დღეს სვანეთში “სულების კვირეულია” – გარდაცვლილთა სულები ოჯახებს სტუმრობენ

607
SHARE

18 იანვარს ბალსზემო სვანეთში (ბალსქვემოთ ცოტა განსხვავებულად) სულების კვირეული ,,ლიფაანალ” იწყება. ადრე ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აბსოლუტურად ყველა საოჯახო ნივთი და ავეჯიც კი (სკამ-მაგიდა), რასაც ოჯახი მოიხმარდა, ირეცხებოდა, იხეხებოდა. 18-ში დილიდან იწყებოდა სამზადისი, რომ საღამოს სტუმრებისთვის სუფრა დაეხვედრებინათ, ოღონდ ყველაფერი სამარხვო უნდა ყოფილიყო სუფრაზე. სვანების რწმენით, გარდაცვლილთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობდნენ. 18-დან მომდევნო ორშაბათამდე გრძელდებოდა სტუმრობა. ხდებოდა ისეც, რომ 18 თუ კვირა დღეს ემთხვეოდა, ერთდღიანი იყო… დღეს ეკლესია თვლის, რომ ეს არაა ქრისტიანული მიდგომა, ამიტომ ისეთი შემართებით აღარ აღნიშნავენ, თუმცა ტრადიცია მაინც გრძელდება. გთავაზობთ სვანი მასწავლებლის ლალი მარგიანის მოგონებას ამ დღეებზე:
“ახლა მე ისევ ბავშვობაში უნდა გადავვარდე და ჩემთვის მისტიური, ზოგიერთი თანამედროვესთვის მიუღებელი, წარმართული სარიტუალო დღეები გავიხსენო. ვინც რა უნდა თქვას, არაფერი შავდებოდა ამით, მე დღესაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი, საკუთარი ოჯახი რომ მქონდეს. ახლა ვაპროტესტებთ, თორემ მაშინ არდადეგები საახალწლოდ 24 დეკემბერს იწყებოდა. 11-12 იანვარს კი(ორშაბათი როცა ემთხვეოდა) სწავლა იწყებოდა.
ძველით ახალი წელიც მახსოვს სკოლაში! ყველა გაკვეთილზე ყველა მოსწავლე კანფეტებით ვულოცავდით მასწავლებლებს და გაკვეთილის ბოლოს ტკბილეულით დატვირთულნი სამასწავლებლოსკენ მიემართებოდნენ… ჩვენ კი შესვენებებზე კანფეტებს ვესროდით ერთმანეთს და იყო ერთი ჟრიამული! მაგრამ მე სულ სხვა რამე უნდა გავიხსენო. სულების მოხსენიების კვირეული, “ლიფაანალი’’, რომელიც ძველით ახალი წლის შემდეგ, 18 იანვრის საღამოს იწყებოდა. ამ დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა ოჯახი. სკოლიდან მისულს საოცარი სამზადისი მხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი იმერელია, ზედმიწევნით ასრულებდა ყველა წესს. ცხონებული ბებიაჩემი ხელს არ გაანძრევდა, მხოლოდ მითითებებს გასცემდა, მაგრამ დედას არ სჭირდებოდა რაიმეს შეხსენება. ჩვენც ვიცოდით, რომ რაც მზადდებოდა, არათუ პირი, ხელიც არ უნდა დაგვეკარებინა. სხვანაირი სუნი იდგა მთელი დღეები, რაღაცნაირი მოწიწება და მოკრძალება იგრძნობოდა ურთიერთობაში და ბევრი წლის მერე მივხვდი, იყო რაღაც მისტიკური და განსაკუთრებული ნამდვილად. მოკლედ, 18 იანვარს მაშინ არავინ მარხულობდა და თითზე ჩამოსათვლელმა თუ იცოდა, რომ ნათლისღების წინა დღე მძიმე მარხვა იყო. არადა, ამ დღეს სულ სამარხვო კერძები მზადდებოდა. როგორც ვთქვი, ოჯახში ყველამ იცოდა, რომ ეს კერძები საღამოსთვის იყო განკუთვნილი. როგორც ბებია გვეუბნებოდა, ,,მუშგვრალეშდ’’ (სტუმრებისთვის). საღამოსკენ თითქმის ყველაფერი მზად რომ იყო, ბაბუა ცვილის სანთელს ჩამოქნიდა, დედა პურის ცხობას იწყებდა. პურები თხელი უნდა ყოფილიყო და თითით ჩხვლეტდნენ. რაც უფრო მეტი ნათითური იქნებოდა პურზე, მით უფრო მეტი გაინაწილებსო. პირველი პური აუცილებლად უნდა დაეტეხათ და გარეთ ფანჯრის რაფებზე შემოაწყობდნენ. პურის ცხობის შემდეგ, შებინდებისას იშლებოდა სუფრა, რომელზეც ყველაფერი ჭურჭლით იდგმებოდა და არც პური იჭრებოდა. მაგიდაზე დანა არ უნდა დებულიყო. ბებია ბავშვებს მურს გვისმევდა შუბლზე, ლოგინებზე დანებს ალაგებდა (სულები რომ არ გაკარებოდნენ ლოგინებს), ყველა კარს აღებდა. მაგიდასთან სკამებს ისე ალაგებდა, დაჯდომა რომ ყოფილიყო შესაძლებელი(გამოწევდა). ბაბუა ანთებულ სანთლებს ამაგრებდა კერძებზე, ქალები იჩოქებდნენ, ბავშვებს ,,ფეჩის’’ კუთხესთან გვაყენებდნენ, კაცები სასმისებს იღებდნენ და ბაბუა მასპინძლის შესაფერი სიტყვებით ხვდებოდა “სტუმრებს”, რომლებიც მე არასოდეს დამინახავს, მაგრამ ვგრძნობდი სხვა ატმოსფეროს. ბებიაც რაღაცას ბუტბუტებდა, ალბათ სულებს ეფერებოდა. სანთლები ბოლომდე არ იწვებოდა, რადგან მთელი კვირის მანძილზე ეს სანთლები უნდა დაენთოთ. მერე სუფრასთან ვსხდებოდით, იგონებდნენ მიცვალებულებს და ამ ღამით უნდა მოეყოლათ ზღაპრები, მეზობლები ერთმანეთთან უნდა მისულიყვნენ და არ შეიძლებოდა ხმამაღალი საუბარი, კამათი, ბავშვებიც კი არ ვხმაურობდით ხოლმე. და ამ პირველი საღამოს მისტიკურობა იმაში მდგომარეობდა, რომ აუცილებლად წამოფიფქავდა სწორედ ,,სტუმრების’’ მოსვლისას. ბებია იტყოდა, სულები სუფთა თოვლზე გამოივლიანო… 19-ში ყველაფერი ხსნილით იყო. ოთხშაბათი და პარასკევი – მარხვით. ხოლო შაბათს კვლავ ყველაფერი ახალი მზადდებოდა და “სტუმრები” ,,ლალხორში’’ კრებაზე მიდიოდნენ. იქ წყდებოდა, წლის მანძილზე ვინ უნდა წაეყვანათ ,,დიდ ქვეყანაში” – ასე ამბობდა ბებია. კვირას 4-5 საათისთვის ცხელი ,,თაშმიჯაბი’’ (კარტოფილის და ყველის ნარევი) ან ფაფა უნდა დაეხვედრებინათ სიცივიდან დაბრუნებულთათვის. გვიან კი – ისევ ხორცეული და სხვა კერძები. ორშაბათ დილის რიბირაბოში დგებოდა ან დედა, ან ბაბუა (სანამ ცოცხალი იყო, მერე მამა შეენაცვლა) და ისევ ის რიტუალი სრულდებოდა. მერე სანთლით და ერთი ჭიქა სასმელით, რომელსაც გზადაგზა ძირს ღვრიდნენ, ეზოში გამავალ კარამდე მიდიოდნენ და ამბობდნენ: ,,კარგი ფეხი დაგვიტოვეთ, თუ საკადრისად ვერ გიმასპინძლეთ, მოგვიტევეთო” – და სანთელს კარის მარჯვნივ მიამაგრებდნენ. სტუმრები გვტოვებდნენ და სახლში ჩვეული ატმოსფერო დგებოდა, სიცარიელე ისადგურებდა თითქოს. ახლაც, როცა ამას ვწერ, რაღაცნაირი განცდა მეუფლება და ცხვირში მაშინდელი სუნი მიღიტინებს, რომელიც კარგა ხანია არ მიგრძნია. მე ერთი კვირა ვთქვი, მაგრამ 18 იანვარი ზოგჯერ სამშაბათს, ოთხშაბათს და ა.შ. ხვდებოდა, ანუ მოკლე ,,ლიფაანალი’’ იყო. მახსოვს, კვირა დღეს დაემთხვა და ყველაფერი, მოსვლა, ლალხორში წასვლა ამ ერთ საღამოში ,,ჩაატიეს’’…. უფროსების გადმოცემით, ასეთი მოკლე ,,ლიფაანალი’’ არ იყო კარგის საწინდარი… ამ ყველაფრის თარიღებს მესტიაში ჭიჭიკო მარგიანს ეკითხებოდნენ ხოლმე, რომლის წინაპარიც მღვდელი ყოფილა და ,,წიგნიც აქვსო’’, – ამბობდნენ. მე ჩემი ოჯახის მაგალითით გადმოვეცი ეს სვანური ტრადიცია, სხვას ალბათ რაღაც განსხვავებული ექნება. ბალსქვემო სვანეთში განსხვავებულად წარმართავენ ამ რიტუალს, მაგრამ შინაარსი მიცვალებულთა სულების პატივისცემაა ყველგან. მესტიაში ამ დღეს აპობდა ბაბუა სასაფლაოზე დასანთებ ლამპრებს და ღუმელს უკან დებდა გამოსაშრობად. საფლავებზე კი 15 თებერვალს, მირქმა დღეს გააქვთ ლამპრები. ამ დღეს ,,სვიმნობ’’-ს ეძახიან სვანები…. არაფერი ხდება არაუფლისმიერად, ყველა ტრადიციას რწმენასთან აქვს ღრმა კავშირი, გარდა ბოროტებისა და კაცისკვლისა, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ კარგი, მისაღები ტრადიციები, მე ასე ვფიქრობ…”

წყარო:http://www.shin.ge

FB კომენტარები

კომენტარი