დაგვიანებული ბოდიში

74
SHARE

სამი მწვანე გვქონდა და ერთი სტაფილოსფერი. საახალწლოდ გვიყიდეს. მანამდეც ვაფეთქებდით. გამოზოგვით. სხვადასხვა მეთოდით – ბოთლში. სკოლის ქვეშ რომ სარდაფია, იქ. პარალელურკლასელის კაპუიშონში. პიროტექნიკა. ასაფეთქებლები. მე შევაგდებ! – ვთქვი ოდნავი ყოყმანით, მაგრამ ამაყად. მანამდე ცოტა ვითათბირეთ. მეზობლებმა. ბავშვებმა. კაშუტიჩს, უბნის გიჟს, ავთო ცერცვაძეს პირი ღია ჰქონდა და ისე ეძინა. დედამისი მეორე სართულზე წვებოდა. ეს ქვევით, ტელევიზორთან, დაღლილ ტახტზე. თვითონც დაღლილი. რაღაც უცხოთი. ეძინა კაშუტს. შეიძლება ის რუსი გოგო ესიზმრებოდა, ჯარში ყოფნისას, სოფელში წყლის დასალევად რომ შევიდნენ და ღუმელთან ოდნავ გაკვირვებული იჯდა. შეიძლება ჭიდაობა, რომელსაც გაგიჟდადა ვერ გაყვა. შეიძლება კარაქი ესიზმრებოდა. კარაქის ჭამაც განსაკუთრებით უყვარდა. ან ყავა ხუთი კოვზი შაქრით. შეიძლება არაფერი ესიზმრებოდა. კაშუტს ეძინა. შევაგდე და კაშუტი გამოვარდა. ჩვენც გავვარდით. წამით მოვიხედე უკან, კაშუტიჩი იყურებოდა სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და მომეჩვენა, რომ ცახცახებდა. მესამე დღეს სკოლიდან მომავალს და უცებ მითხრა: არ გინდა ბუძია მაი შენ. მივიღე უტიფარი სახე, მე არ ვყოფილვარ ავთოია– უნდა მეთქვა, მაგრამ სწრაფად ჩამიარა. მომეჩვენა, რომ ისევ ცახცახებდა. გუშინ კაშუტიჩი მომკვდარა. უბნის გიჟი. მე დაგვიანებული ბოდიში უნდა შევუთვალო, სიცოცხლეში ვერ შევძელი. ალბათ ასე უფრო ადვილია.
გიორგი კეკელიძე

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი