დუტას სამი ჩხუბი პირადი შეურაცხყოფის გამო

118
SHARE

სიტყვა პოპულარობას რომ ვახსენებთ, პირველ სამეულში, ალბათ, ბევრი თქვენგანი დუტა სხირტლაძესდაასახელებს. მისთვის მხოლოდ ერთი სახის პოპულარობა არსებობს და მას დადებითად და უარყოფითად არ ყოფს, ”სტალინიც და ჰიტლერიც პოპულარულები არიან, მაგრამ გორელებს სტალინი უყვართ, ჰიტლერი – არა, ჩემთვის კი ორივე ერთნაირი ტირანი იყო. სულ კითხულობენ, ეროსი მანჯგალაძემ უფრო კარგად ითამაშა აზდაკი თუ რამაზ ჩხიკვაძემ. მე კი მგონია, რომ ეროსის აზდაკი უფრო მაგარი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამაზის რიჩარდ მესამეზე არ ვბოდავ. ორივე პოპულარულია, მაგრამ რაღაც კონკრეტულ მომენტში არ მევასება რამაზი და მომწონს ეროსი. ასე რომ, შევთანხმდეთ, პოპულარობა ერთი ცნებაა, ხან ასეა, ხან – ისე”, – ამბობს მსახიობი

– პირველად პოპულარობა როდის იგრძენი?
– ჩემს პატარა ქალაქში, თელავში. ვიყავი თინასა და დოდიკას შვილიშვილი, ყველა მცნობდა. გვქონდა ჯგუფი ”ღამურები”, რომელიც თელავში ძალიან პოპულარული გახდა. ეს ცნობადობა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გაიზარდა და საყოველთაო პოპულარობა მოვიპოვე ქვეყანაში გადაცემით ”ვის უნდა 20 000”. მანამდე თეატრალური სარდაფის წყალობით ვიწრო წრეში მცნობდნენ. იმაში კი, რომ ყველა მომსალმებოდა, დიდი როლი ითამაშა ტელევიზიამ.

– თავად თუ გქონდა მიზნად სუპერპოპულარობა?
– არ მქონია ამისი ამბიცია. თეატრიდან წასვლა არ მინდოდა. ზუსტად ვიგრძენი, რომ როგორც თეატრის მსახიობისთვის და ზოგადად, როგორც მსახიობისთვის, ეს კარგი არ იქნებოდა. ჩემი თანხმობა დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ თეატრალური სარდაფი პირველი კომერციული ქართული თეატრი იყო, მას სახელმწიფო დაფინანსება არ ჰქონია და შესაბამისად, ტელევიზიაში გამოჩენით მას რეკლამას გავუწევდი.

– ძველი და დღევანდელი დუტა ერთმანეთისგან რით განსხვავდება?
– პრინციპში, არაფრით, შინაგანად ნამდვილად არაფრით განვსხვავდებით. ერთი ისაა, რომ ცოტა დავბერდი, ასაკში ვარ. და იმითაც, რომ ახლა პოპულარული ვარ.

– ”ვის უნდა 20 000”-ის დროს მხოლოდ დადებითად პოპულარული იყავი. მერე გამოჩნდა ნეგატივი…
– ჩემი აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი სახის პოპულარობა, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად აღგიქვამენ, პოზიტიურ აზრს გამოხატავენ ან შენი პოპულარობა აღიზიანებთ. ვფიქრობ, ეს ადამიანების კომპლექსებს უკავშირდება. როცა ადამიანი პოპულარულია და შენ მასზე ცუდად ლაპარაკობ, აგინებ, მის მსგავს პოპულარობას მოიპოვებ. დავუშვათ, რეზო ამაშუკელს დააკლდა პოპულარობა. დაიწყო ყველას გინება, ნაცებიდან მოყოლებული, გნაცებით, შმაცებით დამთავრებული. აგინებს ყველას, ვისიც არ მოერიდება, ვინც რაღაცას აკეთებს. ეს პოპულარობის ძალიან მარტივი ხერხია. აქვე აღვნიშნავ, რომ მას დიდ პატივს ვცემ და მომწონს მისი შემოქმედება, მიყვარს და მეყვარება ყოველთვის იმის მიუხედავად, რომ იცის ხოლმე ლანძღვა. მერე რა,… რეზო ამაშუკელმა მე რომ აღარ მომიხსენიოს, ძალიან მეწყინება, რადგან მინდა, რომ მომიხსენიოს (იღიმის).

