დიასახლისის თვალით დანახული ახალი წელი ანუ მზად ვართ, ქეიფისა და “პახმელიისთვის”

387
SHARE

31 დეკემბერს ყველა იმედოვნებდა, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ პირველ იანვარს ძველის გაგრძელების თავიც არა აქვს უმეტესობას.
პირველი იანვარი ყველაზე მოკლე დღეა – საღამოს 4-5 საათზე იწყება

ძველით ახალი წელი ადამიანებმა იმისთვის მოიგონეს, რომ ახალი წლისთვის გაკეთებული კერძები ბოლომდე შეიჭამოს

ვისაც “საბჭოთა” სკოლაში უსწავლია, ყველას ექნება ჩაბარებული ნორმატივი, რომელსაც მშთ ერქვა. ვისთვისაც ეს გაუგებარია, ავხსნი: “მშთ” იშიფრება ასე – “მზად ვარ შრომისა და თავდაცვისათვის” და ამ ნორმატივის ჩაბარება ფიზკულტურის გაკვეთილზე ხდებოდა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში (მაგალითად, 100 მეტრზე სირბილი, 500 მეტრზე სირბილი, სიგრძეზე ხტომა, სიმაღლეზე ჭოკით ხტომა და სხვ.) გამოცდა უნდა ჩაგებარებინა. თუ დაძლევდი, ნიშანსაც მიიღებდი და მშთ ნორმატივიც ჩაბარებულად ჩაგეთვლებოდა. თუ არა და – “საშემოდგომო” გამოგყვებოდა.
georgian supra

წინასაახალწლო მზადების დროს ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველანი ნორმატივს ვაბარებთ, ოღონდ მშთ-ს კი არა – მქპ-ს (მზად ვარ ქეიფისა და “პახმელიისთვის”) და მთელი მონდომებით ვემზადებით, რომ საშემოდგომო არ გამოგვყვეს.
ყველა ფაციფუცობს, ყველგან უამრავი ადამიანია, ქალაქში – საცობები, დიდ სუპერმარკეტებში გასავლელი ადგილიც აღარაა. იყიდება ყველაფერი – ხორცი, ყველი, ლიმონათი, ნაძვის ხეები, საჩუქრები, თოვლის ბაბუები, ნაძვის მოსართავი სათამაშოები, ნათურები და ბენგალიური შუშხუნები…
ყველანი ვფიქრობთ, რომ სწორედ აი, ამ ახალი წლიდან შეიცვლება ცხოვრება და ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნება… იმედიანად შევყურებთ ახალი წლის შემობრძანებას, სანუკვარ სურვილებს ვუთქვამთ… იმისათვის, რომ სურვილები ასრულდეს, სხვადასხვაგვარი “რიტუალიც” კი არსებობს. გასათხოვარი ქალბატონებისთვის ზუსტად 12 საათზე მაგიდის ქვეშ შეძრომაა “რეკომენდებული”, რომ ბედი გაეხსნათ და მამაკაცთა ხროვას (ამ შემთხვევაში მგლის ხროვასთან ასოციაციას ვახდენ და არ უნდა ეწყინოს ძლიერ სქესს) “ჩამორჩენილი”, თუნდაც “დასუსტებული” წევრის გულის მოგება შეძლონ.
ვისაც სიმდიდრე, კარიერული წინსვლა ან სხვა მნიშვნელოვანი სურვილი აქვს, სანამ საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, სურვილი ქაღალდზე უნდა დაწეროს, დაწვას, ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყაროს და ჭიქის ბოლომდე გამოცლა მოასწროს.
თოვლის ბაბუასთვის წერილის მიწერა ხომ ძალიან დიდი ხნის ტრადიციაა… და როგორც ჩანს, ეს უფრო ჭრის, რადგან სურვილები ბავშვებს უფრო უსრულდებათ…

ახალი წლის წინა დღეებში ქალაქში რომ გავივლი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მთელი წელი სწორედ ამ დღისთვის ვცოცხლობდით… დეკემბერი დადგება თუ არა, იწყება იმაზე ფიქრი, რა გვინდა ახალი წლისთვის… თუმცა, ამის გამო გონებას ძალის დატანებაც არ უნდა. დღის ბოლოს ჩახედეთ მობილური ტელეფონის მესიჯების “განყოფილებას” და უბრალოდ, აარჩიეთ! სარეკლამო მესიჯები უხვად იქნება – ფასდაკლება ავეჯზე, ელექტროტექნიკაზე, ფეხსაცმელზე, ტანსაცმელზე, მობილურ ტელეფონებზე… აარჩიე, სულო და გულო, რა გინდა, რამდენი, როგორი…
და იწყება მაღაზიების დალაშქვრა საჩუქრების შესაძენად… თითქოს ახალი წელია აუცილებელი იმისათვის, რომ ახალი დივანი შეიძინო ან ტოსტერი იყიდო… მეუღლეს სანატრელი ტელეფონი, ქურქი ან უთო აჩუქო… ალბათ იმიტომ, რომ ცდილობ, ამ საახალწლო საჩუქრით მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი წყენა დაავიწყო… ერთგვარი ბოდიშივითაა იმისათვის, რაც წლის განმავლობაში დაგიშავებია. ახლა კი, ახალი წლიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება…
დეკემბრის ბოლო კვირაში სასურსათო განყოფილებებთან ისეთი რიგები, ხმაური და აურზაურია, გეგონება, “დიდი შიმშილობა” იწყება და ახლა თუ არ მოიმარაგებ პროდუქტს, შიმშილით სიკვდილი გემუქრება. რაც მთელი წლის განმავლობაში დააგროვე, ახალი წლისთვის უნდა დახარჯო.
გოჭი აუცილებელია… ინდაური? აბა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება ახალი წლის სუფრა? მერე რა, რომ ისეთი ფასები აქვს, განვადებით ყიდვა რომ აჯობებდა…

31 დეკემბრის დილით ყველაფერი შეძენილია და ახალი ბარიერის გადალახვა იწყება…
ხარშვა, შეწვა, დაბრაწვა, ცხობა, თუხთუხი…
საქართველოში ხომ ახალი წელი უფრო ზღვარგადასულ ჭამა-სმასთან ასოცირდება…
შუბლზე ოფლმომსკდარი დიასახლისები ცდილობენ, ყველაფერი მოასწრონ. დრო არ იცდის, მარათონის მეორე ეტაპი კი ზუსტად 12 საათზე სრულდება და იწყება მესამე, ყველაზე მთავარი ეტაპი, რისთვისაც მთელი წელი ვემზადებოდით, – ახალი ცხოვრება იწყება, ახალი იმედებით სავსე.
და “ახალი ცხოვრების” დაწყებას დიდი ჭამა-სმითა და ღრეობით აღვნიშნავთ…
პირველი იანვრის დილას გარეთ გასულხართ? საოცარია ქალაქი ამ დროს… წიწვებისა და მანდარინის სუნი ტრიალებს, ქუჩები ადამიანებისგან დაცლილია, პეტარდებისა და სხვადასხვა “ბომბაჩკის” ნაფლეთებია მიმოფენილი… ქალაქი ფაქტობრივად, მკვდარია. ყველა მაღაზია და ოფისი გამოკეტილია… თუმცა, რა აზრი აქვს, მაღაზიები მაინც დაცარიელებულია და სულითა და გულით რომ გინდოდეს, ვერაფერს შეიძენ… ტკბილეულისა და ძეხვეულის ნარჩენებია მხოლოდ… პურის ყიდვაზე არც იოცნებოთ… თუ საკუთარი მანქანა არ გყავთ, არც სადმე წასვლაზე იოცნებოთ – საზოგადოებირვი ტრანსპორტი არ მოძრაობს…
წინა წლებში არ მინახავს, მაგრამ წელს მობანცალე თოვლის ბაბუა შემხვდა, ღიღინით რომ მიუყვებოდა ქუჩას…

