“დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო, ხშირად სადილის გარეშე ვრჩები” – ზაქარია ქუცნაშვილი ჯანსაღ კვებაზე

1853
SHARE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, კვებას მკაცრად აკონტროლებს, ვარჯიშობს, სიგარეტს არ ეწევა და ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სწყალობს. თუ ჰკითხავთ, რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეუძლია პუნქტებად ჩამოგიყვეთ, მაგალითად, ასე:
“ჯანსაღი ცხოვრება არის სწორად განაწილებული დრო, კარგად ორგანიზებული შრომა, სწორი და დროული კვება, ვარჯიში და რამდენადაც შესაძლებელია, მავნე ზეგავლენის მომტანი ფაქტორების არიდება. მოკლედ, სწორი ქცევა და სწორი კვება”.
ამ რეჟიმის დაცვაში ცოლი მაქსიმალურად ეხმარება.
ინტერვიუში, ბუნებრივია, გვერდი ვერ ავურიეთ საჯარო სივრცეში სიგარეტის მოწევის აკრძალვას, ასევე უმრავლესობის დეპუტატის, გუგული მაღრაძის, ინიციატივას, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილეულის ნაწარმზე ფასი და გადასახადია დასარეგულირებელი.

– ბატონო ზაქარია, გამოგდით ჯანსაღი ცხოვრება ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში?

– ძალიან მიჭირს რეჟიმის დაცვა, თუმცა საჭმელების შესაბამისობა მნიშვნელოვნად მოვაწესრიგე. ვიცი, ხორცი რასთან ერთად უნდა შევჭამო, თევზი – რასთან, ბოსტნეული – რასთან და ა.შ. ჩემი ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ რთულია, რადგან არ ვეკუთვნი საკუთარ თავს.

– აბა, ვის ეკუთვნით?

– ამომრჩეველს, მათი რეჟიმით მიწევს ცხოვრება. პოლიტიკა, განსაკუთრებით წარმომადგენლობითი საქმიანობა, რთულია. ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვს და არ შეუძლია ამომრჩევლის ცხოვრებით ცხოვრება, არ ვურჩევ ამ საქმეში ჩართვას. გაუჭირდება.

– თქვენი დღევანდელი სტატუსი, თანამდებობა და პოპულარობა რაში გიშლით ხელს?

– პირად ცხოვრებაში. პირადი ცხოვრება თითქმის აღარ მაქვს და თუ მაქვს, მხოლოდ რამდენიმესაათიანი ურთიერთობა მთელი კვირის განმავლობაში. სახლში რომ მივდივარ, ბავშვებს სძინავთ, ოჯახს მოწყვეტილი ვარ. საქართველოს ხუთ დასახლებულ პუნქტში ვმუშაობ – თბილისში, ქუთაისში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში. წარმოიდგინეთ, მარტო გადაადგილებას რამდენი დრო მიაქვს.

– ცოლი უწყობს ფეხს თქვენს ამ რიტმს?

– მეუღლე ყველაფერში ხელს მიწყობს. ცდილობს, იქ იდგეს, სადაც მე ვარ. მე ამომრჩევლის ინტერესის მიხედვით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე – ჩემი ინტერესების მიხედვით.

– ასეთ რეჟიმში კვება როგორი გაქვთ?

– ვცდილობ, სახლიდან გამოსვლამდე ვისაუზმო. დაძაბული სამუშაო რეჟიმის და პარლამენტში შესვენების კულტურის არარსებობის გამო, ხშირად სადილის გარეშე ვრჩები.

– 7 საათის მერე აღარ ჭამთ?

– ვცდილობ, რომ აღარ შევჭამო.

– დიეტაზე ხომ არ ხართ?

– დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ სწორი კვების წესებს ვიცავ. საღამოს მსუბუქად უნდა ჭამო.

– მთიელი კაცი ხართ, ხინკალი გეყვარებათ.

– ხინკალი მიყვარს და განსაკუთრებით დედის გაკეთებული.

– ხინკლის მოხვევა თუ იცით?

– მოხვევა არ ვიცი.

– ჯანსაღ საკვებად ითვლება ხინკალი?

– მოხარშული ხორცის პროდუქტი სასარგებლოა. ყველა გურმანს ვურჩევ, უპირატესობა მწვანილიან ხინკალს მიანიჭონ. მწვანილი ორგანიზმს ხორცის მონელებაში ეხმარება და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

– სპორტდარაბზებში დადიხართ, ვარჯიშს ახერხებთ?

– სპორტდარბაზში არ დავდივარ. სახლში მაქვს სავარჯიშო ოთახი. ვაკეთებ აუცილებელ ვარჯიშებს, რაც ორგანიზმს სჭირდება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხანდახან ჩემი 15 წლის ბიჭი ახალ ვარჯიშებს მასწავლის.
– რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი კოლეგის, გუგული მაღრაძის, ინიციატივაზე, რომელმაც თქვა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად რეგულაციებია საჭირო, ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ტკბილეულის ნაწარმზე ფასი და გადასახადი. ეთანხმებით მის ამ მოსაზრებას?
– ქალბატონი გუგული სერიოზული პიროვნებაა და არა მგონია, ასეთ კანონპროექტზე ფიქრობდეს. როგორც ექიმები ამბობენ, სიმსუქნე ხშირ შემთხვევაში რომელიმე დაავადებით ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით არის გამოწვეული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მსუნაგობის და სიზარმაცის შედეგია. გენეტიკაც თავისას შვრება და ა.შ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მსუქნები ძალიან კეთილი ადამიანები არიან, ისინი მომწონს და მიყვარს.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, სტუდენტობის დროს მარიხუანა მომიწევიაო. ახლა როგორი დამოკიდებულება გაქვთ მარიხუანის მიმართ?

– გავსინჯე. ამას მოწევას ვერ დავარქმევ იმის გამო, რომ ერთხელ მოხდა. ხუმრობის საგანიც კი გახდა, როგორ შეიძლება გასინჯო და არ მოწიო. ქართული ენა უნდა იცოდე, რომ განასხვავო გასინჯვა, როგორც ერთჯერადი აქტი, რითი განსხვავდება სისტემატური ქცევისაგან. არც გასინჯვას ვურჩევ ვინმეს და არც მოწევას. ვფიქრობ, ღვთიური სითხე, ანუ ღვინო, არის საუკეთესო საშუალება გართობისთვის.

– რაიონებში როცა ჩადიხართ, შეხვედრების დროს გიწევთ დალევა?

– ზოგჯერ მიწევს, მაგრამ ვცდილობ, რამდენიმე ჭიქით შემოვიფარგლო.

– როგორი სიმთვრალე გაქვთ?

– ძალიან მშვიდი ვარ და ჩემი ბავშვები ყოველთვის სარგებლობენ ამ მდგომარეობით, რადგან იციან, რომ ამ დროს მათ საჭიროზე მეტ ფულს ვჩუქნი.

– საჯარო სივრცეში სიგარეტის მოწევის აკრძალვაზე რას ფიქრობთ?

– მივესალმები. ყოველწლიურად დაახლოებით 110 ადამიანი გვეღუპება მკვლელობის გამო, 600-მდე ადამიანი – ავტოსაგზაო შემთხვევის, ხოლო 13000-მდე – თამბაქოს მავნე ზეგავლენის მიზეზით. მოწევის გამო ყოველწლიურად საქართველოს ერთი ქალაქი ნადგურდება. 2020 წელს შევადარებთ სტატისტიკის მონაცემებს და დარწმუნებული ვარ, დავინახავთ, თუ რამდენად შემცირდება თამბაქოს მოწევის გამო დაღუპულთა რაოდენობა.

– თქვენი აზრით, მწეველები ასე ადვილად გადააგდებენ სიგარეტს?

– თქვენ შეამჩნევდით, რომ ხალხმა აივანზე სიარული დაიწყო. რესტორნების, კაფეების და სხვა დახურული სივრცეების ჰაერი გაიწმინდა. დამერწმუნეთ, ბევრი სიზარმაცის გამო დაანებებს მოწევას თავს.

– თუმცა სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ ამ საკითხს, ირღვევა მწეველთა უფლებებიც.

– არა, რადგან თუ პროდუქცია მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სახელმწიფოს აქვს ჩარევის უფლება. რატომ არის, რომ ნასვამ ადამიანს ავტომობილის მართვის უფლებას ვუკრძალავთ? იმიტომ, რომ მას კონცენტრაციის უნარი აქვს დაქვეითებული ან განულებული. საფრთხეს უქმნის როგორც სხვის, ასევე საკუთარ სიცოცხლესაც.
უფრო მეტიც, თანამედროვე მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ ნებაყოფლობითი ტრეფიკინგი და პროსტიტუცია აკრძალურ ქმედებად გამოაცხადა. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ, სიდუხჭირის გამო ნებაყოფლობით რომ გინდოდეთ საბერძნეთში ფორთოხლის პლანტაციაში წასვლა და მონური შრომის გაწევა, ეს უკვე დასჯადია.

– რატომ? ხალხი ხომ თავისი სურვილით მიდის სამუშაოდ. არ დაგვავიწყდეს, რომ მილიონობით ემიგრანტი გვყავს უცხოეთში.

– დიახ, მაგრამ ეს არის თანამედროვე ცხოვრების ახალი სტანდარტები.
მონური შრომა იმას ნიშნავს, როცა ადამიანს უნაზღაურებენ იმაზე ბევრად ნაკლებს, ვიდრე იმავე რეგიონში იმავე საქმისათვის სხვებს უხდიან. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევენ ჭამის უფლებას და ა.შ.

– ახლა იმაზე გკითხავთ, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შაქარიას რატომ გეძახით.

– ზაქარია-შაქარია – ეს ბატონი ბიძინას ფრაზაა, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს და უამრავი მოწმე ჰყავს. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიკითხავს ბატონი ბიძინასთვის, თუ რატომ მეძახის ზაქარია-შაქარიას.

– შაქარივით ტკბილი ხართ?

– შაქარივით ტკბილი ყოველთვის არ ვარ.

– როდის დაგარქვათ ეს სახელი?

– 6 წლის წინ და დღემდე ასე მეძახის.

წყარო:http://sarkenews.ge 

Comments

comments