– სიტყვა პოპულარობაზე დუტა გაგახსენდება. ყველგან დუტაა……
– უთოშიც კი (იცინის). ვცდილობ, ბავშვებისთვის ისეთი ტიპი ვიყო, რომელსაც მართლა ყველგან დაინახავენ, იმიტომ, რომ ბევრს მუშაობს. მუშაობა არ მეზარება. ერთგვარი პიარია, რომ ყველგან დუტაა, ეს თითქოს დაცინვაა, მაგრამ მადლობა მათ, ვინც ეს გამონათქვამი მოიფიქრა. უთოშიც სიამოვნებით ვიქნებოდი, მაცივრის კარზეც, მეტროშიც გამოვაცხადებდი რამეს, თუკი ეს ადამიანებს პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა. ვისაც ის აღიზიანებს, რატომაა დუტა ყველგან ყოველთვის, მათ ვეტყვი, რომ გუმბარიძის დროიდან სცენაზე ვდგავარ.

– ვისაც არ აღიზიანებს და უბრალოდ, აინტერესებს, ამას როგორ ახერხებ?
– დროის სწორი განაწილებით და შრომით. სამ დღეზე მეტს ვერ ვისვენებ. ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ვმუშაობ.

– რა გავლენა მოახდინა შენს პოპულარობაზე იმან, რომ პოლიტიკური გადაცემა მიგყავს?
– ეგ ჩემთვის ცუდია. პოლიტიკურ გადაცემაში ძალიან არ მინდოდა, მაგრამ მაინც განსხვავებული ფორმატია. ხანდახან ვბრაზდები, მაგალითად, მაშინ, როდესაც ხუბუტიაა სტუმრად. რომ არ ვთქვა ჩემი და ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების სათქმელი, არ შემიძლია. სადღაც გამოკეტილი ტიპი არ ვარ. ბევრს ვურთიერთობ ჩვეულებრივ საზოგადოებასთან, ვიდრე ე.წ. სვეცკებთან. მეზობლებთან კონტაქტი უფრო მახალისებს, ვიდრე ”რა კარგი იყავის” მოსმენა ვინმესგან, თუნდაც შინაურისგან.

– რა დაკარგე და რა შეიძინე პოპულარობით?
– არაფერი დამიკარგავს. ვცდილობდი, ჩემი საქმით მომეპოვებინა პოპულარობა. ჩემთვის ტაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსები. მგონია, როცა არტისტობას ირჩევ, შენი თავი არ გეკუთვნის, რადგან მუშაობ იმისთვის, რომ სხვებმა დაისვენონ. ჭოლამ ეს ყველაფერი ზუსტად ამიხსნა და ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული. ეს არის არტისტის მისია.

– არასდროს გიფიქრია, რომ აღარ გინდოდა პოპულარობა?
– არასოდეს. ვინც ეს გზა აირჩია, კარგისთვისაც და ცუდისთვისაც უნდა მოემზადოს. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ როდესაც ცნობილი ადამიანი ხდები, იმის გამო, რომ შენი თავი საზოგადოებას მიუძღვენი, მისი აზრიც უნდა გაითვალისწინო. მეორე მხრივ, პირადი ცხოვრება თავისუფალია. ახლობელ ადამიანებთან ხარ მხოლოდ ის, რაც ხარ და ორი სხვადასხვა ცხოვრება გაქვს, ერთი საჯარო, მეორე – პირადი, რაც საინტერესოა. მხოლოდ ჩემმა ვიწრო წრემ იცის, რა მურტალი ხასიათი მაქვს.

– პოპულარობა პირადულს არ ვნებს?
– თუ პირადში სწორად ცხოვრობ, წესით, არ უნდა ავნოს.

