“დედას ვატყუებდი, რომ მე გოგოები მომწონდა” – ტრანსგენდერი ქალის ემოციური სიტყვები დედაზე

450
SHARE

ტრანსგენდერი ქალი, მადონა კიპაროიძე „რადიო თავისუფლებასთან“ დედაზე საუბრობს:

„ჩემს ცხოვრებაზე მოგიყვებით. 2014 წლის ზაფხულს გადავწყვიტე, დედაჩემისთვის ის საიდუმლო გამემხილა, რისი დამალვაც ასე ძალიან მიჭირდა. მრცხვენოდა, რომ ვმალავდი.

ყოველდღე სინდისი უფრო და უფრო მქენჯნიდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედა ჩემს ორიენტაციაზე ჩემი საეჭვო ქცევის გამო კითხვებს მისვამდა. მე კი მას ყოველდღიურად ვუყურებდი თვალებში და ვატყუებდი, რომ მე გოგოები მომწონდა და არანაირი „გადახრა“ არ მჭირდა. მე დედა უზომოდ მიყვარდა და მიყვარს კიდეც. ყოველ ღამეს მესიზმრებოდა, როგორ ვეუბნებოდი სიმართლეს დედას და როგორ ვკარგავდი მას.

ამას მოყვა 2013 წლის ლგბტ სიამაყის მარშის დარბევები, სადაც ჩემნაირ ადამიანებს დასცინოდნენ, სცემდნენ და ხალხი ჩემს სამეზობლოში განიხილავდა, რომ ეგენი დასაწვავები იყვნენ. ვუსმენდი ხალხს და ჩემი თავის მრცხვენოდა, რადგან ჩემი თემის წევრებს ლანძღავდნენ და ხმას ვერ ვიღებდი. მეშინოდა, რომ დედაჩემზე არ ეთქვათ –  ბოზიაო ან კარგი დედა არ არისო. ვერ ავიტანდი, ჩემს უძლიერეს დედაზე ასე ეთქვათ.

ბოლოს დედას თვალებში ვეღარ ვუყურებდი. ერთხელ დედაჩემმა გაბრაზებით მკითხა – ქალი ხარ თუ კაციო, ამ დროს ყველაფერი ერთად გაქრა და ცარიელი სხეულის განცდა მქონდა, წამებში გავიაზრე, რომ სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დედას სიმართლე ვუთხარი და ამ სიმართლის გამო სახლიდან წასვლა მომიწია, დედამ მითხრა, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო“, – ჰყვება ტრანსგენდერი ქალი, მადონა კიპაროიძე „რადიო თავისუფლებასთან“.

FB კომენტარები

კომენტარი