ელდარ რიაზანოვი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – კინორეჟისორის ბიოგრაფია

262
SHARE

საბჭოთა რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პოეტი ელდარ რიაზანოვი დღეს, 88 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ელდარ ალექსანდრეს ძე რიაზანოვი 1927 წლის 18 ნოემბერს სამარის ოლქში დაიბადა.
როგორც ცნობილია, ბავშვობაში ჯერ მეზღვაურობაზე ოცნებობდა, შემდეგ მწერლობაზე. თუმცა, საბოლოოდ სარეჟისურა გადაწყვიტა.
რიაზანოვმა რუსულ კინემატოგრაფიაში შექმნა ეპოქა, რომელიც არა მხოლოდ რუსებითვის, მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის საყვარელი და დასამახსოვრებელია. იგი იყო სახალხო რეჟისორი და მის თითქმის ყველა ფილმში ჩანს ყოფითი პრობლემატიკა, დახვეწილი იუმორი, ლირიზმი და შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი.
რიაზანოვმა 1950 წელს კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში, შემდეგ — „მოსფილმში“.
მისი ძირითადი ჟანრული მიმართულება კომედია და სატირა იყო.
“რიაზანოვის ფილმების წარმატების მთავარი მიზეზია მის მიერ შერჩეული თემატიკა და ამ თემატიკის ღრმა პროფესიონალიზმით გადმოცემა. ეს ორივე კინემატოგრაფიული კომპონენტი ერთდროულად არის რიაზანოვის ფილმებში. რეჟისორის ფილმის თემატიკა თითქმის ყოველთვის აღებულია ყოფიერების სიღრმიდან. შარჟისა და სატირის მოხმობით სოციალური პრობლემატიკა რიაზანოვთან ტრანსფორმირდება არა როგორც ზედაპირული კომედია, არამედ – როგორც ლირიზმით და ნატიფი იუმორით შეზავეული ლირიკული დრამა ან კომედია.
დავძენ, რომ მის ფილმებს ხალხი ვერ ივიწყებს. ამ ფილმების დეფიციტი ეკრანზე თითქმის არ იგრძნობა. ერთი შეხედვით სარკასტური, ცინიკური, ზოგ შემთხვევაში დრამატული ფაბულა რიაზანოვის ობიექტივში ტრანსფორმირდება ადამიანთმოყვარეობის კლასიკურ ჰიმნად.227225
მაგალითისთვის მოვიყვან მის ერთ-ერთ ადრინდელ სურათს, “უფრთხილდით ავტომობილს”, სადაც მთავარი გმირი, რომელსაც სმოკტუნოვსკი თამაშობს, იპარავს მანქანებს. ერთი შეხედვით, ვერ თანაუგრძნობ ამგვარ პერსონაჟს, მაგრამ რატომღაც სხვაგვარად ხდება.
მაყურებელი აშკარად ხდება პერსონაჟის მიამიტური ხიბლის “მსხვერპლი” და ფილმის ეპილოგში თავდავიწყებით უყვარდება იგი. რიაზანოვს ყოველთვის არაჩვეულებრივი სცენარები აქვს. იგი თანამშრომლობს ცნობილ სცენარისტ ბრაგინსკისთან და ხშირად მისი თანაავტორიც არის ხოლმე. მის სამსახიობო დასში მუდამ დიდებული მსახიობები არიან, რაც ხელს უწყობს ფილმის წარმატებას: იგორ ილინსკი, ფილმში “საკარნავალო ღამე”, ლუდმილა გურჩენკო, რომელიც რიაზანოვის აღმოჩენაა და პირველად სწორედ ამ ფილმში გამოჩნდა; მე მიმაჩნია, რომ სმოკტუნოვსკი მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა სამსახიობო ოსტატობის ასპექტში.
ფილმისთვის “ბედის ირონია” მან მოიწვია პოლონეთიდან ბარბარა ბრილსკა, ანდრეი მიაგკოვი კი მისი მონაპოვარია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ ანდრეი პროფესიონალი ექიმია, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი რიაზანოვს შეხვდა, მიაგკოვი არაჩვეულებრივ მსახიობად იქცა.
ოლეგ ბასილაშვილთან რიაზანოვს ორი ფილმი აქვს გადაღებული: “სამსახურებრივი რომანი” და “სადგური ორისთვის”. ალისა ფრეინდლიხი, ნიკიტა მიხალკოვი, აღმოაჩინა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფართო ფორმატზე გამოიყვანა ისეთი მსახიობი, როგორიც არის ლია ახეჯანოვა, აბდულოვი, ხაზანოვი. რიაზანოვის ფილმების კომპოზიტორები არიან: პეტროვი, ტარივერდიევი, ხრენნიკოვი.
დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ფილმი მან ქართველ ოპერატორ ლომერ ახვლედიანთან ერთად გადაიღო. იგი ბოლომდე შეიარაღებული მიდის იმ ომში, რომელსაც კინოს გადაღება ჰქვია. რიაზანოვის სურათები მუდმივად ახსოვთ”, – ასე ახასიათებდა ელდარ რიაზანოვს ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე გამოცემასთან “ახალი 7 დღე” .
რიაზანოვმა 30-ზე მეტი ფილმი გადაიღო, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი კინოსურათებია:
1956 წ. – “კარნავალის ღამე”;
1966 წ. – “უფრთხილდი ავტომობილს“;
1973 წ. – “მოხუცი ყაჩაღები”;
1974 წ. – “იტალიელების დაუჯერებელი თავგადასავალი რუსეთში”;
1975 წ. – “ბედის ირონია, ანუ გაამოთ!”;
1977 წ. – “სამსახურებრივი რომანი”;
1979 წ. – “ავტოფარეხი”;
1980 წ. – “საწყალ ჰუსარს სიტყვა შეაწიეთ”;
1982 წ – “ვაგზალი ორისთვის”;
1984 წ. – “სასტიკი რომანსი”;
1988 წ. – “დავიწყებული მელოდია ფლეიტისათვის”;
1988 წ. – “ძვირფასი ელენა სერგეევნა”;
2003 წ. – “საძინებლის გასაღები” და სხვ.

FB კომენტარები

კომენტარი