– ბევრ ქალს მოსწონს დუტა და ამას შენთვის არასდროს უვნია?
– ეს ძალიან მესიამოვნა (იღიმის), ამას ნორმალურად მივიჩნევ. ისე კი არა, რადგან ქალებს მოვწონვარ, ყველასთან ლოგინში უნდა ჩავწვე (იცინის). ქალები, ბავშვები…, ხალხი ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან ქუჩაში და პირდაპირ მეუბნებიან. ხალხის სიყვარული იგრძნობა. ეს ბავშვებიდან უფრო მოდის, ისინი ყველაზე სწორი შემფასებლები არიან.

– ამდენი წლის განმავლობაში რაც გიკეთებია, ყველაზე ახლოს შენთან რა არის?
– იქიდან, რაც ცხოვრების განმავლობაში გამიკეთებია, ყველაზე ახლოს არის სცენა და თეატრი, და შვილები, ცოტა კახურად კი გამომივიდა, მაგრამ ასეა (იღიმის).

– მურტალი ხასიათი მაქვსო, აღნიშნე და რას ნიშნავს?
– რას ნიშნავს და მურტალ ხასიათს – ავი ვარ. მომსვლია ჩხუბი. საცემი მიცემია, ცემა მორევაზეა და გავლახულვარ კიდეც. მოვერევი, მოვერევი, ვერა და მე გავილახები.

– პოპულარობას თუ დაკავშირებია როდისმე კონფლიქტი?
– ბოლო სამი ჩხუბი მხოლოდ ამის გამო მომივიდა. პირდაპირი შეურაცხყოფა მომაყენეს სამივეჯერ და სამივე შემთხვევაში ისეთი ”დავქოთე”, რომ არც ერთი არ მინანია. ბოლო სამი წლის ამბავს ვყვები. ზედმეტი ფამილარობა და დაუკრეფავში გადასვლა იყო მიზეზი, მთვრალ გამოქლიავებულ ადამიანებს რა გამოლევს?

– პოპულარობის გამო არ მორიდებიხარ ჩხუბს?
– არა, რა სისულელეა. ჯერ დუტა ვარ, სხირტლაძე, კაცი ვარ და მერე ცნობილი ადამიანი. კაცს თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ, კაცურად უნდა გასცეს პასუხი, საყურემ არავინ დააბნიოს (იცინის).

– პოპულარობა და ჭორები…
– ჭორებია პოპულარობა. ეს თუ არ არსებობს, არც პოპულარული ხარ. ჩემზე რაც გინდა, ის გამიგია.

– ნაციონალების მხარდამჭერიაო.
– ნაციონალების მხარდამჭერიცა ვარ და ყველასი, როცა კონცერტებს ჩაატარებენ და წამყვანი დასჭირდებათ.

– რა გაგიგია ყველაზე აბსურდული?
– ყველაზე უცნაური იყო შემდეგი ჭორი: მე და ჩემი მეგობარი ბაქა შარაშენიძე სახლიდან გავედით, ბათუმში გავემგზავრეთ. ცოტა ხანში მირეკავს ჩემი ცოლი, თურმე შორენა ბეგაშვილ-თან ერთად გავიპარე. დაურეკეს, არ დაეზარათ, მაგრამ მარინა გამგები ადამიანია და უძლებს ასეთ რაღაცებს. მგონი, ამ ყველაფერს ცნობილი ადამიანები ზედმეტად განიცდიან. ჩემთვის პოპულარობა არაა მთავარი, მთავარია სცენის მტვერიო, რომ ამბობენ…, მტყუანს? და მრავალწერტილი დასვით (იღიმის). რაც მეტი ტაში გექნება, მით მეტად გიხარია, და ისიც, რაც უფრო დიდი როლი გექნება. არავინ თქვას, რომ არ განიცდის, როცა პატარა როლს აძლევენ, თუმცა ეპიზოდური როლის მაგრად გაკეთებაც შეიძლება. არტისტობას რომ ირჩევ, ირჩევ გზას პოპულარობისკენ.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი