ალბათ იმას, რასაც ჩვენ, როცა შვილებს ვეფერებით. საერთოდ, მაკაკები კბილების დაკრეჭით აგრესიასაც გამოხატავენ. გაშინებენ თავისებურად. თუმცა სიტუაციას გააჩნია. ამ შემთხვევაში, ამ ღიმილს არაფერი აქვს საერთო აგრესიასთან. პირიქით. ეს მიმიკა დადებითი განწყობის, სითბოს, ალერსის გამომხატველია. დასცქერი ფოტოს და უნებურად ჩვენი, ადამიანური სურათები გახსენდება – ლოგინში მოკოტრიალე ახალშობილს რომ დავხარით გაბრწყინებული სახეებით”, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

comments