ამ დღეს ტელეფონსაც არავინ პასუხობს შუადღემდე…
31 დეკემბერს ყველა იმედოვნებდა, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ პირველ იანვარს ძველის გაგრძელების თავიც არა აქვს უმეტესობას. jiuyt
პირველი იანვარი ყველაზე მოკლე დღეა – საღამოს 4-5 საათზე იწყება.
ამ დროს ატყდება ტელეფონის რეკვა, ერთმანეთთან გადაპატიჟება…
იმას, რაც შევწვით, მოვხარშეთ და გამოვაცხვეთ, ბუნებრივია, მარტოები ვერ მოვერევით და დასახმარებლად მეგობრებს ვუხმობთ, მაგრამ იმათაც ხომ შეწვეს და მოხარშეს? ამიტომ გაუთავებელი – “არა, შენ მოდი ჩემთან” და “აქედან ყველა მივდივართ ჩემთან” იწყება…
ასე გრძელდება სულ ცოტა, 2 დღე მაინც… ეს – ოფიციალურად, ისე კი ძველით ახალი წელი ადამიანებმა იმისთვის მოიგონეს, რომ ახალი წლისთვის გაკეთებული კერძები ბოლომდე შეიჭამოს. 2-დან 14 იანვრამდე პერიოდს მე – “ჭამე, თორემ გაფუჭდებას” ვუწოდებ…
3 იანვარს ყველა “თავმოყვარე” ოფისი იხსნება და მუშაობს, ოღონდ თანამშრომლები ისეთი სახეებით სხედან, თავს დამნაშავედ გრძნობ, თუ მათი მომსახურება დაგჭირდა და ოფისის კარი შეაღე…

“გილოცავთ”, – ეუბნები და ისე ჟღერს, თითქოს გადარჩენას ულოცავ, მარათონის დასრულებას, მქპ ნორმატივის წარმატებით ჩაბარებას…
ახალ წელს ღირსეულად შევხვდით… დავსხედით სუფრასთან, ვჭამეთ, ვსვით, შუშხუნები ავაგიზგიზეთ… სტუმრად წავედით, “პახმელიაზეც” გამოვედით და სამსახურშიც… “ფეისბუკში” ახალი ალბომებიც შეიქმნა, სახელწოდებით – “ახალი წელი 2014″…
და – რა?
აღმოჩნდება, რომ ცხოვრება ისევ თავისი გზით მიდის და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ არანაირი სასწაული არ მოხდა… ჩვეულებრივი დღეები იწყება, ძველი პრობლემებითა და ყოველდღიური რუტინით… ფრაზა – “ხელფასამდე რა გვეშველება?” ყველაზე აქტუალურია… მთავარია, “საშემოდგომო” არ გამოგვყვა და საახალწლო მარათონი ღირსეულად დავძლიეთ…

6492381_არ მინდა, დასასრულმა პესიმისტურად გაგაწყოთ… უბრალოდ, მგონია, რომ ხშირად ზომიერების გრძნობა გვღალატობს – ბოლომდე ვიცით ქართველებმა დახარჯვა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით…
“საახალწლო ზღაპარი – 2015” დასრულდა და როგორც კი გონზე მოვალთ, ვიწყებთ წუწუნს, დიეტაზე ყოფნას (აბა, ხომ უნდა დავიკლოთ ის კილოგრამები, რაც საახალწლოდ შემოვიმატეთ) და რაც მთავარია – მზადებას მომავალი, 2016 წლისთვის!
ბედნიერ წელიწადს გისურვებთ და ყველა იმედის გამართლებას, რომელიც 2015 წელს “შეუკვეთეთ”…

P.S. ზღაპარი როგორ სრულდება, ყველამ ვიცით, მაგრამ რადგან ახალი წელია, “ჭირისთვის” და ქატოსთვის არც “იქა” მყოფნი მემეტებიან, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ცოტა შევცვლი: “ლხინი იქა, ლხინი აქა, პური იქა, პური აქა!”

წყარო: www.gzapress.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი