„ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოსესია ჩვენი ბრენდის ისტორიაში“ – ბებოებმა დიზაინერ მეგი გაბუნიას ტანისამოსი მოირგეს (ფოტოკოლაჟი)

159
SHARE

“მინდა, მაგრამ ასაკი არ მიწყობს ხელს” – ეს ფრაზა, ალბათ, არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა დიზაინერ მეგი გაბუნიას ფოტოსესიაში მონაწილე ბებიები სწორედ ასაკის დამსახურებით მოექცნენ ფოტოობიექტივში. M.G.-მ ახალი კამპანია #გაუთბესიბერე, მას შემდეგ წამოიწყო, რაც დიზაინერს ერთი საინტერესო ამბავი გადახდა – ქუჩაში შემთხვევით მოხუცი გაიცნო. სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო ატვირთა და ბებოს გაცნობის შესახებ პოსტიც დაწერა. ფოტოსესიაში მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი სწორედ ის 83 წლის ლამარა ბებოა, მეორე კი თავად მეგი გაბუნიას 90 წლის ბებია ანჟელაა.
ფოტოსესიის დეტალებსა და მოდელ ბებიებზე მეგი გაბუნიამ “კვირას+”-თან ვრცლად ისაუბრა.
როგორც დიზაინერი ამბობს, აუცილებელია, რომ ასაკის მიუხედავად მოხუცებმაც თავი რეალიზებულად, საჭიროდ იგრძნონ და ამაში მათ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებმა უნდა შეუწყონ ხელი. „ეს საყვარელი ბებო 2 თვის წინ გავიცანი. რუსთაველის გამზირზე იჯდა და ტიროდა.
რა თქმა უნდა, გამოველაპარაკე, დავინტერესდი მიზეზით და გულიც გადამიშალა. ყოველდღიური პრობლემების გარდა მომიყვა ბევრი რამ, მათ შორის ის, რომ ყოველ თვე ბევრი წამლები სჭირდება და ისიც, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს. ბებო ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც უამინდობის დროს ოთახშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ბოლო 3 კვირა ბებოს ვერ დავუკავშირდი, თვითონაც აღარ მეხმიანებოდა, ძალიან ვნერვიულობდი…თურმე ტელეფონი დაუკარგავს და ჩემი შეწუხებაც მოერიდა. მერე შემთხვევით შევხვდი, ისევ რუსთაველზე და მაღაზიაში წამოვიყვანე. მასთან ფოტო გადავიღე და ჩვენი გაცნობის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე. პოსტს ძალიან ბევრი ემოციური გამოხმაურება მოჰყვა. მწერდნენ, ბებოს გაცნობას და მისი დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. შევკრიბე ეს კეთილი ადამიანები. გავაკეთეთ ჯგუფი და ბებოს ვუთხარით, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ და აღარაფრის არ შეეშინდეს. ვერ აღგიწერთ ბებოს სიხარულს და მის ემოციების. ძალიან ბედნიერი იყო.
მომინდა, რომ ასეთი გახარებული ისიც და სხვა მოხუცებიც ხშირად მენახა და გამეკეთებინა უფრო მეტი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ლამარა ბებო ჩემივე შექმნილ სამოსში გადამეღო. მინდოდა თავი უფრო უკეთ, ნამდვილ მოდელად ეგრძნო. მეორე დღესვე ფოტოსესია დავგეგმე. ფოტოსესიაში მონაწილე ერთ-ერთი მოხუცი სწორედ ლამარა ბებოა, მეორე კი ჩემი საკუთარი ბებია ანჟელა, რომელიც 90 წლისაა. ჩემი თანაბარი სიყვარულის გამოსახატად ერთად გადავიღე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ფოტოსესია იყო ჩვენი ბრენდის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ სამ საათს გაგრძელდა, ენერგიულად იმუშავეს. თან თავიანთ ამბებს გვიყვებოდნენ. ორივე მათგანი ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა, ქმრებს დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდნენ, არაერთი სახალისო ისტორიაც მოვისმინეთ.  ფოტოსესიის მთავარი მესიჯი, მოხუცების ყოველდღიურობაში, სხვადასხვა აქტივობაში ჩართვაა. მათაც უნდა იგრძნონ თავი რეალიზებულად და საჭიროდ.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მოხუცს აკლია სითბო და ყურადღება. ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ და როგორც შეგვიძლია, მხიარულება შევიტანოთ მათ ყოველდღიურობაში. ეს ყველაფერი ერთჯერადი არ იქნება.
რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე სხვა ბებია-ბაბუებსაც ჩავრთავთ, იმათ, ვისაც ყურადღება და სითბო აკლიათ და შევეცდებით ყოველდღიურობა გავუხალისოთ “, – ამბობს მეგი გაბუნია.

FB კომენტარები

კომენტარი