დასტინ ჰოფმანი: “წარმატება რყვნის”

178
SHARE
BEVERLY HILLS, CA - OCTOBER 30: Dustin Hoffman arrives at the BAFTA Los Angeles Jaguar Britannia Awards held at The Beverly Hilton Hotel on October 30, 2014 in Beverly Hills, California. (Photo by Michael Tran/FilmMagic)

ოდესმე ყოფილხართ ფსიქოთერაპიაზე?

მთელი ცხოვრება დავდივარ. პირველად თერაპია მრავალწლიანი წარუმატებელი სამსახიობო კარიერის გამო დავიწყე. კურსდამთავრებულის შემდეგ კი წარმატება მოვიდა, მაგრამ ამან ჩემი ანალიზის უნარი შეიწირა. სად აღარ მიწევდა გადაღებებზე სიარული, ჩემი თერაპევტი კი ნიუ-იორკში იყო.
თერაპიებზე რა ისწავლეთ?
ის, რომ არსებობს ცნობიერი, ქვეცნობიერი და შეუცნობელი. თუმცა, თუ ჩაუღრმავდები, ეს შეუცნობელიც შესაცნობი ხდება. ისიც მესმის, რომ ხანდახან არ გვინდა ჩვენს თავზე მტკივნეული სიმართლის გაგება და ეს ბუნებრივია…
დაგეხმარათ ეს ყველაფერი?
ვფიქრობ, რომ თერაპიის გარეშე შანსი არ მქონდა.
ცხოვრებასთან გასამკლავებლად?
არა, ხელმოცარულობასთან.
მაგრამ თქვენზე ვერ ვიტყვით, რომ ხელმოცარული ხართ…
ვიყავი. თორმეტი წელი. კარიერის დასაწყისში, მთელი ეს წლები უმუშევარი მსახიობი გახლდით და შემდეგ იყო – კურსდამთავრებული, რომელმაც წარმატება მომიტანა.

წარმატებამ გაგაბედნიერათ?
არა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც სწავლობ, როდესაც ცნობილი ხდები, ისაა, რომ ეს ყველაფერი მითია და სინამდვილეში არაფერიც არ იცვლება. მახსოვს, როდესაც სულ პირველად მივედი თერაპიაზე, დაახლოებით ოცი წლის ასაკში, თერაპევტმა მკითხა: რა გინდა ცხოვრებისგან? და მე ვუპასუხე: მინდა, მთელი ცხოვრება ჩემი საქმე მქონდეს, კარგი ოჯახი შევქმნა და იმდენი ფული ვიშოვო, რომ ნიუ-იორკში სახლი ვიყიდო. თუმცა, როგორც კი ეს ყველაფერი მივიღე, მივხვდი, რომ არაფერი შეცვლილა.
თქვენი სურვილი, რომ თქვენი საქმე გქონოდათ, შესრულდა. ყოფილა მომენტი, როცა მსახიობობა აღარ გდომებიათ?
ერთხელ ნამდვილი კრიზისი მქონდა. სამ წელზე მეტ ხანს მუშაობა შევწყვიტე, რადგან თავს პარალიზებულად ვგრძნობდი. საინტერესო ის იყო, რომ ამ პერიოდში ამერიკული კინოს ინსტიტუტისგან ჯილდო მივიღე. ცერემონიის დროს ხალხით სავსე ოთახში შევედი, სმოკინგში გამოწყობილი და კედლებზე ყველა იმ გმირის ფოტო დავინახე, რომელიც ოდესმე მითამაშია. ამან, შეიძლება ითქვას, დამანგრია. თავი ცუდად ვიგრძენი. ყოველთვის მაინტერესებდა, რას გულისხმობდნენ ადამიანები, როცა ამბობდნენ, რომ პანიკის შეტევა ჰქონდათ და ეს იმ ღამეს გავიგე… როდესაც სახლში დავბრუნდი, სასწრაფოდ გავიხადე სმოკინგი და სწორედ ამ დროს, ჩემს საძინებელში პანიკის შეტევა დამეწყო. საშინელება იყო, ასეთი რამ არასდროს დამმართნია.
ნამდვილად საშინელება იქნებოდა…
იმ ღამეს მივხვდი, რომ მსგავსმა მდგომარეობამ მართლა შეიძლება ფანჯრიდან გადახტომისკენ გიბიძგოს. ეს რაღაც განსაკუთრებული შეგრძნება იყო. იმის ნაცვლად, რომ ჯილდოს მიღებით გახარებული ვყოფილიყავი, გამიჩნდა განცდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა და ვეღარასდროს გავაკეთებდი იმას, რაც ყოველთვის მინდოდა.
რამდენად რთულია გულწრფელობა თქვენს პროფესიაში?
წარმატება რყვნის. ვარსკვლავობაც რყვნის. ამას როგორ შეაჩერებ? თანდათან კარგავ სისუფთავეს. როდესაც სხვა მსახიობებთან ერთად ვთამაშობდი ფილმებში, ისინი ამბობდნენ:რეჟისორს სურს, რომ ასე გავაკეთო, ვიცი, რომ ეს არასწორია, ამის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა, სამსახურის დაკარგვა არ მინდა. ვეუბნებოდი, გულწრფელები ყოფილიყვნენ და რასაც ფიქრობდნენ, ის ეთქვათ. სჯობს, სამსახური დაკარგო, ვიდრე ცუდი სამუშაო შეასრულო. მე ყოველთვის ასე მჯეროდა და ახლაც ასე მჯერა.

მსახიობობა მოგბეზრებიათ?
არასდროს. გულწრფელად რომ გითხრათ, ცხოვრებაც არასდროს მომბეზრებია. დეპრესიული და შეშინებული ვყოფილვარ, მაგრამ მოწყენილი – არასდროს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მოხდება მომდევნო დღეს. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ეს მოწყენის საშულებას არ გაძლევს.
მაშინ ასე გკითხავთ: ამდენი წლის შემდეგაც იმავე შემართებით როგორ თამაშობთ?
ჩვენ სხვებისგან განვსხვავდებით. როდესაც ლოურენს ოლივიესთან ერთად ვმუშაობდი ფილმზე, ჩვენ დავმეგობრდით და ერთხელ ვკითხე: “რატომ ვაკეთებთ ამას?” მან ისეთი გულწრფელი პასუხი გამცა, რომ ჟრუანტელმა დამიარა: “შემომხედე, შემომხედე, შემომხედე, შემომხედე, შემომხედე.” ჰოდა პასუხიც ესაა.

წყარო:http://cinemania.adjara.com

FB კომენტარები

კომენტარი